ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ნიკო ჯავახიშვილს მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ბალტიისპირეთის ავტორიტეტულ სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებთან. სისტემატურად იბეჭდება მისი სამეცნიერო ნაშრომები, რომლებშიც შესწავლილია ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის საკითხები. ამ თემაზე დაწერილი მისი მონოგრაფია გამოქვეყნებულია ქართულ, ლატვიურ და რუსულ ენებზე.
2014 წლის 10 ივნისს ლატვიის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სენატმა ნიკო ჯავახიშვილს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. იგი ამ ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია.
ბალტიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, ნიკო ჯავახიშვილი საპატიო სიგელებით დააჯილდოეს: ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიურმა ბიბლიოთეკამ (19. XII. 2015), ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (16. V. 2016 წ.), ლატვიის ეკონომიკის ინსტიტუტმა (23. VI. 2016), ლატვიის ისტორიის ინსტიტუტმა (11. VII. 2016) და ლიტვის ისტორიის ინსტიტუტმა (19. XII. 2016).
აღნიშნული აღიარების თაობაზე ჩვენს ჟურნალში არაერთხელ ვიუწყებოდით (იხ.: NN 47; 60; 67; 69).
ლიტვის დიდი სამთავროს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ლიტვის დიდი სამთავროს ისტორიული ხსოვნის ორგანიზაციების გაერთიანებამ, ამა წლის 19 ივნისს, ნიკო ჯავახიშვილი დააჯილდოვა კომანდორის ორდენით (რიგითი ნომერი _ 033).
ვულოცავთ ჩვენი ჟურნალის აქტიურ ავტორს ამ მორიგ საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას სამეცნიერო-პედაგოგიურ სარბიელზე.
"ისტორიანი"
http://www.rbimba.lt/blog/2017/06/20/gruzijos-profesorius-tyrineja-lietuvos-istorija/
http://www.ldk-atmintis.lt/index.php/naujienos/77-bendradarbiavimas-su-gruzijos-istorikais
|
ქართველი მეცნიერის დაჯილდოების ცერემონია (2017 წლის 19 ივნისი, ვილნიუსი). მარცხნიდან პროფესორები: დანიელიუს ვერვეჩკა, თამარ ბაირაშაუსკაიტე, ნიკო ჯავახიშვილი, რიმვიდას პეტრაუსკასი, რიმანტას მიკნისი, რემიგიუს ბიმბა, ტადას სუდნიცკასი
კომანდორის ორდენი (ბაფთით)
კომანდორის ორდენის სიგელი
|