საქართველოს ძველი ისტორიის შედარებით უკეთ წარმოსაჩენად, ძველ ქართულ საისტორიო წყაროთა მონაცემებთან ერთად უცხოენოვან ავტორთა ცნობებს, როგორც ცნობილია, დიდი, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, XIX საუკუნის დამდეგიდან მოკიდებული საქართველოს ძველი ისტორიით დაინტერესებული მკვლევრები გულმოდგინედ ცდილობდნენ თხრობა უცხოენოვან წყაროებში მიკვლეული ცნობებით გაემდიდრებინათ. ასეთი მცდელობის მიუხედავად, VII ს. ბიზანტიელი ავტორის – თეოფილაქტე სიმოკატას „ისტორიაში" არსებული მითითება თურქთა მიერ „კოლხთა ბელადებისა" და „სამასი ათასი კოლხის ამოხოცვის" შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიას დღემდე ყურადღების მიღმა დარჩა.