RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » სტატიები » საინსტიტუტო საუბრები

საინსტიტუტო საუბრები

საინსტიტუტო საუბრები

სემინარის თარიღი – 2019 წლის 5 აპრილი

თემა – „ქართული ანბანის წარმოშობა: წყაროები და ინტერპრეტაციები“

მომხსენებელი – მარიამ ჩხარტიშვილი

მოხსენების მოკლე შინაარსი

მოხსენების დასაწყისში მომხსენებელმა ისაუბრა ანბანის შექმნის მნიშნელობაზე ადამიანთა საზოგადოებისათვის. კერძოდ, მან განმარტა, რომ თავიდან ანბანური დამწერლობის გაჩენის მიზეზი იყო პრაქტიკული საჭიროება, შემდგომში ანბანის შექმნის მოტივაციად იქცევა კოლექტივის თვითიდენტიფიკაციის სურვილი. ანბანი დაკავშირებულია კოლექტური კულტურული იდენტობის ისეთ ფუნდამენტურ მარკერთან, როგორიც არის ენა. ამგვარად, ანბანის კვლევა სენსიტიური თემაა და განსხვავდება ამ თვალსაზრისით, ბევრი სხვა ისტორიული საკითხისაგან. ქართულ სინამდვილეში ამ თემის სენსიტიურობას აძლიერებს რამდენიმე გარემოება: ა) ქართველებს ახასიათებს გამოკვეთილი ლინგვისტური ნაციონალიზმი; ბ) ქართული წყაროების მიხედვით ქართული ანბანი შეიქმნა იმ დროს, როცა ძალიან ბევრ თანამედროვე ერს არ ჰქონდა ანბანი და ამგვარად, ქართული ანბანი ქართველთა წარმოსახვაში უკავშირდება იდენტობრივი თვალსაზრისით ასევე განსაკუთღებული მნიშვნელობის ფაქტს – გამორჩეულობისა და უნიკალურობის განცდას; გ) სომხური წყაროების უმეტესობის მიხედვით ქართული ანბანის წარმოშობა უკავშირდება სომეხ საეკლესიო მოღვაწეს მესროპ მაშთოცს. სომხები ქართველთათვის წარმოადგენენ ე.წ. „მნიშვნელიოვან სხვას,“ ანუ ერს, რომლის პირისპირ პერმანენტულად იკვეთება ქართველთა თვითობა. ეს ფაქტორიც ზრდის საკითხის სენსიტიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ საკითხის კვლევაში შემოდის მეტამეცნიერული იმპულსები. ეს იმპულსები რამდენიმე შედეგს იწვევს: ნარატიულ წყაროთა ცნობების სრულად იგნორირებას; ნარატიულ წყაროთა ცნობების ნაწილობრივ იგნორირებას. ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია საკითხზე არსებული ლიტერატურის კრიტიკული გააზრებისათვის. აუცილებელია აგრეთვე იმ წნეხის გათვალისწინებაც, რომელიც არსებობდა საბჭოურ მეცნიერებაზე ისეთ ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც შეეძლოთ ხელი შეეწყოთ ეთნოკონფლიქტებისათვის.

შემდეგ მომხსენებელმა ისაუბრა ქართული ანბანის შესწავლის ისტორიაზე. მიუთითა, რომ ძირითადი ყურადღება ექცეოდა თავად ქართული ანბანის ანალიზს. და ეს ხდებოდა არსებითად წერილობით წყაროთა იგნორირების ფონზე. ქართველ მკვლევართა უმეტესობა უგულებელყოფს როგორც ქართული, ისე უმეტესობა სომხური წყაროს მონაცემებს მიაჩნიათ რა, რომ უფრო მეტი სანდოობა აქვს თავად ანბანს, როგორც წყაროს. მომხსენებლის აზრით, ამგვარი მიდგომა ინსპირირებულია მეტამეცნიერული მოტივაციებით და პრინციპულად არ არის სწორი უარყო წერილობითი წყაროების პირდაპირი ჩვენებანი. თავად ანბანის ანალიზს შეუძლია, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოცემა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვერ ხერხდება სიზუსტის დაცვა ან ობიექტურად (ერთი და იგივე ფაქტი მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა) ან სუბიექტურად (მკვლევარი ვერ ახერხებს სათანადო დონეზე კვლევის ჩატარებას). ანუ ანბანის ანალიზით მიღებულ ფაქტებს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა ჰქონდეთ ნარატიულ წყაროთა ინტერპრეტაციით მიღებულ ფაქტებთან მიმართებით.

აქედან გამომდინარე, მომხსენებელმა თავისი კვლევის ფოკუსად აქცია არსებულ წერილობით წყაროთა ინტერპრეტაცია. მისი დასკვნა ისაა, რომ ლეონტი მროველი და კორიუნი, ორივენი ქართული ანბანის ისტორიის შესახებ გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას: ლეონტი გვამცნობს ქართული ანბანის შექმნის დროს და მის ავტორს (მეფე ფარნავაზი, ძვ.წ.IV-III საუკუნეთა მიჯნა), ხოლო კორიუნი – მეხუთე საუკუნის სომეხი საკლესიო მოღვაწის, მეროპ მაშთოცის მცდელობას შეეცვალა წარმართული ქართული ანბანი ახალი ქრისტიანული ანბანით. მესროპის ეს მცდელობა რომ წარმატებული არ შეიძლება ყოფილიყო ამას გვაფიქრებინებს კონტექსტი: სომეხმა მოღვაწემ ქართული არ იცოდა. ამის გარეშე კი ის ანბანს ვერ შექმნიდა. თუ რამდენი შრომა შეალია სომხური ანბანის შექმნას, ეს კარგად ჩანს წყაროდან. ასე რომ წყაროს ინტერპრეტაციის ეს ლოგიკა სწორია. ამას ადასტურებს აგრეთვე თავად შემორჩენილი ქართული ასომთავრული: მასში ვლინდება წარმართული მსოფლხედვა. ამასთან ჩვენ გვაქვს მესამე საუკუნის უცხოური ავთენტური წერილობითი წყაროს პირდაპირი ცნობა იმის შესახებ, რომ რომ ქართველებს მესროპამდე ჰქონდათ ანბანი.

მესროპ მაშთოცის ამ, ერთი შეხედვით, უცნაური გადაწყვეტილების – ჩაენაცვლებინა ქართული ანბანი ახლით – გაგება შესაძლებელია ვრცელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ჩანს, რომ მესროპის აქტივობა უკავშირდებოდა ბიზანტიურ პოლიტიკურ პროექტს რომელიც მიზნად ისახავდა ბიზანტიური კულტურული წრის ფორმირებას. თუმც, შესაძლოა, კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტის არსებობაზეც ვიფიქროთ და მასში ირანის ინტერესების კვალიც დავინახოთ: ანუ, შესაძლოა, ორად გაყოფილი ქვეყნის ანუ სომხეთის მესვეურთა ორმხრივ „თამაშთანაც“ (ორივე იმპერიასთან ურთიერთობის დალაგების სურვილთან) გვქონდეს საქმე. ნებისმიერ შემთხვევაში კონტექსტის გათვალისწინება აუცილებელია.

წარმოდგენილი თვალსაზრისის უპირატესობა არსებულ თვალსაზრისებთა მიმართებით იმაშია, რომ ის არ უგულვებელყოფს შემორჩენილი წყაროების მონაცემებს. პირიქით, მათ სვამს ისტორიულ რეპრეზენტაციაში. ამასთან განუხრელად იცავს ისტორიული კვლევისათის ისეთ უმთავრეს პრინციპს, როგორიცაა „წყაროს უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპი“.

კატეგორია: საინსტიტუტო საუბრები | დაამატა: მამუკა (2019-04-22)
ნანახია: 629 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.