RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2014 » თებერვალი » 25 » ლავრენტი ჯანიაშვილი: ოსთა საქართველოში მიგრაცია ქართულსა და რუსულ (ოსურ) მეცნიერებაში
0:42 AM
ლავრენტი ჯანიაშვილი: ოსთა საქართველოში მიგრაცია ქართულსა და რუსულ (ოსურ) მეცნიერებაში


ქართულ და რუსულენოვან საისტორიო საზოგადოებებში ოსთა ეთნოგენეზის, მათი პოლიტიკური ისტორიისა და მიგრაციების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. განსაკუთრებით მწვავე პოლემიკის საგანია ოსთა საქართველოში ჩამოსახლებისა და დამკვიდრების ეტაპები. XX საუკუნეში ოს მკვლევართა ნაწილი მათი მიგრაციის "უძველეს დროდ", III-IV ან VI-VII სს. მიიჩნევდა, სხვანი საქართველოში ოსთა ინფილტრაციის პირველ პერიოდს ჩრდილო კავკასიაში მონღოლთა გაბატონებას უკავშირებენ. იყო ცდა, ოსური გვარების გენეალოგიებზე დაყრდნობით მათი მიგრაცია XV-XVI სს-ით განესაზღვრათ. ქართველი და რუსი მეცნიერების ნაწილის კვლევათა შედეგები მიუთითებენ, რომ ქართლის მთიანეთში ოსების დასახლება ძირითადად XVII ს-ში მოხდა, ხოლო დას. საქართველოში მიგრაცია მიმდინარეობდა XVIII ს-ში. თანდათანობით კომპაქტური დასახლებები გაჩნდა შიდა ქართლის ჩრდ. ნაწილში, მდ. ლიახვისა და ქსნის ხეობებში, თუმცა ოსების დიდი ნაწილი დისპერსულად განსახლდა მთელ საქართველოში.

აზრთა სხვადასხვაობაა საქართველოში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმოშობის ისტორიაზეც. უნდა ითქვას, რომ XIX ს-მდე, წერილობით წყაროებში ოსეთთან დაკავშირებით განსაზღვრება `სამხრეთი" ან `ჩრდილოეთი" არ ფიქსირდება. ეს ტერმინი მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გაჩნდა. იმპერატორისადმი გაგზავნილ რაპორტებში რუსი სამხედროები _ მდ. ლიახვის მთიანი რეგიონების ოსებით დასახლებულ ტერიტორიას უწოდებდნენ `ოსეთს", `Грузинская Осетия”-as, "Карталинская Осетия”-s (1812-1837 ww.). შემდეგ გაჩნდა ოპოზიციური წყვილი _ "Южная Осетия_Северная Осетия”. XIX ს-ის 40-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე "Осетинский округ”-ი დაწესდა. სწორედ ეს დაედო საფუძვლად შიდა ქართლში ბოლშევიკების მიერ შექმნილ ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დანაყოფისათვის სახელის მინიჭების წინაპირობად (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.)
ოსთა საქართველოში მიგრაციების თაობაზე წერილობითი წყაროების სიმწირის გამო ძირითადი ყურადღება არქეოლოგიურ მასალას ექცევა. საბჭოთა მეცნიერებაში დამკვიდრებული იყო თვალსაზრისი, რომ ირანულენოვანი ოსები ჩრდილოკავკასიური ველებიდან გამოაძევეს თავდაპირველად ხაზარებმა, ხოლო შემდგომ თურქულმა ტალღებმა. გადავიდნენ რა, კავკასიის ქედზე ოსები ხვდებოდნენ ნახური და ქართველური მოდგმის ხალხებს, რომელთან შერევის შედეგადაც სათავე დაედო "სამხრეთ ოსი" ხალხის ჩასმოყალიბებას (პჩელინა, 1925: 237-238). 

ოსური წარმომავლობის მეცნიერთაგან ოსთა ეთნოგენეზისა და მათი სამხრეთული მიგრაციების შესწავლის პირველი ცდა ზ. ვანეევის სახელს უკავშირდება. სწორედ ვანეევის მოსაზრებები იქცა დღევანდელი ოსური ისტორიოგრაფიის ამოსავალ პრინციპად, თუმცა თავად ვანეევის კონცეფციამ ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. 

ზ. ვანეევი კრიტიკის გარეშე ღებულობდა სენ მარტენის დებულებას ოსთა სამხრეთ კავკასიაში ქრისტეს შობამდე III საუკუნეში შემოსვლის შესახებ. იგი მიუთითებდა დვალების და ოსების იგივეობაზე. მართალია, მას საქართველოში ოსების მასობრივი ჩამოსახლების პერიოდად XV-XVI სს მიაჩნდა, მაგრამ მათი და დვალების გაიგივება საშუალებას აძლევდა ემტკიცებინა, რომ ეთნიკური სურათი შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილში ამ მიგრაციის შედეგად არ შეცვლილა და დვალეთს ოსთა უძველეს საცხოვრისად აცხადებდა (ვანეევი, 1936: 270-278). ვანეევი თავის პირველ შრომებში ვერ უარყოფდა, რომ ოსთა გადაადგილება კავკასიის ქედს გადმოღმა თათარ-მონღოლთა შემოსევებს უკავშირდება. მოგვიანებით იგი შეეცადა კავკასიაში ირანულენოვანი მოსახლეობის გამოჩენის დაძველებას, რაც საშუალებას მისცემდა, გამოეცხდაებინა ოსები მათ ენობრივ-კულტურულ მემკვიდრეებად. ვანეევის აზრით, ოსთა ეთნოგენეზში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის ყობანურ კულტურას, რომელიც კავკასიის ქედის ორივე მხარეს იყო გავრცელებული. იგი ასევე ცდილობდა, ოსების მიგრაციებთან დაეკავშირებინა სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები სამხრეთ კავკასიაში. ვანეევი ირანულენოვან ტომებს კავკასიაში ეთნიკურად გაბატონებულად წარმოადგენდა. იგი მიიჩნევდა, რომ ძველმა ირანელებმა კავკასიაში მოიტანეს მაღალგანვითარებული კულტურა და კავკასიელები მეტალურგიას აზიარეს. ქართული საკუთარი სახელების თავისუფალი ინტერპრეტირებით კი ამტკიცებდა, რომ ოსები წარმოადგენდნენ ქართული არისტოკრატიის ნაღებს. რაც შეეხება თათარ მონღოლების და თემურ-ლენგის მიერ შევიწროებული ოსების სამხრეთისაკენ მიგრირებას და საქართველოში შემოსვლას, ეს იყო უძველეს დროში დაწყებული პროცესის გაგრძელება, კიდევ ერთი ახალი ტალღა. ეთნონიმ ოსის გაჩენა სრულიადაც არ მოასწვავებდა აქ მცხოვრებთა ეთნიკურ ცვლილებას, ესენი იგივე ძველი ალანები იყვნენ, რომელთაც უცხოტომელები უბრალოდ ახალი სახელით მოიხსენიებდნენ. ამასთანვე, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ვანეევი ჩრდილოკავკასიელ მთიელებს აკუთვნებდა აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახლეობას (ხევსურებს, ფშაველებს თუშებს და სხვა) (ვანეევი, 1989: 335-364). 

ზ. ვანეევის აზრით ირანულენოვანი ალან-ოსურ-სკვითურ-სარმატული სამყარო იმდენად მძლავრი და აგრესიული იყო, რომ მათ ჯერ კიდევ ძველი და ახალი საუკუნეების მიჯნაზე შეძლეს ჩრდილო კავკასიის ცენტრალური ნაწილის ასიმილირება (ვანეევი, 1989: 335-364). როგორც ვ. შნილერმანი აღნიშნავს, ოსი ავტორებისათვის საერთოდ დამახასიათებელია სამხრეთ კავკასიაში თავიანთი ხალხის ისტორიის დაძველება და იმის მტკიცება, რომ ოსთა გამოჩენემდე საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში ქართველები არ ცხოვრობდნენ (შნილერმანი, 2003: 476).
ქართულ ისტორიოგრაფიაში ოსთა საქართველოში ჩამოსახლების პროცესის შესწავლა ბევრად უფრო ადრე დაიწყო. რომ არაფერი ითქვას XVIII სუკუნის ქართველი გეოგრაფისა და ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის ღვაწლზე, ამ საკითხების შესწავლაში, მოგვიანებით ოსთა საქართველოში მიგრაციის საკითხებს ყურადღება მიაქციეს სხვა მკვლევარებმაც (ხიზანიშვილი, 1889; ზ. ჭიჭინაძე, 1916 და სხვები). ზ. ჭიჭინაძე შემდეგნაირად აღწერს გიორგი ბრწყინვალის მიერ ოსების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებას _ მოხდა მალე ის, რომ ქართლში ოსებს კარგი დღე არ დაუდგათ, მთელის ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა, ქართველთაგან წართმეული სახლები წაართვა, ყველა ეს სახლები თავიანთ ძველ სახლის პატრონებს დაუბრუნდა, მთელი აყრილი ოსები ერთ ალაგას შეყარა. მერე მიჰყვა ქართლის დიდი ჯარით და ყველა ეს მცარცველნი ისე გადარეკა ოსეთში, რომ ქართლში ერთი ოსი აღარ დასტოვა. ამ გვარათ გიორგი ბრწყინვალემ დაამშვიდა ქართლი. გიორგი ბრწყინვალე მარტოთ ამ გაძევებას არ დასჯერდა, იფიქრა: ვაი თუ კიდევ მერე შემოესიონ ქართველსაო, ამიტომ იგი ქართველის ჯარით შუა გულ ოსეთამდის მიჰყვა, იქ ჩარეკა და მასთან პირობა ჩამოართვა, რომ დღეის შემდეგ თქვენ აღარ გაბედოთ და ქართლს აღარ შემოესიოთ, თორემ მე სასტიკაც დაგსჯით. ამის პირობა ოსებმა დიდის სიხარულით მისცეს და სთქვეს, რომ დღეიდან ჩვენი ფეხი ქართლში აღარ შემოვაო. მხოლოდ ოსებმა სთხოვეს გიორგი ბრწყინვალეს, რომ ჩვენ თქვენს ბრძანებას შევასრულებთ, თქვენც ერთი სიკეთე გვიყავითო, ჩვენს ქვეყანაში, ოსებს არა გვყავს არც ხაბაზები, არც მეჩუსტე, მეწუღე, მექალამანე, არც ჭონი, არც თერძი, ფეიქარი, არა გვყავს და დალაქი და სხვაც ასეთი საჭირო ხელოსნები, ეგება გვიშველოთ თქვენა, თფილისიდამ გვიბოძოთ სამ-სამი კაცით თითო ხელობის, რომ მათ დაიწყონ აქ მუშაობა და ჩვენც გვექმნეს ყველა საჭირო სახმარებლიო. გონიერმა გიორგი ბრწყინვალემ ამ დავალებას თავისებურის კეთილის თვალით შეხედა, იგი მალე ჩამოვიდა ოსეთიდან თფილისში, შეკრიბა ყველა ხელოსნები, ყველა მათ მისცა დახმარება, ულუფა და მალე გაბრუნდა ოსეთში და ყველა ეს ხელოსნებიც თან წაიყვანა, მალე ჩავიდა ოსეთში, ყველა ესენი დაამკვიდრა იქ, ამათ გაუხსნა სახელოსნოები და ამ გვარით შემოსა ტიტვილიკანა და ფეხშიშველე ოსები (ჭიჭინაძე 1916: 6-7) ზ. ჭიჭინაძეს აზრით ოსების ჩამოსახლება მე-16 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც რამდენიმე მოუსავლიანი წელი ზედიზედ დაემთხვა და შიმშილობისა და მოუსავლიანობასთან თავის არიდების მიზნით მათი ერთი ნაწილი საქართველოს (ქართლს) შემოეხიზნა.

XII საუკუნის ბოლოს ქართლში ოსთა ჩამოსახლების საკითხს ნ. ბერძენიშვილიც შეეხო. ,,ოსთა ჩამოსახლება, ბუნებრივია, სასტიკ და დაუნდობელ სამამულო ბრძოლის ხასიათს იღებს. ოსთა მთავარი "აოხრებდა ქართლსა, თრიალეთსა და განასხამდა მამულისგან აზნაურთა" და აზნაურებიც რა თქმა უნდა თავს არ ზოგავენ.. მონღოლები ამ ბრძოლისას გარკვევით ოსებს უჭერენ მხარს. აჯანყებულ ქართლში ოსების მომძლავრება მათ პოლიტიკურ ანგარიშში შედის. ისინი მფარველობენ გადმოსახლებულთ და ქართველ ფეოდალთა მიერ განადგურებისაგან იცავენ მათ" (ბერძენიშვილი, 1965: 60-61).

გ. თოგოშვილი ქართული საისტორიო წყაროების ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ XIII საუკუნემდე, ალან ოსებთან საქართველოს ურთიერთობას ძირითადად სამხედრო-პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, რაც ერთობლივ ლაშქრობებში ან პირიქით სამხედრო დაპირისპირებაში იყო გამოხატული. მდგომარეობა შეიცვალა დავით აღმაშენებლის, განსაკუთრებით კი გიორგი III ის მეფობის პერიოდიდან, როდესაც ოვსები საქართველოს ყმადნაფიცები უნდა გამხდარიყვნენ. იყო ასევე დინასტიური ქორწინებებიც, რაც ხელს უწყობდა ქართულ-ოსური ურთიერთობების განმტკიცებას, მაგრამ მასობრივი ოსური მიგრაციები წყაროებში არ ფიქსირდება (თოგოშვილი, 1977: 65-84). ქართული წყაროების თანახმად, ოსების პირველი მასობრივი შემოსვლა დავით ულუს მეფობის პერიოდში მომხდარა, როდესაც ბექა ყაენისაგან ლტოლვილი ოსები, ქართულ სამეფო კარს საქართველოში დმანისისა და ჟინვანის მიდამოებში დაუსახლებია. 1293 წ., როდესაც დავით მეფე ქეღათუ ყაენს ბიზანტიაში ლაშქრობაში ეხმარებოდა, ოსებს დაუწყიათ ქართლის აოხრება და რბევა, გორი აუღიათ და იქ დამსხდარან. ქართულ-ოსური დაპირისპირების ახსნას მკვლევარი კლასობრივ და შინაკლასობრივ ბრძოლას უკავშირებს.

ქართული ფეოდალური საზოგადოების თითოეული კლასი თუ ფენა თავისი ინტერესების შესაბამისად სხვადსხვა პოზიციებიდან უდგებოდა ოსთა გადმოსახლების საკითხს. მეფეს მათი საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა, თუ ისინი მას "კეთილად ემსახურებოდნენ," მონღოლთა შემოსევებმა ქვეყნის მოსახლეობა საგრძნობლად შეათხელა. მეფეს შეეძლო ოსები თავისი ძალაუფლების განმტკიცებისათვის გამოეყენებინა, დაეპირისპირებინა ისინი მსხვილი ფეოდალების სეპარატისტული ტენდენციებისათვის. ოსები ამ მხრივ მეფისათვის საიმედო დასაყრდენი შეიძლება ყოფილიყვნენ, რადგანაც თავადაც საჭიროებდნენ მფარველს. ასეთი მფარველი კი შექმნილ სიტუაციაში მხოლოდ სამეფო ხელისუფლება უნდა ყოფილიყო (მონღოლებიც გარკვეული აზრით მფარველობდნენ ოსებს _გავიხსენოთ მათი შუამდგომლობა და გორის კონფლიქტთან დაკავშირებული ოს _ ქართველთა შერიგების ფაქტი). რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომ ქართლში გადმოსახლებული ოსებიც სხვადასხვა ინტერესების მქონე საზოგადოებრივი ფენისაგან შედგებოდნენ. მოკავშირეთა არჩევისას კი ეს ინტერესები აუცილებლად იჩენდა თავს. ამასთანავე, ორივე მხრიდან ამა თუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფის ან კლასის ინტერესებიც იცვლებოდა სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში. მაგ. თუ საქართველოში გადმოსახლებული ფარეჯან ოვსთა მთავარი დავით მეფეს ერთგულებდა, მისი ძმა ბაყათარი XIII საუკუნის მიწურულს და XIV-ს დამდეგს აქტიურ საქმიანობას აჩაღებდა ქართლში ოსთა სამოქმედო არეალის გასაფართოებლად. იგი მოხერხებულად სარგებლობდა ერთის მხრივ, მონღოლებსა და დავით მეფეს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობით, მეორე მხრივ კი ქართულ ფეოდალურ წრეებს შორის არსებული წინააღმდეგობით (თოგოშვილი, 1977: 87). ნ. ბერძენიშვილი ხსენებული მომენტის აღწერისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოსების მომძლავრება ქართლში თათარ-მონღოლთა ხელშეწყობით მომხდარა (ბერძენიშვილი, 1979:249). 

რ. თოფჩიშვილის მოსაზრებით, თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე ოსური ეთნოსი საკმაოდ გვიან, XVII საუკუნის შუა ხანებიდან განსახლდა. ისინი აქ ჩრდილოეთ კავკასიის მთებიდან გადმოსახლდნენ. დადგენილია, რომ ირანულენოვანი ოსები კავკასიის ოდინდელი მკვიდრნი არ არიან; ისევე როგორც თურქულენოვანი ხალხები, ოსებიც კავკასიაში მოსული არიან. ოსთა წინაპარი ალანების კავკასიელებად ქცევა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დაძრული ჰუნების თარეშებთან იყო დაკავშირებული. თანამედროვე ოსეთის ოთხი საზოგადებიდან (ხეობიდან) ადრე შუა საუკუნეებში ალან-ოსები მხოლოდ დიგორიაში ცხოვრობდნენ. მართალია, ალან-ოსების განსახლების არეალი ახლანდელი ბალყარეთი და ყარაჩაიც იყო, მაგრამ იალბუზის ირგვლივ, ანუ ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ალან-ოსები მონღოლთა შემოსევების დროს კავკასიის ბარიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან მიგრირებული თურქულენოვანი ყივჩაყების მიერ იქნენ ასიმილირებულნი. ასიმილაციას დიგორელები გადაურჩნენ, თუმცა თურქული მინარევი მათშიც საკმაოდ არის წარმოდგენილი. თანამედროვე ყარაჩაის და ბალყარეთის ტერიტორიაზე (დასავლეთ კავკასიაში) ალან-ოსების ცხოვრების ფაქტი ქართული საისტორიო წყაროებითაც დასტურდება. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, დასავლეთ კავკასიის მთიანეთში ალან-ოსების დასახლკარება ჰუნთა შემოსევების დროს მოხდა, ე. ი. ახ. წ. IV საუკუნის 70-იან წლების შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში ალან-ოსები ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში სახლდებიან, მაგრამ მათი ნაწილი მთაში, იალბუზის მიდამოებშიც დასახლდა თუ არა _ ამის დამადასტურებელი წერილობითი მონაცემები არ არსებობს. ავტორის ვარაუდით, აქ მათი შემოსვლა ოდნავ მოგვიანებით, VI-VII საუკუნეებში უნდა მომხდარიყო (თოფჩიშვილი, 2008: 4) 

ოსთა ჩამოსახლების პრობლემა მჭიდროდ უკავშირდება ნარ-მამისონის ქვაბულის დვალეთის მოსახლეობის "დვალთა ეთნიკური ვინაობის" საკითხს. თუ დვალებს ოსებად მივიჩნევთ, ბუნებრივად უნდა ვაღიაროთ, რომ ოსები ძველთაგანვე ცხოვრობდნენ კავკასიის მთავარი ქედის პირიქითა კალთებზე. ხოლო თუ დამტკიცდება, რომ დვალები და ოსები სხვადასხვანი არიან, მაშინ ოსთა ჩამოსახლების საკითხებიც სხვანაირ გადაწყვეტას მოითხოვს, წერდა დ. გვრიტიშვილი (გვრიტიშვილი, 1949: 115) დვალეთი საქართველოს ისტორიული პროვინცია იყო. XVIII ს-დან მისი დიდი ნაწილი შედიოდა ქართლ-კახეთის სამეფოში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ XIX საუკუნის შუა ხანებამდე - ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში. დვალეთის დასავლეთი ნაწილი მამისონის ხეობა ჯერ რაჭის ერისთავებს ემორჩილებოდა, მოგვიანებით კი ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა. XIX საუკუნის შუა ხანებში რუსებმა დვალეთი ადმინისტრაციულად ჩამოაშორეს საქართველოს, ამჟამად კი ჩრდილო ოსეთის (ალანიის) შემადგენლობაშია. აკად. ივ. ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ,,საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით” საგანგებოდ შეჩერდა დვალეთზე. იგი წერდა: ,,დვალეთის შესახებ საგანგებოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ იგი კავკასიონის უღელტეხილის ორ, მთავარსა და პირიქითელს, ქედებს შუა არის მოქცეული... ეს დვალეთი ამ ადგილას საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთის მონაპირე ქვეყანა იყო. ძველთაგანვე დვალეთი საქართველოს ეკუთვნოდა მაგრამ ამ სამზღვარს განსაკუთრებული ყურადღება XII საუკუნითგან მიექცა... თვით საქართველოს დაუძლურების დროსაც მე_XVIII ს-ის დამდეგსაც დვალეთი ქართველთა ხელში იყო, ვახტანგ VI-მ კვალვინდებყრად მტკიცედ დაიპყრა დვალეთი და დასდვნა ხარკნი საუკუნეთა განმავლობაში... საქართველოს მთავრობა ამ კუთხეს (დვალეთს) საქართველოსათვის ფრიად მნიშვნელოვან კარად სთვლიდა და მის გამო მას ფხიზელ დარაჯად უდგა, საგანგებოდ არდონის გასვალთან ზღუდეც კი ააგო, რომ თუ საჭირი იქნებოდა მტრის შემოსვლის მხრივ ამ სახიფათო კარის დახშვა ადვილად შეძლებოდა” (ჯავახიშვილი, 1989: 10-12). 

კ. კეკელიძემ დვალები ოსებად მიიჩნია. მისი აზრით, ,,ნიკოლოზი (XIV-ს) იყო დვალი... ე.ი. გვალეთიდან, ან ჯავის ხეობის, დიდი ლიახვის, ოსეთიდან, ცხინვალის ზემოთ... ეს ძეგლი (,,ცხოვრებაი წმინდისა ნიკოლოზ დვალისაი) საინტერესოა მით რომ ცნობებს გვაწვდის ოსების ქრისტიანიზაციისა და ქართიზაციის შესახებ.” (კეკელიძე, 1980:. 542) 

ქართველ მკვლევართაგან გასული საუკუნის 90-იდან მოყოლებული დვალეთის პრობლემას შეეხო: ვახ. ითონიშვილი, ბ. გამყრელიძე, რ. თოფჩიშვილი. ქართველ მეცნიერთა აზრით დვალეთში ოსთა დასახლება XV ს-ის ბოლოს დაიწყო და ის ძირითადად XVI ს-ში დასრულდა. XVII ს-ში დვალეთში მოსახლეობის ეთნიკური ცვლილება უკვე განხორციელებულია. მაგრამ როგორც ჩანს, ამ საუკუნეში ბევრ დვალს ეთნიკური თავისთავადობა კვლავ შენარჩუნებული აქვს, რადგან, მთის პირობებში კულტურლ-ეთნიკური ასიმილაცია, ბარისაგან განსხვავებით, ერთობ გაძნელებულია. ოსები დვალეთში ალაგირის ხეობიდან გადმოსახლდნენ და მათი აქ (აგრეთვე შიდა ქართლის მთიანეთში) მიგრაცია XVIII ს-ის 70-80-იან წლებამდე გრძელდებოდა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ოსურმა ეთნოსმა ადგილობრივთა ეთნონიმი _ დვალი (ოსურად "თუალი") საკუთარ ეთნონიმად აქცია. ასეთი შემთხვევა მსოფლიოს ეთნოისტორიიდან არაერთია ცნობილი (თოფჩიშვილი, 2005: 92). რ თოფჩიშვლი განიხილავს დვალების ეთნიკური ვინაობის შესახებ მეცნიერებაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პირველ რიგში აღიშნავს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობილ ფრაზას, რომ მათ "ენა აქუთ ძუელი, დვალური, და აწ უბნობენ ოსურსა საკუთრად". ავტორის აზრით, ვ. გამრეკელის საენციკლოპედიო სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებას დვალთა ზანური წარმომავლობის შესახებ რეალური საფუძველი ჰქონდა. თუმცა ფიქრობს, რომ დვალები არ იყვნენ ზანების იდენტურნი. ისინი ერთ-ერთი ქართველური ენის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ლაპარაკობდნენ ზანურსა და სვანურს შორის მდგომ ენაზე. ამავე დროს, დვალური ენა უფრო ახლოს იდგა ზანურთან. 

ვ. გამრეკელს დვალები თავდაპირველად ვაინახებად, უფრო სწორად, ქართიზებულ ვაინახებად მიაჩნდა. მისი აზრით, დვალთა ქართიზაცია VII ს-ში უნდა მომხდარიყო, როდესაც, არაბობის გამო შეწუხებული ქართლის მოსახლეობა სხვადასხვა მიმართულებით მიგრირდებოდა" (გამრეკელი, 1968). როგორც ზემოთ ითქვა მან ბოლოს ეს შეხედულება შეიცვალა და დვალები, ქართველურ ტომად, ზანებად მიიჩნია.
ძველი დვალების ეთნიკურ ოსებად გამოცხადება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამიტომ ზ. ვანეევი წერდა, რომ დვალეთი მხოლოდ გეოგრაფიული ცნება იყო და არავითარი კავშირი არ ჰქონდა ეთნო-კულტურულ მიკუთვნებულობასთან, იმავდროულად კი, როდესაც ზოგიერთი მკვლევარი იგივე პრინციპის ალანებთან დაკავშირებით გამოყენებას ცდილობდა, იგი ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ ალანები მკაფიოდ გამოხატულ კულტურულ-ენობრივ ერთობას წარმოადგენდნენ (ვანეევი, 1989: 130-134). ქართველ ავტორთაგან დვალთა ეთნიკური წარმომავლობის საკითხს შეეხო ბ. გამყრელიძე. მას მიჩნდა, რომ, დვალეთი "ძველთაგანვე ეთნიკურად, კულტურულად, ადმინისტრაციულად ქართული სამყაროს შემადგენელი ნაწილი იყო”. მან დვალეთში დააფიქსირა საყურადღებო ეთნოგრაფიული მასალა ოსთა მიგრაცია-განსახლებისა და ადგილობრივი გვარების შესახებ (გამყრელიძე, 1998; გამყრელიძე, 2003; გამყრელიძე, 1994).

კ. ხარაძე შიდა ქართლის ჩრდილო რეგიონის ტოპონიმების კვლევისას აღნიშნავდა, რა რომ ტოპონიმი დვალეთი ქართული წარმოშობისაა, ფუძეს დართული ქართული სუფიქსი -ეთ, ხოლო ანთროპონიმები _ დვალი და დვალიშვილი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში, ასევე მიიჩნევს რო თრუსო და დვალეთი გვიან საუკუნეებში დაასახლეს ჩრდილოეთიდან მიგრირებულმა ოსებმა (ხარაძე, 1995: 159).
გასული საუკუნის 80-იან წლებამდე ოსი ავტორები იძულებული იყვნენ ეღიარებიანათ, რომ შიდა ქართლი წინამონღოლურ ხანაში დასახლებული იყო ქართველებით და დვალებით. პირველი ოსური დასახლებები იქ მხოლოდ XIV საუკუნეში გაჩნდა, შემდგომ კი მრავალჯერ შემოდიოდნენ ახალი ოსური ტალღები. ამასთან, ხაზი ჰქონდა გასმული, რომ ეს რეგიონი ყოველთვის ქართველ მმართველთა კონტროლს ექვემდებარებოდნენ (ტეხოვი, 1985: 68-100). 

რ. თოფჩიშვილმა ოსთა საქართველოში ჩამოსახლების შემდეგი სქემა ჩამოაყალიბა _ ოსები ქართველთა უშუალო მეზობლებად XIII-XIV საუკუნეებიდან გვევლინებიან. XIV ს-ში ოსების ერთმა ჯგუფმა ისრგებლა საქართველოს დასუსტებით და მონღოლთა მხარდაჭერით სცადა საქართველოს შიდა ქართლის მხარეში დასახლება. ოსების ეს ჯგუფი გიორგი V ბრწყინვალის მიერ განადგურებული და გაძევებულ იქნა საქართველოდან. ოსეთიდან საქართველოში შემოსასვლელი ორივე კარი (დარიალი, კასრისკარი) მტკიცედ ჩაკეტეს ამიტომ კარგა ხნით შეაჩერდა ოსთა საქართველოში მიგრაცია. კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე საქართველოს ისტორიულ პროვინციაში _ დვალეთში, ოსების შემოსახლება კანტიკუნტად იწყება XV ს-ის ბოლოს. ეს პროცესი აქ ძირითადად განხორციელდა XVI ს-ში. XVII ს-ში კი დვალეთში დასრულდა ადგილობრივი ქართველური ტომის _ დვალების ასიმილაცია ოსების მიერ. დვალეთში მოსახლეობის ეთნიკურ-ენობრივ ცვლილებას ამ პროვინციის საქართველოდან ჩამოცილება არ მოჰყოლია. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელ მანძილზე და რუსეთის კოლონიად გადაქცევის შემდეგაც დვალეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო (1859 წლამდე). 

დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა პირველი დასახლებები ჩნდება თრუსოსა (მდ. თერგის სათავე) და მაღრან-დვალეთში (მდ. დიდი ლიახვის სათავე). ოსების აქ დასახლება ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ხეობებიდან XVII ს-ის შუა ხანებში განხორციელდა. მთელი რიგი საისტორიო მონაცემებით, XVII ს-ის პირველ ნახევარში შიდა ქართლის მთიანეთი (დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ხეობები) ნასოფლარებით იყო მოფენილი. აქედან აყრილი ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ბარში იყო საცხოვრებლად წასული. შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, მდინარეების: დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ზემო წელში, ოსთა მიგრაცია ხდება XVII ს-ის მეორე ნახევრიდან. ისინი თანდათან მოიწევენ სამხრეთისაკენ და XVIII ს-ის 30-იანი წლებისათვის ითვისებენ დასახელებული ორი ხეობის მთიან ნაწილს მთლიანად. აქ, დასახელებულ პერიოდში, ზოგიერთ მთიან სოფელში ოსები თანაცხოვრობდნენ ადგილზე დარჩენილ მცირერიცხოვან ქართულ მოსახლეობასთან ერთად. 

XVIII ს-ის მთელ მანძილზე ოსები შიდა ქართლის მთისწინეთში ფაქტობრივად არსად ცხოვრობდნენ. ოსთა მიერ შიდა ქართლის მთისწინეთის სოფლებში (უფრო ხშირად ნასოფლარებში) ჩასახლება იწყება XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში. XVIII ს-ის დასასრულსა და XIX ს-ის დასაწყისში ოსები იკავებენ პატარა ლიახვის ხეობის მთისწინეთის მნიშვნელოვან მონაკვეთს. ამ პერიოდიდან და განსაკუთრებით XIX ს-ის პირველ ათეულ წელს ხდება ოსთა გაჟონვითი ანუ ინდივიდუალური განთესვა შიდა ქართლის მთიანეთიდან შიდა ქართლის მთისწინეთისა და ბარის სოფლებში (თოფჩიშვილი, 2005: 113-114). ცნობილი ოსი მეცნიერი ვასილ აბაევი წერდა, რომ ოსები ქსნის ხეობაში ბოლო 200 წლის განმავლობაში არიან ჩამოსახლებული (აბაევი, 1959:501)

ოსი ავტორები, კავკასიაში ოსთა ისტორიის დაძველების მიზნით, ირანული მოდგმის ხალხების კავკასიის მთებში ინფილტრაციის პერიოდად ადრე რკინის ხანას მიიჩნევენ (გაგლოითი, 1994: 4-20). ამგვარი მოსაზრებების დასამტკიცებლათ ისინი ეყრდნობიან ძირითადად არქეოლოგიურ მასალას და ლინგვისტურ მონაცემებს. ასე მაგალითად, ი. გაგლოითის ჰიპოთეზის თანახმად, სარმატები კავკასიის ქედის სამხრეთით ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე განსახლდნენ ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიელ მთიელთა უმეტესობას სწორედ სარმატები შეადგენდნენ. ამ დებულების განმტკიცებას იგი სტრაბონის ცნობით ცდილობს (გაგლოითი, 1994: 44-46). ამ თეორიული მონახაზის განმტკიცებას არქეოლოგიური და ლინგვისტური საფუძველიც ესაჭირეობოდა. ამ მიზნით, მეორე ოსმა მეცნიერმა ი. ძიძოითმა გადაწყვიტა სკვითების ენა ე.წ. ჯავის დიალექტთან დაეკავშირებინა, ხოლო ირონული დიალექტი _ სარმატების ენისათვის. აქედან უკვე ერთი ნაბიჯი რჩება მტკიცებამდე, რომ ჯავური დიალექტის მატარებელი სკვითები შიდა ქართლის ტერიტორიაზე ძვ. წ. აღ. VII-VI საუკუნეებში გამოჩნდნენ, ხოლო შემდგომში მათ შეუერთდა მონათესავე ირონული დიალექტის მატარებელი თუალების (დვალების) და ჩისანების სამხრეთ ოსური ჯგუფები (ძიძოითი, 1994: 58-59).

დასავლეთ საქართველოში ოსური მოსახლეობის ინფილტრაციის საკითხებს შეეხო ქართველი ეთნოლოგი, გ. ჩიქოვანი (ჩიქოვანი, 2003). იგი საველე ეთნოგრაფიული მასალის, სპეციალური ლიტერატურისა და საარქივო მონაცემების შეჯერების საფუძველზე შეეცადა, გარკვეული წარემოდგენა შეექმნა რაჭაში ოსების ჩამოსახლების პერიოდის, მარშუტების, მათი საზოგადოებრივი ცხოვრების და ქართულ-ოსური ურთიერთობის ასპექტებზე. გ. ჩიქოვანი ხალხურ გადმოცემებზე დაყრდნობით დაასკვნის, რომ საქართველოში ოსთა ჩამოსახლების სამი გზა არსებობდა: ერთი, როდესაც იმიერკავკასიიდან წამოსული ოსები საქართველოს მთიანეთში თვითნებურად, ძალით იკავებდნენ ადგილს (ამის ხშირი მაგალითებია დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის, ლეხურის და სხვ. ხეობები); მეორე _ როცა ქართველი მეფე ან თავადი თვითონ ასახლებდა ოსებს, მესამე _ როცა ეკონომიკური პირობებით შეწუხებული ოსი გლეხი ნებით ეყმობოდა ქართველ თავადს (ჩიქოვანი, 2003: 167).
რაც შეეხება ზემო რაჭის ტერიტორიას, აქ მკვლევარმა ოსთა ჩამოსახლების ორი გზა და მეთოდი დაადგინა _ 1. თვითნებური, როდესაც ჩრდ. ოსეთის მამისონის ხეობიდან, ასევე დასავლეთ საქართველოს კუდაროს მხრიდან გადმოსულმა ოსებმა, ქართველებისაგან დაუკითხავად აითვისეს მდ. ჭანჭახისა და ღარულას სათავეები და დაარსეს სოფლები ღურშევი (დაახლოებით მე-19 ს. 20-იან წლებში) და კვაჟა//კოზი (მე-20 საუკუნის დასაწყისში). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველების მხრივ ოსები წინააღმდეგობას არ წაწყდომიან. 2. კუდაროელი ოსები იჯარით იღებდნენ მიწას ქართველი აზნაურებისაგან; თანდათანობით ფეხს იკიდებდნენ მდ. სონტარულის ხეობის სათავეებში, რის შედეგადაც დაარსდა ორი ოსური სოფელი _ გადამში და ჭვებერი (მე-20 ს-ის დასაწყისი) (ჩიქოვანი, 2003: 167)
 
ოსური მოსახლეობის ქართულ მთიანეთში დამკვიდრების პროცესი, ზოგჯერ ერთგავარ შუალედურ ეტაპადაც გვევლინება, მათი საქართველოს ბარის რეგიონებში შემდგომი სვლისათვის. ბ. გამყრელიძე დააკვირდა ოსთა მიგრაციის თავისებურებებს და შეამჩნია, რომ 1886 წ. კუდაროს ხეობაში აღრიცხული იყო 281 ოჯახი, თუმცა აქ ოსური ოჯახების რიცხვი ძალიან ცვალებადი იყო, მათი ერთი ნაწილი მალევე ტოვებდა ამ ადგილებს და მიდიოდა საქართველოს სხვა ადგილებში, ხოლო ოსური მოსახლეობა ივსებოდა ჩრდილოეთიდან მიგრირებულთა ხარჯზე. ე. ვაშაკიძის აზრით, ამ ხშირი მიგარციების მიზეზი ის იყო, რომ ოსები ტრადიციულად მიწაზე არ იყვნენ მიჯაჭვული, ამიტომ ცდილობდნენ მისთვის რაც შეიძლება სწრაფად და მეტი გამოეწოვათ, გამოფიტულ მიწებს კი ტოვებდნენ და სხვაგან გადადიოდნენ (გამყრელიძე, 2003: 155). ამ დებულებას არ ეთანხმება ლ. ჩიბიროვი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ოსების გადასახლების მიზეზი მცირემიწიანობა და მძიმე სამეურნეო ეკოლოგიური პირობები იყო (ჩიბიროვი, 1987: 415).

წერილობითი წყაროები ოსი მკვლევარებისათვის სასურველი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომ, როგორც აღინიშნა, წინა პლანზე წამოსწიეს მატერიალური კულტურის, კერძოდ კი, არქეოლოგიური მასალის საფუძველზე სამხრეთ კავკასიაში თავიანთი ბინადრობის დაძველობის მცდელობები. ამ მიმართულებით პირველი სიტყვა ეკუთვნის ყობანური სიძველეების მკვლევარს ბ. ტეხოვს, რომლის სახელსაც უკავშირდება თლიის სამაროვანის აღმოჩენა. აღსანიშნავია, რომ თავის პირველ ნაშრომებში ტეხოვი გვერდს ვერ უვლიდა ყობანურ და კოლხურ კულტურას შორის არსებულ პარალელებს. იგი ცდილობდა არ შეხებოდა ხსენებულ კულტურათა მატარებელი ერთობების ეთნიკურ ნათესაობს და ამჯობინებდა საუბარს კულტურულ კონტაქტებზე. ერთხანს ტეხოვი ყობანურ კულტურას სამხრეთიდან წამოსულ ქართველურ ტომებსაც უკავშირებდა, რომლებიც თანდათანობით აირივნენ ადგილობრივ ჩრდილოკავკასიელებთან. რაც შეეხება ირანულენოვან მოსახლეობას, ისინი აქ მოგვიანებით გამოჩნდნენ (ტეხოვი, 1977: 190-215). თლიას სამაროვანზე საუბრისას იგი აღნიშნავდა, რომ ამ კულტურის წარმომადგენლები იყვნენ კავკასიელი აბორიგენები, რომელთაც განიცადეს ინდოევროპული კულტურის გავლენა (ტეხოვი, 1987: 29). 

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსათვის ტეხოვმა შეცვალა დამოკიდებულება კავკასიის ირანულენოვანი ხალხების წარმომავლობაზე და გამოაცხადა, რომ ირანელები წარმოადგენენ კავკასიის ავტოქთონებს. ამ დებულების დასამტკიცებლად მოგვიანებით მან წინ წამოსწია ჰიპოთეზა ხეთების თავდაპირველად კავკასიაში ცხოვრებისა და აქედან მცირე აზიაში გადასახლების თაობაზე _ მოგვიანებით კი კავკასიაში ინდოევროპელთა წამყვანი როლის შესახებ. იგი წერდა - ათასწლეულების მანძილზე არ ყოფილა პერიოდი კავკასიაში, განსაკუთრებით კი მის ცენტრალურ ნაწილში, რომ აქ ინდოევროპული და ირანული მოდგმის ხალხებს არ ეცხოვრათ. მართალია, მიგრაციული პროცესების შედეგად ბევრი მაცხოვრებელი ტოვებდა სამკვიდროს, მაგრამ ირანულენოვანი ტომები მუდამ აქ რჩებოდნენ და ასე თუ ისე ინარჩუნებდნენ ეთნიკურ იერსახეს (ტეხოვი, 1994: 8-14). ყობანური კულტურის კუთვნილებას ენდოევროპული, კერძოდ კი ირანულენოვანი მოდგმის ხალხებისადმი, რომლებიც დღევანდელი ოსების უშუალო წინაპრებად გვევლინებიან, იზიარებს ბევრი ოსი მკვლევარი _ მაგ. რ. გაგლოითი, ა. ჩოჩიევი და სხვები.

ქართველი არქეოლოგები სრულიად განსხვავებულ დასკვნებს აკეთებენ. ადრეული ბრინჯაოს ეპოქაში, საქართველოს ტერიტორიაზე და კერძოდ XX საუკუნეში წარმოქმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოდგენილია არქეოლოგიურ კომპლექსთა ჯგუფი, არქეოლოგიური კულტურის წრე, ეთნიკური ატრიბუციისათვის დამახასიათებელი ნიშნებით. იგი მტკავარ-არაქსის კულტურის სახელითაა ცნობილი. ეს კულტურა, რომელიც ძვ. წ. აღ IV ათასწლეულის მე-2 ნახევრიდან III ათასწლეულის მე-2 ნახევრამდე გრძელდება. შიდა ქართლის ტერიტირიაზეც მნიშვნელოვანი ძეგლებითაა წარმოდგენილი და გარკვეულ გენეტიკურ კავშირშია უფრო ადრე არსებულ არქეოლოგიურ კულტურასთან (ჯაფარიძე, 1991: 243-245). ამ კულტურის შემქმნელთ ეთნიკური ვინაობის სესახებ განსხვავებული შეხედულებები არსებობს: მკვლევართა ნაწილი მაგ. ე. კრუპნოვი ამ კულტურის შემოქმედებს კავკასიურ იბერიულ სამყაროსთან აკავშირებს, სხვები (გ. მელიქიშვილი, გ. მაჭავარიანი) არ გამორიცხავენ მტკვარ-არაქსის კულტურაში ინდოევროპული ელემენტის მონაწილეობას. ო. ჯაფარიძის აზრით კი, ამ კულტურის შექმნაში კავკასიის მკვიდრი ქართული და ხურიტული ტომები მონაწილეობდნენ (აფხაზავა, 1995: 48).

ქართველ მკვლევართა თავალსაზრისით, ასევე გენეტიკურად კავშირშია შიდა ქართლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადრებრინჯაოსა და შუა ბრინჯაოს არქეოლოგიური კულტურები (აფხაზავა, 1995: 49-51). ნ. აფხაზავა სამეცნიერო ლიტერატურის, ლინგვისტური და არქეოლოგიური მასალის ანალიზისის საფუძველზე ასკვნის, რომ შიდა ქართლი (თავის მთიანეთიანად) ადრე და შუაბრინჯაოს პერიოდებში სრულიად ერთგვაროვანი მატერიალური კულტურით ხასიათდება და ეთნიკური სიტუაციაც აქ შედარებით სტაბილური უნდა ყოფილიყო (აფხაზავა, 1995: 56).

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მკვლევარები არ უარყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე ცალკეული ინდოევროპული წარმომავლობის (სკვითების, კიმერიელების) მომთაბარე ხალხების ინფილტარციას, მიაჩნიათ, რომ მათ მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენიათ საქართველოსა და კერძოდ, შიდა ქართლში ეთნიკური სიტუაციის კონსტრუირებაში. ო. ჯაფარიძის დაკვირვებით, გვიანბრინჯაოს ხანიდან შიდა ქართლის მთისაწინეთის ტერიტორიაზე "სამთავრული" კულტურის მომძლავრება შეინიშნება (ჯაფარიძე, 1966: 26-27). ქართველ მკვლევართა უმეტესობა, არქეოლოგიური და ლინგვისტური მასალის, წერილობითი და ეპიგრაფიკული ისტორიული წყაროების შეჯერების გზით მივიდა დასკვნამდე, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. აღ XV საუკუნიდან IV საუკუნემდე და უფრო მოგვიანებითაც ძირითადად ეთნიკურად ერთი წარმომავლობის ხალხი, იბერები, ანუ ქართველები ცხოვრობდნენ (მუსხელიშვილი, 1977: 70). უფრო მეტიც, არქეოლოგ ნ. აფხაზავას აზრით, უძველესი დროიდან (ადრებრინჯაოს ხანა) შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (სამხრეთ ოსეთი) კულტურულ-ეთნიკური პროცესები არქეოლოგიური მასალის მიხედვით უმთავრესად ადგილობრივი, შინაგანი, განვითარების გზით მიმდინარეობდა. ყოველგვარი ცვლილება აქ საერთოქართველურ-კავკასიური "სცენარის" მიხედვით ხდებოდა (აფხაზავა, 1995: 87). 

ქართველ მეცნიერთა ზემოხსენებულ დებულებებს ამყარებს შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული ეპიგრაფიკული მასალა. ამ საკითხებს პუბლიკაციები მიუძღვნეს: მარი ბროსემ, პ. უვაროვამ, ე. თაყაიშვილმა, რ. მემფისაშვილმა, ვ. ცინცაძემ, ი. მეგრელიძემ, ნ. შოშიაშვილმა, გ. ოთხმეზურმა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გვხვდება მდიდარი ეპიგრაფიკული მასალა, რომელშიც დაფიქსირებულია ქართული დამწერლობის ყველა ტიპი და ქართული წელთაღრიცხვისათვის დამახასიათებელი ყველა წესი (ოთხმეზური, 1995: 126-156). 

კ. ხარაძე ხაზს უსვამს ოსთა საქართველოში ინფილტრაციის ძალადობრივ ხასიათს, მიგრაციის პირველივე ეტაპზე. იგი მიიჩნევს, რომ XIII საუკუნიდან XVII საუკუნის ბოლომდე ამ მიგრაციებს ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა და XVIII საუკუნის დასაწისში ოსები თვით ზემო ჯავაშიც არ ყოფილან (ხარაძე, 1995: 162).

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან რადიკალურად შეიცვალა ოსი ავტორების დამოკიდებულება საქართველოში მათი წინაპრების მიგრაციის შესახებ. ახალი ჰიპოთეზის დასამტკიცებელი წერილობითი წყაროების სიმწირიდან გამომდინარე, იძულებული იყვნენ არქეოლოგიური მასალის თავისებური გააზრება მოეხდინათ და ოსთა ავტოქთონობის სამტკიცებლად ხელახალი კონცეპტუალური საფუძვლები გამოეძებნათ. ამისათვის მათ სრულიად აწყობდათ ტეხოვის ახალი თეორია ოსების ავტოქთონობისა და ირანულენოვანობის შეთავსების შესახებ. ამდენად, ოსები გამოცხადდნენ კავკასიის უძველეს ხალხად, ადგილობრივი ყობანური კულტურის შემოქმედებად (ჩიბიროვი, 1994). თუმცა, ოსი Aავტორების ნაწილი იმ ხანებშიც რჩებოდა შედარებით ზომიერ პოზიციებზე და სამხრეთ ოსეთს ალანთა სამეფოს იმ ნაწილად მიიჩნევდა, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში ალანთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ გადავიდა. (გალოითი, ხოსტიკოევა) (შნილერმანი, 2003: 494).

გასული საუკუნის ბოლო ხანებში შეიმჩნევა ახალი მითოლოგემების შექმნის პროცესი ოსი ავტორების მიერ. ძალიან რთულია ბოლო ხანების რუსულენოვან გამოცემებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ისტორიის შესახებ მეცნიერება ეწოდოს, რადგან უარყოფილია მეცნიერული არგუმენტაციის და ლოგიკური აზროვნების ელემენტარული ნორმები. ამგვარ "კვლევათა" ნიმუშს წარმოადგენს ყოფილი ეთნოგრაფის ა. ჩოჩიევის ნაშრომები. ჩოჩიევმა მიზნად დაისახა შეექმნა არგუმენტები ოსთა კავკასიასა და საქართველოში ავტოქთონობის დასამტკიცებლად და უზრუნველეყო ამ თეორიისადმი რუსეთის ნაციონალისტურ-რადიკალური წრეების მხარდაჭერა. ამ მიზანით მან შექმნა "ას-ალანების არიული იდეოლოგიის" პოსტულეტები, რომელთა მიხედვით, ოსები უძველესი "არიის" შთამომავლები არიან. სწორედ ამ "არიელ ქურუმთა" წრიდან იყო გამოსული კიევის რუსეთის დამაარსებელი ოლეგ რიურიკი. უფრო მეტიც, სწორედ ას-ალანებმა დაარსეს ქალაქები კიევი და მოსკოვი, ე.ი ფაქტიურად შექმნეს რუსული სახელმწიფო (შნილერმანი, 2003: 495).

სამხრეთ ოსეთის როლის განდიდების მიზნით ცხინვალი გამოცხადდა არა მარტო არიების უძველეს საკულტო ქალაქად, არამედ უძველესი რელიგიური პროცესების ეპიცენტრად. სწორედ ოსეთის მთებში იყო განმარტოებული იესო ქრისტე, ოსების წინაპრები იყვნენ პირველი მონოთეისტები, ხოლო ნართიადა, "ას-ალანების ბიბლია", არის უძველესი ნაწარმოები, რომელთანაც ავესტა მხოლოდ "უმცროსი დაა". ას-ალანები, რა თქმა უნდა, წარმოგვიდგებიან ცივილიზაციის საფუძვლის ჩამყრელად და ლეგენდარული ატლანდიდის დამფუძნებლებად. ბუნებრივია, ასეთი გაქანების ხალხი მხოლოდ ცხინვალის რეგიონში ვერ მოთავსდებოდა და ამიტომ ჩოჩიევსა და მის მიმდევრებს ას-ალანების სამშობლო საქართველოში ეგულებათ. საქართველოს სწორედ ას-ალანების დინასტია მართავდა, საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება უამრავი "არიული" სახელწოდება, ხოლო ქართული ისტორიული წყაროები ნართიადის გვიანდელ გადამღერებას წარმოადგენენ. ამ ტერიტორიის გაქართველება მოგვიანებით IV-XIII საუკუნეებში მოხდა (შნილერმანი, 2003: 497-498).

ამ ფონზე თითქოს უფრო ზომიერი ჩანს რუსულენოვან სამეცნიერო სივრცეში ძალზე პოპულარული მკვლევარი, მარკ ბლიევი, რომელიც იზიარებს ყობანური კულტურის ეპოქაში კავკასიაში ინდოევროპელთა, კერძოდ კი, სკვითების საყოველთაო ბატონობის თეორიას. იგი ოსებს და მათ შორის, სამხრეთელ ოსებსაც სწორედ ამ სკვითების შთამომავლებად მიიჩნევს (ბლიევი, 2006: 18). ანტიკურ ხანაში ქართულ-სკვითური გაერთიანებების განხილვისას მ. ბლიევი იმოწმებს სტრაბონის ცნობას და აცხადებს, რომ ქართველ წარჩინებულთა უმეტესობას ოსური წარმომავლობა ჰქონდათ; ოსთა დახმარებით გაიმარჯვეს ფარნავაზმა და ქუჯიმ; ოსები ბატონობდნენ საქართველოში ვახტანგ გორგასლის გამეფებამდე; იგი საუბრობს ქსნის ერისთავების ოსურ წარმომავლობაზე, დავით სოსლანის მიერ ფაქტობრივად ოსური სახელმწიფოს შექმნაზე და ა.შ. ერთი სიტყვით, ოსური ეთნიკური ელემენტი აღმოსავლეთ საქართველოში ყოველთის არსებობდა და ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში წამყვან როლსაც ასრულებდა. მოგვიანებით, ბლიევის თეორიით, აღ. საქართველოში ჩამოყალიბდა ირანული ტიპის ფეოდალიზმი, რომელიც თავისი დესპოტური ხასიათის გამო მიუღებელი აღმოჩნდა მეზობლად მცხოვრები სამხრეთ ოსებისათვის. ამიერიდან, ქართველი წარმომავლობის ფეოდალები მუდმივად ცდილობდნენ ოსი ხალხის დაკაბალებას (ბლიევი, 2006: 19-25). საინტერესოა რა არგუმენტაცია გააჩნია ოს მეცნიერს ზემოხსენებული დებულებების დასამტკიცებლად?! ბლიევი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თემის პოლიტიკური სიმწვავის, საქართველოში არასტაბილური მდგომარეობისა და ესტრემიზმის გავრცელების საფრთხის გამო, შიშობს არ განადგურდეს საქართველოში დაცული ისტორიული წყაროები და ამის გამო უარს ამბობს ზუსტ ციტირებაზე, მოაქვს მხოლოდ იმ წყაროებისა და ლიტერატურის სია, რომელებზე დაყრდნობითაც შექმნა ნაშრომი (ბლიევი, 2006: 12). 

ხსენებულ ნაშრომებს, როგორც წესი, სხვა ოსი ავტორები იმოწმებენ და იქნება შთაბეჭდილება, რომ ახალ ნაშრომს სოლიდური სამეცნიერო აპარატი გააჩნია. მაგალითად 2007 წ. გამოცემული წიგნის, "სამხრეთ ოსეთი ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივაში ", რეცენზირებისას რ. ძიძიათი წერს _ "Особым достоинством работы следует считать обширный научный аппарат, выгодно выделяющий её из изданий подобного рода" (ძიძოევი, 2008). ხსენებული წიგნის ავტორებს კი ამბიციური პრეტენზია აქვთ, _"გაასწორონ საუკუნეების მანძილზე ქართველ მეცნიერთა მიერ გაყალბებული ისტორია _ "Оказывается, редкие грузинские историки не подверглись искушению переиначить факты и события из истории Южной Осетии. Ладно, можно еще как-то по-своему интерпретировать не совсем ясные письменные свидетельства древних авторов, ссылаться на неточность переводов и прочее, но если уж и археологический материал фальсифицированно переиначивать, то это уже дело не исторической науки, а человеческой, связанной со здоровьем." ავტორები ეყრდნობიან რა, ყობანური და თლიის კულტურების იდენტურობას, ალან-ოსების კავკასიური ავტოქთონობის საკითხს გადაწყვეტილად თვლიან. შესაბამისად შიდა მიგრციის შესახებ მხოლოდ ერთი ქვეყნის, ოსეთის, შიგნით საუბრობენ. ქვეყნის გარეთ მიგრაცია კი მიმდინარეობდა საქართველოში, ოსები აღორძინებდნენ გაუკაცრილებული კახეთისა და ქართლის სოფლებს. სამხრეთ ოსეთის შიგნით მიმდინარე მიგრაციაზე აპელირებენ ქართველი ავტორებიПо_ "лмигрантов (подчеркнем — внутренних) была наиболее массовой и запомнившейся, и на эту миграцию и ссылаются чаще всего грузинские историки, вот, мол, когда появились на юге осетины, причем, одни говорят о XIII-XIV вв., а другие — о XVII-XVIII вв., а вглубь веков смотреть не хотят, не считают нужным" _ წერს წიგნის რეცენზენტი (ძიძოევი, 2008).. ამგვარი დამოკიდებულება არცაა საკვირველი თუ გავითვალისწინებთ, ოსური ისტორიოგრაფიის "წიაღსვლების ევოლუციას" ბოლო ოცწლეულში და გავიხსენებთ, რომ ხსენებული წიგნი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ე. კოკოითმა დაუკვეთა.

მართალია, რუსულენოვანი ავტორების ერთი ნაწილი ცდილობს მეცნიერული ეთიკის დაცვას, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის, აკვიატებული დებულებების და ენობრივი ბარიერის გამო მათი ნაშრომებიც შორსაა ობიექტურობისაგან. მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ შნილერმანის ნაშრომი "მეხსიერების ომები" (შნილერმანი, 2003). ავტორი სხვა საკითხებთან ერთად ეხება ოსური და ქართული ისტორიოგრაფიის საკითხებს. ერთი შეხედვით, ამ საკითხების მიმოხილვისას, იგი ცდილობს ობიექტური იყოს, ვერ ვიდავებთ მის, როგორც მკვლევარის კომპენტენტურობასა და საერთო ერუდიციაზე, მაგრამ ქართული კულტურული სამყარო ხსენებული ავტორისთვის უცხოა, ამასთან, ხელი მხოლოდ რუსულად ან ევროპულ ენებზე გამოცემულ ნაშრომებზე მიუწვდება.

ქართული ისტორიული მეცნიერების აქილევსის ქუსლად ბოლო ხანებამდე რჩება ის, რომ ნაშრომთა ტირაჟირება შეზღუდულია და მათი უცხო ენებზე თარგმნა და გავრცელება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვერ ხერხდება. გარკვეული აქტივობა, რომელიც ამ მიმართებით შეიმჩნევა, მხოლოდ ავტორთა ან ცალკეული პირების ინციატივებს ემყარება. ამის მიუხედავად, მოხერხდა რამდენიმე საინტერესო გამოკვლევისა და კრებულის რუსულ ენაზე თარგმნა და მათი ერთი ნაწილის ინტერნეტში განთავსება (Осетинский вопрос, (Сб). Тб 1994; Топчишвили Р, Грузино-осетинские этноисторические очерки, Тб. 2006; Топчишвили Р, Об осетинской мифологеме истории, Тб. 2005; Некоторые вопрсы истории Шида Картли, (Сб), Тб. 2010.) ცალკეული უზუსტობებისაგან არც ქართველი ავტორები არიან დაზღვეული, მაგრამ უდავოა, რომ ისინი, გარკევულ სიასტორიო ტრადიციებს ეყრდნობიან და მოვლენათა ანალიზს ისტორიული წყაროებისა და ლოგიკური არგუმენტების მეშვეობით ცდილობენ.
______________________________

[1] სიმპტომატურია რომ . შნილერმანს ქართველი მკვლევარი ნოე აფხაზავა გვარის დაბოლოების გამო ქალი ჰგონია (შნილერმანი, 2003. 491)


გამოყენებული ლიტერატურა 

1. ნ. აფხაზავა, კულტურულ-ეთნიკური პროცესები შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უძველესი დროიდან გვიან შუა საუკუნეებამდე (არქეოლოგიური მასალების მიხედვით), კრ. ოსთა საკითხი, თბ.1995
2. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ.II, თბ.1965
3. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.IX, თბ. 1979
4. ბ. გამყრელიძე, კუდაროს ხეობა, კეკ, VIII, 2003
5. გამყრელიძე ბ. ცენტრალური კავკასიის ეთნიკური ისტორიიდან (ეთნონომების "ოსი” და "დვალი”-ს მიმართების საკითხისათვის). _ "საისტორიო ძიებანი”, I,თბ., 1998
6. დ. გვრიტიშვილი, დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის, მიმომხილველი, I, თბ.1949
7. გ. თოგოშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი ოსეთისა და ოსების შესახებ, თბილისი, მეცნიერება, 1977
8. თოფჩიშვილი რ. საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები. თბილისი, 1997
9. თოფჩიშვილი რ. ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი, თბ.2008
10. რ. თოფჩიშვილი, კვლავ დვალთა Eეთნიკური ვინაობისათვის, ისტორიული ეტიუდები, ტ. 1. თბ.2005
11. რ. თოფჩიშვილი, ქართულ - ოსური ენობრივ - ეთნიკური ურთიერთობა და ენობრივი სიტუაცია საქართველოში მცხოვრებ ოსებში, ისტორიული ეტიუდები, ტ. 1. თბ.2005
12. ვახ. ითონიშვილი, დვალებისა და დვალეთის შესახებ, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორიიდან, თბილისი 1995
13. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტეარტურის ისტორია, I, თბილისი, 1980
14. დ. მუსხელიშვილი საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, 1, თბ. 1977
15. გ. ოთხმეზური, შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა, კრ. ოსთა საკითხი, თბილისი, 1995
16. ნ. ურბნელი (ხიზანიშვილი), გიორგი ბრწყინვალე მეფე საქართველოსი, ტფილისი, 1889
17. ზ. ჭიჭინაძე, ოსების ჩამოსახლება ქართლში და ქართველების ღვაწლი და ამაგი მათზე, ტფილისი, 1916 (თბ. 1990)
18. გ. ჩიქოვანი, დასავლეთ საქართველოში ოსთა ჩასახლების საკითხისათვის (რაჭა), კეკ, 2003
19. კ. ხარაძე, შიდა ქართლსი ტოპონიმთა გაყალბების წინააღმდეგ, კრ. ოსთა საკითხი, თბ.1995
20. ი. ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული, ისტორიული რარიტეტები, თბ.1989
21. ო. ჯაფარიძე, საქართველოს არქეოლოგია (ქვისა და ბრინჯაოს ხანა), თბ. 1991

22. Абаев В.И. Осетинский язык и фольклор, М. 1959
23. Блиев М. Южная Осетия в колизиях Росийско-Грузинских отношений, М.2006
24. Ванети З.Н. К вопросу времени заселения Юго-ОсетииИзв. Юго-Осет. НИИ АН Грузии, 1936, вып 3
25. Ванеев З.Н. Избранные работы по истории осетинского народа, Цхинвали, 1989
26. Волкова Н.Г., Миграции и этнокультурная адаптация горцев в условиях равнинного Кавказа ( XIX-XX вв.) – «Расы и народы», №18
27. Гамрекели В.Н., Двалы и Двалетия в I-XV вв. н.э., Тб., 1968
28. Гаглоити Ю.С. Сарматы и Центральный Кавказ , С.44-46// Техов Б.В. этнической принадлежности создателей кобанской культуры Центрального Кавказа, от скифов до осетин Материалы по осетиноведению, М 1994
29. Б. Гамкрелидзе, К вопросу о расселении осетин в Грузии, Осетинский вопрос, Тб., 1994
30. Дзиццойты Ю. А. Диалектология и древная история Южных Осетин, Гаглоити Ю.С. Сарматы и Центральный Кавказ , Тезиси докладов на конференцию по осетиноведению, под редакции Магомедова А.А., Владикавказ, 1994
31. Р. Г. Дзаттиаты, «Южная Осетия в ретроспективе грузино-осетинских отношений» (отклик), Республиканская общественно-политическая газета «Южная Осетия»3 мая 2008 г
32. В. Дзидзоев и К. Дзугаев, «Южная Осетия в ретроспективе грузино-осетинских отношений», Цх.2008
33. История Северо Осетинской АССР, 1, Орджоникидзе, 1987
34. Осетия и осетины, ред. ЧибировЛ.А. Владикавказ 1994
35. Пчелина Е.Г. Краткый историко-археологический очерк страны Ирон-Хусар // Материалы по изучению Грузии: Юго-Осетия, Тф, 1925
36. Периодическая печать Кавказа об Осетии и осетинах, Сост. Л. Чибиров, Цхинвали, 1987, т. 3
37. Техов Б.В. Центральный Кавказ вXVI_X вв.до н.э. М. 1977
38. Техов Б.В. (ред), Очерки истории Юго-Осетинской автономной области, Тб., 1985
39. Техов Б.В. К Этнической принадлежности создателей кобанской культуры Центрального Кавказа// От скифов до осетин: Материалы по осетиноведению, М. 1994
40. Шнилерман В.А., Войни Памяти, М. 2003
41. Маргиев А. Кочиева И. День катастрофы -888, ინტერნეტ ვერსია http://knigosite.ru/read/48470-gruziya-etnicheskie-chistki-v-otnoshenii-osetin-margiev-aleksej-kochieva-inga.html
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2883 | დაამატა: მამუკა | ტეგები: მიგრაცია, ლავრენტი ჯანიაშვილი, ოსთა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.