ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ჯავახიშვილს ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ბალტიის რესპუბლიკების სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან. მისი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებშიც შესწავლილია ქართულ-ბალტიურ ურთიერთობათა ისტორიის საკითხები, სისტემატურად იბეჭდება ქართულ და უცხოურ ენებზე. მისი მონოგრაფია “ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები” უკანასკნელ ხუთ წელიწადში გამოქვეყნდა სამ (ქართულ, ლატვიურ და რუსულ) ენაზე, როგორც თბილისში, ასევე რიგაში.
2014 წლის 10 ივნისს ლატვიის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სენატის გადაწყვეტილებით, პროფესორ ნიკო ჯავახიშვილს მიენიჭა ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება.
2016 წლის 16 მაისს პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი დაჯილდოვდა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნ. ჯავახიშვილი ჯილდოვდება ლატვიასა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
26 მაისს, ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ელიტა გაველემ თბილისში აკრედიტებულ ლატვიის საელჩოში გამართა საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ლატვიის (სეიმის) პარლამენტის სპიკერი, ქალბატონი ინარა მურნიეცე. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, ბატონი თეიმურაზ ჯანჯალია. შეხვედრაზე პროფესორ ნიკო ჯავახიშვილს გადაეცა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო სიგელი. |