RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » სტატიები » საინსტიტუტო საუბრები

საინსტიტუტო საუბრები

2019 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა„საინსტიტუტო საუბრები“-ს მორიგი სემინარი.

მოხსენების თემა: „თანამედროვე ნამარხი მოსახლეობის გენეტიკური კვლევა - მასალები კავკასიის ეთნიკური ისტორიისათვის.“

მომხსენებელი: რამაზ შენგელია

 

სვანეთი. სვანური მოსახლეობის შესახებ შრომის დეტალების წარდგენის შემდგომ, მოკლედ შევაჯამებთ ჩვენს ძირითად მიგნებებს. დადასტურებულიაMtDNA გამოკვეთილი მრავალგვარობა სვანებში, სადაც უმეტესად დასავლეთ ევრაზიული, მაგრამ ხანდახან აღმოსავლეთ ევრაზიული დედისეული ხაზებია წარმოდგენილი. დედისეული ხაზის ფართო სპექტრი, რომელიც სვანებში და მათ გენეტიკურ, პოტენციურად განსხვავებულ წყაროებშია დაფიქსირებული, გვიჩვენებს, რომ ადამიანთა ჯგუფების მრავალჯერადმა ნაკადმა თავისი გენეტიკური წვლილი შეიტანა სამხრეთ კავკასიის ფორმირებაში. მათ შორის იგულისხმება ჩრდილოეთ აფრიკის/ახლო აღმოსავლეთის და თურქული/მონღოლური პოპულაციები. მრავალგვარობამ ასევე შესაძლოა, აგრეთვე, mtDNA ხაზების ურთიერთგაცვლაზე მოგვანიშნოს, რომელიც კვკასიის მაღალმთიან რეგიონში ქალის მოტაცების, პატრილოკალურობის და სხვა კულტურული პროცესებით იყო პირობადებული და რომელიც ტრადიციულად ზღუდავდა მამაკაცის, მაგრამ ხელს უწყობდა ქალის, გენეტიკურ გადინებას.  

ამისგან განსხვავებით, სვანებში მცირეა Y-ქრომოსომის ჰაპლოჯგუფების მრავალგვარობა, თვალნათლივი G2a პრედომინანტის ჩამოყალიბებით. სვანებში წარმოდგენილი მამისეული ხაზები ასევე უკავშირდება სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონს (ბალკანეთი, ახლოაღმოსავლეთი, ანატოლია, აღმოსავლეთევრაზია), რაც სავარაუდოდ, სამხრეთ კავკასიაში პოპულაციების მრავალჯერადი შემოდინებით უნდა აიხსნას და მეზობელი მაღალმთიანი მოსახლეობის მამისეული ხაზების  სიხშირეშიც გამოჩნდა. სვანების, ოსებისა და აფხაზების გენეტიკური სიახლოვე, მიუხედავად მათ შორის ლინგვისტური განსხვავებისა, მიუთითებს ამ სამი ეთნო-ლინგვისტური ჯგუფის, წარსულში საერთო მამისეულ გენოფონდზე. მაღალმთიანი მოსახლეობის ერთმანეთთან უფრო გამოხატული სიახლოვე, ვიდრე მაღალმთიანეთისა და დაბლობის მოსახლეობას შორის, გვაფიქრებინებს, რომ პირველებს ერთმანეთთან მეტი შერევა ჰქონდათ. 

აქ საინტერესო დასაბუთებას იღებს ოსების ეთნოგენეზის პრობლემა. ორი აზრი იმის თაობაზე, რომ ოსები ჩრდილო კავკასიაში მოსული ეთნოსია, არ არის. ისტორიკოსების  განსჯის საგანი, ძირითადად, ოსების ამ რეგიონში მოსვლის გზები და შემდგომ შესაძლო მიგრაციებია. 

განიხილება აღმოსავლეთიდან მათი მოსვლის გზები და თარიღები. საუბარია დასავლურ და, ამ ბოლო დროს, ჩრდილოურ ვარიანტებზეც კი. გენეტიკური კვლევის მონაცემები, ჩემი აზრით, პრაქტიკულად გამორიცხავს ამ თეორიებს. ოსები გენეტიკურად (ანთროპლოგიურად და კულტურულადაც) კავკასიურ ეთნოსს წარმოადგენენ. მაშინ საიდან გაჩნდა მათი ირანული მეტყველება და აზრი მათი უეჭველი მიგრაციისა საიდანღაც?

ქრ.შ.მდე პირველი საუკუნის ისტორიკოსი დიოდორ სიცილიელი, რომელიც თანამედროვეა ოსების დასახლებისა ჩრდილოეთ კავკასიაში წერს, რომ ოსების წინაპრებად აღიარებული სარმატები იმ დატყვევებული მიდიელების ჩამომავლები იყვნენ, რომელნიც  სამხრეთიდან დევნილმა სკვითებმა თან წაიყვანეს და მდ.ტანაისის (დღ. დონის) ნაპირებთან დაასახლეს. ამ ცნობას იმეორებს რომაელი ისტორიკოსო პლინიუს უფროსიც. რატომღაც ამ ვარიანტს არასოდეს მიქცევია სათანადო ყურადღება: აღნიშნავდნენ, მაგრამ არ განიხილავდნენ სერიოზულად. მიდიელების მიგრაცია სამხრეთიდან (სკვითების დახმარებით თუ მათ გარეშე) სერიოზული მიზეზით იყო განპირობებული: ერთ დროს აყვავებული ქვეყანა სპარსელების მიერ იყო დაპყრობილი, რომელთაც მათ ირანული ენა მოახვიეს თავს დამეორეხარისხოვან ხალხად აქციეს. სკვითების მიერ დროებით „განთავისუფლებულებმა“, ამ უკანასკნელთა დამარცხების მერე დასტოვეს ქვეყანა და თავი ჩრდილოეთ კავკასიას შეაფარეს. ენა ირანული დარჩა, გენეტიკა - კავკასიური. ეს მათი ერთადერთი მიგრაცია არ უნდა ყოფილიყო. იყო ან მანამდეც და ან მის შემდეგ. 

მიგრაცია, როგორც ჩანს, განხორციელდა შავიზღვისპირეთის გავლით, რამაც ადგილობრივ კვალიც დატოვა. მეორე მიგრაცია, შესაძლოა, განხორციელდა აღმოსავლეთიდანაც, კასპიის ზღვის შემოვლით და ეს უკვე ამ „აღმოსავლური თეორიების საფუძველი“ გახდებოდა. ოსებში დღესაცორი ტომი ფიგურირებს: დიგორელები და ირები. ისინი დიალექტურად და ანთროპოლოგიურადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან დასწორედამ ორი, დროსა და სივრცეში განხორიელებული სხვადასხვა მიგრაციის შედეგად უნდა იყვნენ ჩამოყალიბებული. რასაკვირველია, შემდგომი შერევებით R1a ჰაპლოჯგუფის მატარებელი თურქულენოვანი ხალხისა.

ეს თურქულენოვანი ხალხი კი ნამდვილად მკაცრად აღმოსავლეთიდან არიან მოსულები და ჩრდილოეთ (და არამარტო ჩრდილოეთ) კავკასიას თავისი კვალი დააჩნიეს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ გენეტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ბოლო დროს სვანური ენის საერთოქართულიდან გამოყოფის შესახებ გამართულ დისკუსიასაც გამოვეხმაურებით. პროფესორ როლანდ თოფჩიშვილის მიერ გამოთქმულ აზრს სვანური ენის განვითარებაში, საკმაოდ გვიანდელ ეტაპზე, თურქულის გავლენის თაობაზე შესაძლოა ის არგუმენტი დაემატოს, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, სვანების გენეტიკურ პროფილში, არცთუ ძლიერი, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევიპლასტი შინიშნება R1a ჰაპლოჯგუფის სახით. ამას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ სვანების მეზობლად მცხოვრები ბალყარელები და ყარაჩაელები, რომლებიც პრაქტიკულად „სვანური გენეტიკის“ იდენტური არიან, უფრო დიდი დოზით შეიცავენ ამ ჰაპლოჯგუფს და შესაბამისად, თურქული ენის ერთერთ დიალექტზე მეტყველებენ. სვანებში კი ეს მკრთალად აისახა. სვანებს, ბალყარელებსა და ყარაჩაელებს აერთიანებთ მსგავსი გვარები და სახელები, ტრადიციები, მითოლოგია და ა.შ. მათ მეხსიერებაში აქვთ შემონახული ამ ნათესაობის შესახებ.

სამხრეთ კავკასიაში თურქული კვალი უკვე სამხრეთიდან ჩნდება და მას უკვე სხვა თავისებურებები გააჩნია.

 

სამეგრელო.  სამეგრელოს მონაცემების დამუშავება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ბუნებრივია გამოქვეყნებულიც არ არის. კოლეგებთან შეთანხმებისამებრ შემიძლია მოგახსენოთ ძირითადი ტენდენციების შესახებ. საერთო გენეტიკური სურათი ძირითადად ზოგადქართულია, მისი დასავლური ვარიანტით. mtDNA აქ, ისევე, როგორც სვანეთშიკვლავ რჩება უჩვეულოდ მრავალფეროვნად: დიდი პროცენტით არის წარმოდგენილი U ჰაპლოჯგუფი, თავისი სუბკლეიდებით და ეს უკვე მთელი ამ რეგიონის დამახასიათებლად შეიძლება ვაღიაროთ. ასევე, გამოჩნდა X და W ჰაპლოჯგუფები, რომელნიც ასევე დასავლეთ ევრაზიულ და ახლო აღმოსავლური წარმოშობისაა. მთელი ეს სურათი მეტყველებს ამ რეგიონში ქართული მოსახლეობის დიდი ხნის არსებობას და ინტენსიურ სოციალურ, პოლიტიკურ და ალბათ, ეკონომიკურ აქტივობას. 

Y-ქრომოსომის გავრცელებისა და ნაირგვარობის სურათი რამდენადმე განსხვავდება სვანურისგან თავისი მრავალფეროვნებით.აქ დომინანტური რჩება G2a სუბკლეიდი, თუმცა ჩამორჩება სვანურ მაჩვენებელს. სამაგიეროდ, წამოდგენილია უფრო ფართო სპექტრი ჰაპლოჯგუფებისა, რაც ამ რეგიონის მეტ კონტაქტებზე მიუთითებს და რაც, სრულიად ბუნებრივად მისი გეოგრაფიული უზრუნველყოფით არის განპირობებული.  J2  ჰაპლოჯგუფის მაღალი პროცენტით არსებობა რეგიონის ახლო აღმოსავლეთთან მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. R1a თურქულენოვანი მასის მიგრაციაზე მიგვანიშნებს, რისი პოლიტიკური განმსაზღვრელი მუდამ არსებობდა. R1b ინდოირანული ან ევროპული გავლენის შედეგია.  E1b1bჰაპლოჯგუფი იმანენტურია თავისი ხმეთაშუაზღვისპირული ბუნებიდან გამომდინარე და ქართულ სოციუმში საინტერესო კლასტერს ჰქმნის. კვლავ გამოცანად რჩება  L ჰაპლოჯგუფი თავისი ე.წ. „პაკისტანური“ წარმოშობით. ამ რეგიონს ქართველები ტრადიციულად სინდეთს უწოდებდნენ, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ და ყველაფერი ეს სერიოზულიგანსჯის აუცილებლობას ქმნის, მითუმეტეს, რომ ეს ჰაპლოჯგუფი ლაზურ-ჭანურ პოლულაციაში 20%-ს აჭარბებს.

 

აღმოსავლეთ საქართველო - 140

კვლევამ, რომელიც საკმაოდ შეზღუდულ კონტინგენტზე ჩატარდა მოგვცა შედეგები, რომელიც ლიტერატურაში არსებულ მონაცემებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თუმცა გვაძლევს სერიოზულ საფუძველს კრიტიკულად შევხედოთ ზოგიერთ თეზას და აუცილებლად მივიჩნევთ  კვლევების არეალისა და გამოკვლეულთა რაოდენობის გაზრდას. 

მოკლედ დასკვნები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

1. თუშების და ფერეიდნელების პოპულაციები უფრო ერთგვაროვანია სხვა შესწავლილ ჯგუფებთან შედარებით. ორივეში ჭარბობს ჰაპლოჯგუფი J2, თუმცა ასევე გვხვდება G2a. ეს ორი ჰაპლოჯგუფი ჭარბობს ზოგადად ქართველებში, თუმცა ცხადია ქართველების პოპულაცია გაცილებით მრავალფეროვანია გენეტიკურად. ორივე  ეთნოგრაფიული ჯგუფის სხვა ქართულ ეთნოგრაფიულ ჯგუფებთან ნათესაობა დასტურდება, თუმცა, ამავე დროს, მათი იზოლირებულად, პატრილოკალურად განვითარების  ტენდენციის დანახვა შეიძლება.

ეს პოპულაციები ასევე ხასიათდება ჰეტეროზიგოტულობის დაბალი დონით, ალელების შედარებით მცირე რიცხვით და დაბალი გარცა-ვილიამსონის ინდექსით, რაც მიუთითებს, რომ მათ ისტორიის რაღაც ეტაპზე შესაძლოა  „ბოთლის ყელი“ გაევლოთ, ანუ ორივე პოპულაციაში კაცების რაოდენობა ისტორიის მანძილზე ერთხელ მაინც მნიშვნელოვნად (კრიტიკულად) უნდა შემცირებულიყო.

2. სომხების, აზერბაიჯანელების და ბერძნების პოპულაციები გაცილებით მრავალფეროვანია გენეტიკურად. ეს ადასტურებს ზემომოტანილ თეზას ამ ერებში მრავალჯერადი გენეტიკური შერევის შესახებ. Kკერძოდ: სომხებში იკვეთება კავკასია-ანატოლიის (შესაძლოა უფრო ფართო გეოგრაფიის წარმოდგენაც) უძველესი მოსახლეობისა და მოგვიანებით გამოჩენილი ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ეთნიკური ჯგუფებისა (ირანელები, ბერძნები) და გარკვეული დოზით, სემიტიზაციის (ასირიელები, არაბები, ებრაელები) კვალი. თავისი როლი უნდა ეთამაშა ალბანელთა სრულ ასიმილაციას, რამაც შესაბამისი ჰაპლოჯგუფები გააჩინა ზოგად სპექტრში. თუ რომელი კლეიდი ან სუბკლეიდია ეს, მხოლოდ უდიელების კვლევით დადგინდება. 

3. დაახლოებით იგივე ითქმის აზერბაიჯანულ მოსახლეობასზეც, სადაც „სიჭრელეს“ უკვე თურქმანულ, ირანულ და ცენტრალურ აზიურ ნაკადებთან ერთად კვლავ კავკასიურ-ანატოლიურ-ხმელთაშუაზღვისპირული სუბსტრატი ჰქმნის, რაც, შესაძლოა, ისევ და ისევ, ალბანური წინარე მოსახლეობის ასიმილაციის შედეგი იყოს.

4.ასე რომ, ჩვენი აზრით, აღნიშნული ხუთივე პოპულაციის გენეტიკური სიახლოვე განპირობებული უნდა იყოს: ა) კავკასია-ანატოლიაში, ისტორიულ წარსულში, ერთიანი გენეტიკური სპექტრის მქონე მოსახლეობის ფენა, შესაძლო ენობრივი და კულტურული ერთობით;  ბ) ალბანური მოსახლეობის გენეტიკური წვლილი განსაკუთრებით აღმოსავლეთ კავკასიაშიმცხოვრები მოსახლეობის გენოფონდის ფორმირებაში; გ) საერთო მიგრაციული პროცესების არსებობა; დ) ურთიერთშერევის პროცესი.

5. პონტოელ ბერძნებში L-ის ჰაპლოჯგუფის მაღალმა პროცენტმა გაამყარა ჰიპოთეზა სამხრეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები ლაზებისა და საქართველოში გადმოსახლებული ბერძნების გენეტიკური ახლობლობის შესახებ, ანუ გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე (ან პერმანენტულად) ლაზების გარკვეული ნაწილის ელინიზაციის შესაძლებლობის შესახებ, რაც, ბიზანტიის ცნობილი იმპერიული პოლიტიკიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი არ უნდა იყოს. პონტოელ ბერძნებში განსაკუთრებით მაღალია გარცა-ვილიამსონის ინდექსი, რაც აჩვენებს, რომ არცთუ შორეულ ისტორიულ წარსულში ისინი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყვნენ ან მრავალრიცხოვან ხალხს გამოეყვნენ.

6. თუშების პოპულაცია განსაკუთრებით განზე დგას სხვა საკვლევი პოპულაციისგან. აქ, როგორც ჩანს, მიგრაციული პროცესები ნაკლებად მიმდინარეობდა და განვითარებაც (მამაკაცის ხაზი) იზოლაციურ ხასიათს ატარებდა. მასთან შედარებით, ოთხი დანარჩენი პოპულაცია ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებადაა განსხვავებული. მათგან ფერეიდნელების გამოყოფა შეიძლება, რომლებიც მსგავსებას აზერბაიჯანელებთან ამჟღავნებენ, რაც შესაძლოა საერთო ალბანური ძირებითა და ურთიერთშერევით აიხსნას. 

7. სომხების და აზერბაიჯანელების მამაკაცის ხაზები ფაქტიურად ვერ გაირჩევა, რაც საერთო ირანული, ალბანური და სემიტური გენეტიკური სუბსტრატით, დიდი ხნის მანძილზე მეზობლად ცხოვრებით, ურთიერთშერევით უნდა აიხსნას. სომხები ბერძნებთან ამჟღავნებენ ძლიერ სიახლოვეს, რაც ბოლო 3-4 ათასი წლის მანზილზე ანატოლიის ტოტალურ ინდო-ევროპეზაციას (ელინიზაციას) უნდა უკავშირდებოდეს. ასევე, ბერძნებსა და სომხებში საერთო წინარეელინური საერთო ძირების არსებობას.

კავკასიის (საქართველოს) მომავალი, მიზანმიმართული და კეთილსინდისიერი პოპულაციური და ფილოგენეტიკური კვლევა ბევრი სიახლის შემცველი უნდა იყოს, რომელიც არამარტო რეგიონული მასშტაბის კითხვებს გასცემს პასუხს.

კატეგორია: საინსტიტუტო საუბრები | დაამატა: მამუკა (2019-11-15)
ნანახია: 348 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.