აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1921-1931 წწ.)
აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა დაკავშირებულია საქართველოს იძულებით გასაბჭოებასთან. ბუნებრივია, საბჭოთა ისტორიოგრაფიაში წითელი არმიის საქართველოში ინტერვენცია ინტერპრეტირებულია, როგორც წითელი არმიის მიერ “მშრომელი ხალხისადმი დახმარება”.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საბჭოთა ლიდერები 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრას თავად ახასიათებდნენ ოკუპაციად და ინტერვენციად. მაგალითად, სტალინი მას ოკუპაციას უწოდებდა, ლევ ტროცკი — ინტერვენციას. ფილიპე მახარაძე დაუფარავად ამბობდა, რომ 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოში წითელი არმიის წინააღმდეგ თითქმის მთელი საქართველო აჯანყდა [1, 32].
საქართველოს “გასაბჭოების” პროცესში, კერძოდ 1921 წლის თებერვალში ცალკეული რეგიონების მხარდაჭერა რომ მოეპოვებინათ რუსეთის ზედა ეშელონებში მიიღეს გადაწყვეტილება, აფხაზეთი დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოეცხადებინათ, ხოლო პარტიული ორგანიზაციისათვის აფხაზეთის კპ ეწოდებინათ. 1921 წლის 13 თებერვალს კავკასიის ბიუროს რკპ (ბ) ცკ-ის წევრმა ა. საჯაიამ წერილით მიმართა აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრს მ. ცაგურიას, რომელშიც მოუწოდა ცრუ სოციალისტების — მენშევიკების — წინააღმდეგ აღემართათ რევოლუციის წითელი დროშა. ა. საჯაია პირდაპირ მიუთითებდა, რომ აჯანყებაში მონაწილეობის შემთხვევაში აფხაზეთი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდებოდა [1, 33].
ოქტომბრის გადატრიალებით მოპოვებული ხელისუფლების შენარჩუნება ბოლშევიკებმა ადრე გაცემული დაპირებების წყალობით მოახერხეს. მათი დაუყოვნებელი რეალიზაცია ახალი ხელისუფლების პრესტიჟისათვის იყო აუ-67 ცილებელი და იმ მოსალოდნელ წინააღმდეგობათა თავიდან აცილებისათვისაც, რაც დაპირებათა შეუსრულებლობას უეჭველად მოჰყვებოდა. ამასთან ერთად, ადგილობრივ მართვა-გამგეობას ისეთი ფორმა უნდა ჰქონოდა, რომ ხელისუფლებისათვის ხალხის სრული მორჩილებით “სოციალიზმის მშენებლობისათვის” საჭირო ვითარებაც ყოფილიყო გარანტირებული. გამოყენებულ იქნა იმპერიის ისტორიაში კარგად ცნობილი “სამოურავო სისტემა”; გარკვეული პირი, ამ შემთხვევაში მსხვილი პარტიული ფუნქციონერი, იბარებს ეროვნებასა თუ ერს ტერიტორიითურთ, კისრულობს პოლიტიკურ თუ სამეურნეო ვალდებულებებს, რომელთა შესასრულებლად აჰყავს ხელქვეითთა შტატი და თავისივე ხალხის მორჩილებისათვის ეყრდნობა მპყრობელი ერის სამხედრო ძალას. ამ ერთეულებს დაერქვათ ავტონომიური “რესპუბლიკები”, “ოლქები”, “ნაციონალური ოკრუგები” და სხვ.
ქართველი ერის დამოუკიდებლობა რუს ბოლშევიკებს ბურჟუაზიულ ნაციონალიზმად ჰქონდათ მონათლული, ასე იყო საჭირო მათი სახელმწიფოსათვის. ორჯონიკიძეს აქტიურად უჭერდა მხარს ქართველი ბოლშევიკების უმრავლესობა და, რა თქმა უნდა, თვით სტალინიც ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობით. ქართველთა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის აღმოსაფხვრელად, პანაცეად იქცა ჩვენი ეროვნული ენერგიისა და ტერიტორიის დაქუცმაცება, ერთა შორის წინააღმდეგობათა გამწვავებისათვის ხელის შეწყობა.
კრემლის დიქტატით წარმოებული ეროვნული იდეოლოგია, ხელს უწყობდა “მოკავშირე” რესპუბლიკებში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა კონსოლიდაციას. განსაკუთრებით ვისაც ავტონომიური სტატუსი მიანიჭეს. მათი ყურადღების ხარჯზე ხდებოდა ძირითადი, აბორიგენი ერის უფლებების შეზღუდვა, ერთგვარი დაპირისპირების ხელოვნური შექმნა. უკანონოდ, სხვის მიწაზე სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს გარკვეული ნაღმის როლი უნდა შეესრულებინათ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ასეთი სახის რესპუბლიკა შეეცდებოდა საბჭოთა კავშირიდან გასვლას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო, რომელიც კომუნისტური რეჟიმის ერთგვარ სასინჯ ქვასა და “ლაბორატორიას” წარმოადგენდა. 1921 წლის აპრილში რუსეთის სამხედრო ატაშე საქართველოში გენერალ-მაიორი პ. სიტინი მთავრობისადმი მოსკოვში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ტერიტორიული და მატერიალური დასუსტებისათვის აუცილებელი იყო აფხაზეთის ტერიტორიის საქართველოსაგან ჩამოცილება. მისი აზრით “აფხაზეთის ჩამოშორება გამართლებულია ყველა მოსაზრებით და ამის განხორციელების დაგვიანება ჩვენთვის არასასურველი შედეგებით დამთავრდება” [2, 10].
რუსეთის ხელისუფლებამ “ბრწყინვალედ” განახორციელა აღნიშნული რეკომენდაცია. ავტონომიური ერთეულების შექმნისას გარკვეული როლი შეასრულა ლოზუნგმა — კომუნიზმის დროს სულ ერთია მაინც წაიშლება საზღვრები ურთიერთშორისო. ანტიპატრიოტულად განწყობილი ქართველი ბოლშევიკების მიერ განხორციელებულ ამ უაღრესად მტკივნეულ აქტს სრული გულგრილობით შეხვდა “კომუნიზმისა” და “ინტერნაციონალიზმის” დემაგოგიური ლოზუნგებით მოტყუებული ერის ერთი ნაწილი [3 25].
ცნობილია, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მოსკოვში ეშბამ და ორჯონიკიძემ მოილაპარაკეს, რომ აფხაზეთი შევიდოდა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით, ხოლო მოგვიანებით, როცა საქართველო კომუნისტების ხელში აღმოჩნდა, ეშბამ და აფხაზმა კომუნისტებმა შეიცვალეს პოზიცია. მათი აზრით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ დააფიქსირა აფხაზეთის ავტონომია, მაშინ საბჭოთა ხელისუფლებას “საგანგებოს” — რევკომის სახით მეტი უნდა მიეცა მათთვის, ე.ი. გამოეცხადებინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამით ეჩვენებინა ეროვნული საკითხისადმი თავისი შედარებით “პროგრესული” დამოკიდებულება. მაშინ არავის მოსვლია აზრად, რომ არღვევდა (ფეხქვეშ თელავდა) საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას [4, 53, 54].
ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა აფხაზეთში 1921 წლის 4 მარტს. 6 მარტს შეიქმნა აფხაზეთის რევკომი ე. ეშბას (თავმჯდომარე), ნ. ლაკობასა და ი. აკირტავას შემადგენლობით. ფუნქციონირება დაიწყო აგრეთვე რკპ (ბ) აფხაზეთის საორგანიზაციო ბიურომ. ჯერ კიდევ 2 მარტს ეფრემ ეშბა აფხაზეთის არ შექმნილი რევკომის სახელით მოითხოვდა აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას ან აფხაზეთის შესვლას რსფსრ შემადგენლობაში. 1921 წლის 26 მარტს აფხაზეთის რევკომის წევრებმა ლენინსა და სტალინს მიმართეს წერილით, რომელშიც აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადებასა და მის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხს აყენებდნენ. ეს წერილი იყო საბჭოთა ეპოქის პირველი დოკუმენტი, რომელშიც აშკარად გამოიკვეთა აფხაზური სეპარატიზმი და მისი ჭეშმარიტი საწყისები.
აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრირება მიზნად ისახავდა ქართული ენისა და კულტურის ამოძირკვას ძირძველ ქართულ მიწა-წყალზე. აფხაზური რევკომის წინადადებას მხარი დაუჭირა ს. ორჯონიკიძემ, თუმცა ცენტრში საკითხის გარკვევამდე, აფხაზ ბოლშევიკებს ურჩევდა, თავი შეეკავებინათ რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთის გაერთიანების განცხადებებისაგან.
27 მარტს ს. ორჯონიკიძემ ე. ეშბასთან პირდაპირი ხაზით საუბრისას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის რუსეთის საბჭოთა ფედერაციაში გაერთიანების იდეას, ასევე ეშბას აცნობა “მოსკოველი და ქართველი ამხანაგების მოსაზრება აფხაზეთისათვის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსის მინიჭების თაობაზე”. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული აზრის თანახმად “სტალინს არ შეეძლო მხარი არ დაეჭირა აფხაზი სეპარატისტების მოთხოვნებისთვის, რადგან ისინი საბჭოთა რუსეთის წისქვილზე ასხამდნენ წყალს”. მაგრამ აფხაზეთი დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადეს არა მარტო ლენინის თანხმობით, არამედ სტალინის აქტიური თანამონაწილეობითაც.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობისათვის აფხაზეთის ბოლშევიკურმა ხელმძღვანელობამ ჯილდოდ აფხაზეთის რესპუბლიკისათვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსის მინიჭება მოითხოვა. აფხაზეთის საქართველოსაგან მოწყვეტას და ცალკე რესპუბლიკად გამოცხადებას, სადაც აღნიშნული პერიოდისათვის 70%-ზე მეტი ქართველი ცხოვრობდა, უარყოფითად შეხვდა ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი. გამოითქვა მრავალი დასაბუთებული მოსაზრება, მაგრამ... [5]. 1921 წლის 28- 31 მარტს ს. ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით გაიმართა რკპ (ბ) ცკ-ის კავკასიის ბიუროს, საქართველოს კპ ცკ-ისა და აფხაზეთის რევკომის წევრთა თათბირი ბათუმში, სადაც აფხაზეთი დამოუკიდებელ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ საკითხი “რსფსრ-თან საქართველოს სსრ-თან ფედერაციის შესახებ აფხაზეთის საბჭოების ყრილობის მოწვევამდე ღიად რჩებოდა”. აფხაზ და რუს ბოლშევიკებს შორის დადებული გარიგების შედეგად საქართველოში შეიქმნა ორი, სახელწოდების მიხედვით თანაბარუფლებიანი, საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები.
31 მარტს აფხაზეთის რევკომმა რუსეთის ფედერაციის, ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ კავკასიის რევკომის ხელმძღვანელებს ახალი აფხაზეთის სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა აცნობა. სა-70 ქართველოს პარტიულმა და დირექტიულმა ორგანოებმა ცნეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თუმცა ხაზს უსვამდნენ, რომ აფხაზეთის პოლიტიკური მდგომარეობის საკითხს საბოლოოდ რეგიონის საბჭოების I ყრილობა გადაწყვეტდა [1, 34-35]. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ანუ 1921 წლის 31 მარტიდან არსებითად არცერთ სფეროში დამოუკიდებელი არ იყო. ის მოსკოვსა და თბილისს ექვემდებარებოდა. აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა მოსკოვის სახელმწიფოებრივ დოკუმენტებში საერთოდ არ ფიგურირებდა (არც რკპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტში, არც საბჭოთა კავშირის ცენტრალურ აღმასრულებელ ორგანოში და არც სახალხო კომისართა საბჭოში) [6, 118]. აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას არ ცნობდა ბოლშევიკ-კომუნისტების ბელადი ლენინი, რომლის 1921 წლის 14 აპრილის ცნობილ წერილში კავკასიის, კერძოდ: აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, დაღესტნის და მთიელთა რესპუბლიკების კომუნისტებისადმი, აფხაზეთი საერთოდ არ მოიხსენია [7, 198]. ეს გარემოება, რა თქმა უნდა, იმით კი არ აიხსნება, რომ აფხაზებს თითებზე ჩამოსათვლელი არც თუ ცნობილი პიროვნებები ჰყავდათ, არამედ იმით, რომ ის არ ცნობდა ასპარეზზე შემთხვევით გამოჩენილ უცნობ, პატარა, ამბიციურ მხარეს, რომელიც მუდამ საქართველოს სახელს იყო ამოფარებული [8, 329]. ფაქტია, რომ ცოტა ხანში აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა არ ცნო სტალინმა. იგი, როგორც ეროვნებათა საქმის სახალხო კომისარი, რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის ა. ენუქიძესთან მიმოწერაში აფხაზეთს ავტონომიად მოიხსენიებს, რის გამო მას თავისი წარმომადგენელი არ ჰყავდა ცალკე რსფსრ-ში, ამიტომ აფხაზეთს დამოუკიდებლად კრედიტის მიღებაც არ შეეძლო რსფსრ-გან. ი. სტალინი 1921 წლის 13 სექტემბერს აფხაზეთთან დაკავშირებით ა. ენუქიძეს ატყიბინებდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გარეშე აფხაზეთს არ შეეძლო რსფსრ-დან თანხის მიღება [8, 330].
აფხაზეთის ასეთ “დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკას” მომავალში რა შედეგებიც მოჰყვებოდა კარგად იგრძნო ზოგიერთმა ქართველმა და აფხაზმა ბოლშევიკმაც. მათი მეცადინეობის შედგეს წარმოადგენდა 1921 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე რკპ (ბ) ცკ პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები, რომელმაც აიღო ორიენტაცია აფხაზეთის “ავტონომიზაციაზე” საქართველოს სსრ შემადგენლობაში. თუმცა იყო განსხვავებული აზრიც. კერძოდ, 1921 წლის 15 ოქტომ-71 ბერს აფხაზეთის რკპ (ბ) ორგბიუროს პლენუმმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და აფხაზეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას, ორ მოკავშირე, თანასწორუფლებიან რესპუბლიკებს შორის “ოფიციალური ხელშეკრულების” გაფორმების საფუძველზე. პლენუმის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ე. ეშბამ აფხაზეთის სტატუსის საკითხის გადაწყვეტის დაჩქარება მოითხოვა. როგორც მასალებიდან ირკვევა, ე. ეშბას გარშემო გაერთიანდნენ ის ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზეთის საქართველოსთან სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას. 14 ნოემბერს ე. ეშბამ აფხაზეთის უშუალოდ ამიერკავკასიის ფედერაციაში შესვლის საკითხი დააყენა. საპასუხოდ 16 ნოემბერს კავბიუროს რკპ (ბ) ცკ-ის პრეზიდიუმმა პოლიტიკურად მიზანშეუწონლად მიიჩნია აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა და ე. ეშბას დაევალა, წარმოედგინა საბოლოო გადაწყვეტილება ან აფხაზეთის საქართველოს სსრ-თან ხელშეკრულების საფუძველზე ან რსფსრ-ში ავტონომიური ოლქის სტატუსით გაერთიანების შესახებ.
ის ფაქტი, რომ რსფსრ-თან ინტეგრაციის შემთხვევაში აფხაზეთი ავტონომიური ოლქის სტატუსს მიიღებდა, ხოლო საქართველოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობების ფორმატში საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად ცხადდებოდა, აშკარად ავლენს ბოლშევიკი ლიდერების დისკრიმინაციულ ეროვნულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში [1, 35-36].
ამდენად, 1921 წლის 16 დეკემბერს საქართველოსა და აფხაზეთს შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება. გაერთიანდა რვა კომისარიატი, ხოლო საგარეო საქმეთა კომისარიატი საქართველოს გამგებლობაში დარჩა. რომელიმე სხვა სამხარეო გაერთიანებაში გაწევრიანება აფხაზეთს მხოლოდ საქართველოს მეშვეობით შეეძლო. საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში აფხაზეთს ადგილების 1/3 გადაეცა. “განსაკუთრებული სამოკავშირეო ხელშეკრულების” საფუძველზე ფაქტიურად გაერთიანდა საქართველოსა და აფხაზეთის ტერიტორია.
1922 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ დაამტკიცა აფხაზეთისა და საქართველოს სსრ სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ამავე დროს მიღებული საქართველოს სსრ კონსტიტუციაშიც აღინიშნა, რომ აფხაზეთი “უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას — ამ რესპუბლიკათა შორის დადებულ, განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე” [9, 73].
1922 წლის მარტში შექმნილ ამიერკავკასიის ფედერაციაში აფხაზეთი შევიდა, 72 როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ვ. ლენინმა აფხაზეთი არ ცნო აგრეთვე 1922 წელს საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის შექმნის დროს, როდესაც არც კი მოიკითხა და მოიხსენია მისი ე.წ. “დამოუკიდებელი” რესპუბლიკა. აფხაზი ისტორიკოსების მტკიცება, თითქოს “სტალინის ხრიკებით” აფხაზეთს სოციალისტური რესპუბლიკიდან სტატუსი ავტონომიურ რესპუბლიკამდე ჩამოუქვეითდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. უდავოა, რომ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისუტური რესპუბლიკა თავისი შინაარსით ავტონომიური წარმონაქმნი იყო. ჯერ კიდევ 1923 წლის 21 დეკემბერს აფხაზეთის საბჭოების II ყრილობის გახსნაზე ს. ორჯონიკიძემ პირდაპირ განაცხადა: “აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა და თანასწორუფლებიანი ჩვენი კავშირის ფარგლებში” [10, 153].
საბჭოთა რუსეთს თავისი წარმომადგენლები ჰყავდა ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში, ამიერკავკასიის რესპუბლიკიდან — საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამავე რესპუბლიკებს თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ რუსეთში. რუსეთსა და აფხაზებს შორის წარმომადგენლების გაცვლა არ მომხდარა. რუსეთს არც ხელშეკრულება გაუფორმებია აფხაზეთთან. მან მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სუვერენიტეტი ცნო. აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, არასოდეს არ ყოფილა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. და ეს იმიტომ, რომ აფხაზეთი არ წარმოადგენდა რეალურად არსებულ დამოუკიდებელ (თუნდა საბჭოური გაგებით) რესპუბლიკას [11, 79].
აფხაზეთის სახელშეკრულებო რესპუბლიკას, როგორც ვხედავთ საკავშირო, ცენტრალური ხელისუფლება ფაქტობრივად ავტონომიური რესპუბლიკების რიგში განიხილავდა, რაც აისახა კიდეც სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუციაში. კერძოდ, ძირითადი კანონის IV თავის შენიშვნაში ნათქვამია, რომ “Автономные республики Аджария и Абхазия и автономные области Юго-осетия, нагорный Карабах и Нахичеванская посылают в совет национальностей по 1 представителю” [12, 227-229]. მიუხედავად ამისა 1925 წელს აფხაზეთის საბჭოების III ყრილობამ მიიღო კონსტიტუცია, რომელშიც აფხაზეთი სეპარატისტებმა სუვერენულ სახელმწიფოდ წარმოადგინეს (მუხლი მე-5), რაც კოლიზიაში მოვიდა ამავე კონსტიტუციის მე-4 მუხლთან. მასში ნათქვამია, რომ აფხაზეთი საქართველოსთან გაერთიანდა განსაკუთრებული სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს მეშვეობით ის შედის ამიერკავკასიის სფსრ-ში და ამ უკანასკნელის მეშვეობით — სსრკ-ში. 1925 წლის კონსტიტუცია არ გამოქვეყნებულა და ამდენად ძალაში არ შესულა. აფხაზეთის ზემოაღნიშნული ე. წ. “კონსტიტუცია” იმდენად შეუსაბამო და წინააღმდეგობრივი იყო, რომ ის 1925 წლის 26 ნოემბერს (კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კონფერენციაზე) დაგმო ნესტორ ლაკობამაც. ამ უკანასკნელმა ასეთივე განცხადება გააკეთა საქართველოს კომპარტიის IV ყრილობაზეც 1925 წლის 2 დეკემბერს. მისი თქმით: ის აზრი ტრიალებდა აფხაზეთის პასუხისმგებელ მუშაკებში (მათ შორის მასშიც), რომ აფხაზეთი უშუალოდ უნდა შესულიყო ამიერკავკასიის ფედერაციაში, მაგრამ დასძენს ნ. ლაკობა, ეს აზრი ჩვენ უკვე უარვყავით ერთხელ და სამუდამოდ — არა იმიტომ, რომ ამხანაგი მ. კახიანი (საქართველოს ცეკას მდივანი) დაგვემუქრა, არამედ იმიტომ, რომ ეს შეცდომაა, რადგან აფხაზეთი საქართველოდან სადმე წასვლას არ აპირებს, რადგან ასეთი აფხაზეთი როგორც ცელქი ბიჭის ხელით აშენებული მუყაოს სახლივით დაიშლება.
ეს დაადასტურა შემდგომმა სინამდვილემ და საქმის ვითარებამ. ნ. ლაკობას თქმითვე საქართველოსთან ურთიერთობაში მისი თანამოაზრეების პირველი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მათ მიერ დაწერილ კონსტიტუციაში საქართველო და ამიერკავკასიის ფედერაცია წარმოდგენილი იყვნენ, როგორც გასასვლელი დერეფანი საბჭოთა კავშირისაკენ [13, 177-178].
შექმნილ ვითარებაში ამიერკავკასიის ხელმძღვანელობამ აფხაზეთის კონსტიტუციის გადასინჯვა და საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების კონსტიტუციურად გაფორმება დაიწყო. 1926 წლის 5 ივლისს საქართველოს ცკ-ის მესამე მოწვევის სესიამ საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი მიიღო, რომელშიც დაფიქსირდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი. კონსტიტუციის 83-ე მუხლში ნათქვამი იყო, რომ “აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა განსაკუთრებული ხელშეკრულების ძალით შედის საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ხოლო მისი მეშვეობით — ამიერკავკასიის სოციალისტურ-ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში” [9, 117]. კონსტიტუცია დამტკიცდა 1927 წლის 23 აპრილს სრულიად საქრთველოს საბჭოების IV ყრილობაზე. რამდენად “დამოუკიდებელი რესპიბლიკა” იყო აფხაზეთი ჩანს აღნიშნული კონსტიტუციის შინაარსიდან. კერძოდ, 88-მუხლში აღნიშნულია: “სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ საქართველოს სოც. საბჭოთა რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე გასავრცელებლად გამოცემულ კოდექსებს, დეკრეტებს და დადგენილებებს სავალდებულო ძალა აქვთ აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე”. ხოლო 90-ე მუხლის მიხედვით “სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობას და სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს უფლება აქვთ გააუქმონ აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საბჭოთა ყრილობის, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და სახალხო კომისართა საბჭოს ყველა ის დადგენილება, რაც კი ეწინააღმდეგება ამ კონსტიტუციას”. 91-ე მუხლში აღნიშნულია: “აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ბიუჯეტი მის შემდეგ, როდესაც მას დაამტკიცებს ამ რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, შემადგენელ ნაწილად შედის საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საერთო-სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მტკიცდება ამა კონსტიტუციის 104-ე მუხლის წესისამებრ” [9, 119].
საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე სათანადო შესწორებები და დამატებები შეიტანეს 1925 წლის აფხაზეთის კონსტიტუციაში, რომელიც საბოლოოდ 1927 წლის 7 მარტს, აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობაზე დამტკიცდა. საინტერესოა, რომ 1926 წლის აღწერის შედეგად აფხაზეთში 201.016 სული აღირიცხა. აქედან, 71954 სული ქართველი, 51458 აფხაზი, 25677 სომეხი, 12533 რუსი და 14045 ბერძენი. დანარჩენი სხვა ეროვნებები [14, 89]. აქვე ავღნიშნავთ, რომ თვით აფხაზ მოღვაწეთა აღიარებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოცხადებულ იქნა “დროებით”, “ერთი წუთით”, “აბრისათვის” და ა.შ., მაგრამ აფხაზეთი რეალურად არც “ერთი წუთით”, არც “დროებით” არ ყოფილა დამოუკიდებელი. აფხაზეთი იმ 10 წლის მანძილზეც (1921-1931წწ.) სავსებით დამოკიდებელი იყო საქართველოზე, რომელიც თავისთავად ოკუპირებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ და, ცხადია, დამოკიდებული იყო მასზე, შემდეგ — სსრ კავშირზე.
როგორც დავინახეთ აფხაზეთის ბიუჯეტი საქართველოს ბიუჯეტის ნაწილს წარმოადგენდა. აფხაზეთის მთავრობა, პარტიული ორგანოები ანგარიშვალდებული იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წინაშე. აფხაზეთი არა ცალკე, არამედ მხოლოდ საქართველოს მეშვეობით შედიოდა ამიერკავკასიის ფედერაციასა და სსრ კავშირის შემადგენლობაში. როგორც საქართველოს, ისე საკავშირო ორგანოები აფხაზეთს მუდამ განიხილავდნენ როგორც ავტონომიურ 75 რესპუბლიკას [11, 81].
აფხაზეთის ზემოაღნიშნული სტატუსი რომ არ შეეფერებოდა არც ისტორიულ და არც რეალურ ვითარებას კარგად გრძნობდნენ საბჭოთა სახელწმიფოს მესვეურებიც. ადრე დაშვებული შეცდომის ნაწილობრივ გამოსწორებას ისახავდა მიზნად ცაკ-ის 1930 წლის III სესია, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გარდაექმნათ “ხელშეკრულებითი” აფხაზეთის სსრ აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად საქართველოს შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე 1931 წლის 11 თებერვალს საქართველოს სსრ და აფხაზეთის სსრ საბჭოების VI ყრილობების გადაწყვეტილებით აფხაზეთი შევიდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით. პროფ. ლ. თოიძის აზრით: “თუ ამ გარდაქმნებს ფორმალურ-სამართლებრივი კუთხით შევხედავთ, აფხაზეთის სოციალისტური რესპუბლიკის შეცვლა აფხაზეთის ავტონომიურ სოციალისტურ რესპუბლიკად, უეჭველად მისი სტატუსის შეზღუდვად მოგვეჩვენება.
საკითხს თუ რეალურად მივუდგებით, ეს ტრანსფორმაცია, თავისი არსით, არაფერს ცვლიდა აფხაზეთის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში”. პრაქტიკულად, არ აქვეითებდა მის რეალურ პოლიტიკურ სტატუსს. ეს ღონისძიება, მკვლევრის აზრით, ფაქტობრივად არსებული რეალობის ადეკვატური გამოხატულება იყო, აუქმებდა ფორმასა და შინაარს, დე-ფაქტო და დე-იურე მდგომარეობას შორის არსებულ შეუსაბამობას. მკვლევარს მიაჩნდა, რომ ეს აქტი წარმოადგენდა “დაგვიანებულ შესწორებას იმ მყვირალა შეუსაბამობისა, რომელიც თავის დროზე დაუშვეს ლენინმა, სტალინმა და სხვა ბოლშევიკმა ლიდერებმა აფხაზეთის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დროს” [1, 37-38].
ამრიგად, საქართველოს სასაზღვრო-ტერიტორიული ცვლილებების საკითხი მოსკოვმა თავიდანვე საკუთარ პრეროგატივად აქცია. საქართველოში შექმნეს სამი ავტონომიური წარმონაქმნი. ერთ ფიორა ტერიტორიაზე სამი ავტონომიის არსებობა ინტერნაციონალიზმის ორჯონიკიძისეული გეგმის ნაყოფად უნდა ჩაითვალოს. ან უნდა მივიღოთ, რომ იგი ოქტომბრის გადატრიალების ჭეშმარიტ მიზნებში ჩინებულად ერკვეოდა — “დაყავი და იბატონე!” ავტონომიასა და მის დაწესებულებებს ორასი, სამასი ისეთი თანამდებობა ახლავს, რომლებიც ამდენივე პირის კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ისე, რომ რაიმე გამორჩეული ნიჭი, ჭკუა და შრომისმოყვარეობა საჭირო არ არი... მოურავი ამ თანამდებობებს ახლობლებსა და სანდო პირებში ანაწილებდა. იქმნებოდა სიბარიტების კასტა, რომელიც მომდევნო, მხვეჭელთა ფენას აყალიბებდა და მის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას მფარველობდა ყოველთვიური ფულადი თუ სხვა რამ ღირებულებრივი მოსართმევის საკომპენსაციოდ. მხვეჭველები, ხაზინისა და ხალხის ძარცვით, სარფიანი ადგილების გაყიდვით, სპეკულაციით, ხელქვეითთა დაბეგვრით, ქრთამითა და სხვა საშუალებებით მდიდრდებოდნენ, ამდიდრებდნენ მფარველებს და, რა თქმა უნდა, მორჩილებაში ჰყავდათ თავისი კლანები.
ასე ხორციელდებოდა რეგიონში სიმშვიდე, სტაბილურობა და ადგილობრივი “პირველი კაცის” ვალდებულებების შესრულება [15, 19-20]. სრულიად შეუძლებელია ნორმალური ლოგიკით ახსნა, თუ რატომ მიენიჭათ ერთგან ეროვნულ უმცირესობებს ავტონომიის სტატუსი და სხვაგან საერთოდ არაფერი, რომ აღარაფერი ვთქვათ ასეთი წარმონაქმნების ისტორიულ უნიადაგობაზე. ვერც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში და ვერც საბჭოურ იურიდიულ ლიტერატურაში ვერ იპოვით განმარტებას — როდის, როგორ, რა პირობით, რა უფლებებით შეიძლება მიიღოს ამა თუ იმ ხალხმა ავტონომიურობა.
ყველა საბჭოური ავტონომია შექმნილია სსრკ-ის იმდროინდელ მმართველთა გუნება-განწყობილების შესაბამისად. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილებაში და სამართლებრივ კონცეფციებში პოლიტიკური ავტონომია სრულებით არ გვევლინება ეროვნულ უმცირესობათა პრობლემების გადაჭრის გზად. არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი არ შეიცავს ასეთი ავტონომიის შექმნის სახელწმიფო ვალდებულებებს [16]. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ რუსეთში არსებულ ავტონომიებსა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოში შექმნილ ავტონომიურ წარმონაქმნებს შორის პრინციპული განსხვავებაა და არ შეიძლება მათი საერთო, საბჭოთა სახელმწიფოს თვალთახედვით განხილვა.
გარკვევით უნდა ითქვას, რომ რუსეთში არსებული თითქმის ყველა (თუ აბსოლუტურად ყველა არა) ავტონომიური წარმონაქმნი არის რუსეთის მიერ სხვადასხვა დროს დაპყრობილი თუ “ნებით შეერთებული” (რატომ გასაგებია), მანამდე დამოუკიდებლად არსებული ქვეყნები. მაგალითად, ჩრდილო კავკასიის ტერიტორია, სადაც შემდეგ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიური ერთეულები შეიქმნა, ჩრდილო ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩეჩენ-ინგუშეთის, დაღესტნის... სხვადასხვა დროს რუსეთის მიერ დაპყრობილი, თუ სხვადასხვა პირობით შეერთებული მიწა-წყალია.
სულ სხვა ვითარებაა საქართველოში. ყველამ კარგად ვიცით, რომ აჭა-77 რა საქართველოა და აჭარლები ქართველები არიან. რა აბსურდული პრინციპით შეიქმნა აჭარის ავტონომია ესეც ყველას მოეხსენება. ის ტერიტორია კი, სადაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა აფხაზეთის და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ერთეულები, უძველესი დროიდან ქართული მიწა-წყლია, ქართულ სახელმწიფოთა ფარგლებში მყოფი რეგიონებია [17]. 1992 წლის 3 მარტს ვაშინგტონში, რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” სააქტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ბჭობდა ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებულ მდგომარეობაზე.
განხილულ საკითხთაგან ერთ-ერთი ცენტრალური იყო სიტუაცია კავკასიაში, მათ შორის საქართველოში. ამ თემაზე ისაუბრა ცნობილმა ამერიკელმა სოვეტოლოგმა, პროფესორმა ვიქსმანმა. პროფესორმა აღნიშნა, რომ “ჩემს მრავალ პუბლიკაციაში ვსვამ კითხვას: რატომ არსებობს აფხაზეთის ავტონომია? განა საგულისხმო არ არის ის ფაქტი, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა თავიდან მხოლოდ 34 ათასი აფხაზისათვის შეიქმნა? — ვიქსმანის მართებული დასკვნით — თავიანთი ტერიტორიის საკითხებს ქართველები საქართველოში კი არ წყვეტდნენ, არამედ მოსკოვში ხდებოდა” [18]. და ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეროვნულ უმცირესობას არ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის უფლება, რადგან, ეს, პირველ ყოვლისა, არსებული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას აყენებს საფრთხის ქვეშ და ეთნო-კონფლიქტების გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზი ხდება. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სამართალი თვითგამორკვევის უფლებას აძლევს მხოლოდ კოლონიურ და დამოკიდებულ, ე. ი. ძალით მიერთებულ და მორჩილებაში მყოფ ხალხებს. ეროვნულ უმცირესობას კი, რომელიც სხვადასხვა ისტორიული კატაკლიზმების შედეგად უცხო ქვეყნების ბინადარი გახდა, მიუხდავად ცხოვრების დროის ხანგრძლივობისა, თვითგამორკვევის უფლება არა აქვს. დამოწმებული წყაროები და
ლიტერატურა:
1. ო. ჟორდანია, პროფესორი ლევან თოიძე — აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მკვლევარი, კრებულში: ლევან თოიძე 80, თბილისი, 2009.
2. გ. დანელია, ტოტლებენიდან გენერალ ლებედამდე, ჟურნალში: პოლიტიკა, #9-10, 1996.
3. ვ. მჭედლიშვილი, იმპერიის მარწუხებში, თბილისი, 1990.78
4. А. Ментешашвили, Из истории взаимоотношении грузинского, абхазского и осетинского народа, Тбилиси, 1990.
5. გაზეთი ტრიბუნა, 1922, 25 იანვარი.
6. Дж. Гамахария, Б. Гогия, Абхазия историческая область Грузии, Тбилиси, 1997.
7. В. И. Ленин, Полн. Собр. соч., Т. 43.
8. გ. გასვიანი, აფხაზეთი XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნეში, თბილისი, 2004.
9. საქართველოს კონსტიტუციური აქტების კრებული (1921- 1978), თბილისი, 1983.
10. Сьезды советов Абхазии, сб. Док. и Материалов (1922-1923 гг.), Сост. А. А. Тулумджян, Сухуми, 1959.
11. ლ. თოიძე, საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1921-1923 წლები), თბილისი, 1999.
12. История Советской конституции, сборник документов 1917-1957, АН СССР, Москва, 1957.
13. Н. А. Лакоба, Статьи и речи, Сухуми, 1987.
14. ა. თოთაძე, აფხაზეთის მოსახლეობა, ისტორია და თანამედროვეობა, თბილისი, 1995.
15. აფხაზეთის სისხლიანი ქრონიკები, თბილისი, 1993.
16. გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 31 იანვარი 1992.
17. გ. ლორთქიფანიძე, ომი მშვიდობამ უნდა შეცვალოს, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 12 იანვარი 1992.
18. გაზეთი დრონი, 25 აპრილი 1992.
Avtandil Songulashvili
Doctor of Historical Sciences, Professor, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Ivane Javakishvili Institute of History and Ethnology The Head of the Department of the New and Modern History Political Status of Abkhazia Within the State of Georgia (1921-1931)
Summary
The definition of political status of Abkhazia is connected to the forced Sovietization. 31 March, 1921 Abkhazia was declared as a Soviet 79 Socialist Republic. 16 December, in the above mentioned year between Georgia and Abkhazia was signed treaty on cooperation. But Lenin did not recognize Abkhazia as an independent state when uniting the republics into the USSR. We have to mention the fact that in the constitution of 1924, Abkhazia is mentioned as an autonomous republic. In fact during the period of 10 years (1921-1931) Abkhazia had not been an independent republic and was recognized as a part of Georgia. From this point, 11 February, 1931, by the decision of the 4th councils assembly of Georgian and Abkhazian SSR, Abkhazia became an autonomous Republic of Georgian SSR. It was an adequate reality of current situation. |