სამწუხაროდ, აშკარა ხდება, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის (და, ალბათ, არა მარტო) მთავარი მამოძრავებელი ძალა დღემდე მისი იმპერიული ამბიციებია. XIX ს-ის დასაწყისიდან საქართველოს დაპყრობაც ამ მიზნით დაიწყო. საქართველო «კავკასიის გასაღები» იყო ყოველთვის და კავკასიაში გაბატონებისათვის მისი დაუფლება აუცილებელი წინაპირობა იყო. გაუმართლებელი მტკიცებაა, რომ რუსეთი ამ დროს მხოლოდ ბალკანეთით იყო დაინტერესებული. გაძლიერების გზაზე მდგომმა ჩრდილოეთის იმპერიამ იმხანად თავისთავში ისეთი ძალის მოზვავება იგრძნო, რომ ექსპანსია სამხრეთისაკენ, შავი ზღვის ორივე მხარეს განავითარა: დასავლეთით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთით ამიერკავკასიაში. ეს იყო ორივე მიმართულებით ამოქმედებული ერთი სტრატეგიული ინტერესი. ამ ორი მიმართულებიდან რუსეთი ერთ მეტოქეს, ოსმალეთს ავიწროვებდა. ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების დაპყრობის შემდეგ რუსეთი უშუალოდ ოსმალეთის სამფლობელოებზე ახორციელებს შეტევებს. ამიტომაც რუსეთ-თურქეთის ომები ამ დროიდან მოყოლებული, როგორც წესი, ორ, ბალკანეთისა და კავკასიის ფრონტებზე მიმდინარეობდა. თუ რუსეთს მხოლოდ ბალკანეთი აინტერესებდა, რატომ მოქმედებდა ასე აქტიურად (ყველანაირი თვალსაზრისით) კავკასიაში? რატომ გაგრძელდა კავკასიის ომი (ანუ კავკასიის დაპყრობის პროცესი) «ას წელზე მეტ ხანს»? პასუხები ამ კითხვებზე თავისთავად ნათელია. იქნებ ბ-მა მარკოვმა დაგვიზუსტოს, რას გვსაყვედურობს ქართველებს, იმას რომ რუსეთი კავკასიის დაპყრობით ომში საქართველოს გამო ჩაება, თუ ეს ომი ამდენი ხნით რომ გაუჭიანურდა? მაგრამ პასუხისათვის შეუძლია თავი არ შეიწუხოს. ორივე შემთხვევაში აბსურდულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე. რუსეთმა კავკასიის დაპყრობის მცდელობა საქართველოში შემოსვლამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. «თბილი ზღვებისა» და კავკასიის პლაცდარმის ხელში ჩაგდების გარეშე რუსეთი ვერ ჩამოყალიბდებოდა მსოფლიო მნიშვნელობის იმპერიად, რასაც იგი ესოდენ ესწრაფვოდა. ამის დამადასტურებელი მაგალითების მოყვანით თავს არ შეგაწყენთ. რაც შეეხება კავკასიის დაპყრობის გაჭიანურებას, რუსეთმა საქართველოს დაუფლების შედეგად რკალში მოქცეული და მთებში მომწყვდეული ერთი მხრივ ჩეჩნებისა და დაღესტნელების და მეორე მხრივ ჩერქეზ-ადიღეელების დამარცხებას ცალ-ცალკე ოცდაათ-ოცდაათი წელი მოანდომა. თუ ამას დავუმატებთ ქართველი გენერლებისა და ოფიცრების თავგამოდებას რუსეთის არმიის რიგებში, საერთოდ საეჭვო ხდება, შეძლებდა კი რუსეთი საქართველოს დაუფლების გარეშე თავისუფლებისმოყვარე მამაცი მთიელებით დასახლებულ კავკასიის დამორჩილებას?
ასეთია დამპყრობლის ლოგიკა. თან გიპყრობს, თავისუფლებას გართმევს, სახელმწიფოებრიობას გიუქმებს, ერთიანი ქართული ორგანიზმის დასარღვევად ათასნაირ დივერსიას მიმართავს, შემდეგ ძალ-ღონეს არ იშურებს, შენი მშობლიური ენა წაგართვას, ქართული ცნობიერება და თვითშეგნება გულიდან და გონებიდან ამოგიშანთოს. ყველაფერს იზამს, საკუთარ ისტორიას ბოლომდე თუ ვერ დაგავიწყებს, ისე დაგიმახინჯოს, თავისუფლების იდეა საშვილიშვილოდ ამოგიგდოს თავიდან და დამპყრობლის წინაშე მუდმივად დავალებულად გაგრძნობინოს თავი. აბა როგორ, ამხელა სიკეთე გაგიკეთა, შენი კეთილდღეობისათვის რამდენი დაბრკოლების გადალახვა და სისხლისღვრა მოუწია. თან წარამარა დაგამადლის ამ «სიკეთეს» და დაგაყვედრის თავის იმპერიულ მარწუხებში «დიდსულოვნად მიღებას» ისევ შენს საკეთილდღეოდ.
რაც შეეხება ქრისტიანობის დაცვას, ამაზეც ორი სიტყვით შეიძლება ითქვას ყველაფერი: 1811 წელს რუსეთმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკლესიას, როდესაც გააუქმა მისი ავტოკეფალია (თვითმმართველობა) და ყოველნაირად დაიწყო მისი შევიწროვება, პირველ რიგში კი აკრძალა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა და ქადაგება.
როცა ერმა საკუთარი ისტორია კარგად იცის, მომავალში შეცდომებსაც ნაკლებად დაუშვებს, მისი მოტყუებაც არც ისე ადვილი იქნება. ნუ გავხლეჩთ ისტორიას საჯარო და სამეცნიერო ნაწილებად, იმ მოტივით, რომ ფართო საზოგადოებას ყველაფერი არ უნდა გავუმხილოთ. მივიღოთ ისტორია ისეთი, როგორიც არის, შელამაზებისა და გადაკეთების გარეშე. მივუდგეთ მას კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად და ყველაფერს ფაქტები გვეტყვიან თავისთავად.
|