RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » სტატიები » პუბლიკაციები » ახალი და უახლ. ისტ.

ვაჟა კიკნაძე: ილია ჭავჭავაძე და მე-19 საუკუნის სამღვდელოება [თბილისი, 2007]

ილია ჭავჭავაძემ თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ღრმა კვალი დაამჩნია ქართული კულტურის, ლიტერატურის, ისტორიის, ყოფის, ეკონომიკის, აზროვნების მრავალ მხარეს.

ილიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა მე-19 ს. მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის გამორჩეულ ქართველ თუ უცხოელ სასულიერო მოღვაწეებთანაც. კერძოდ, ეპისკოპოსებთან: გაბრიელთან (ქიქოძე), ალექსანდრესთან (ოქროპირიძე), კირიონთან (საძაგლიშვილი), პეტრესთან (კონჭოშვილი) და ა. შ. სამწუხაროდ, ილიას მათთან ურთიერთობების ამსახველი მასალები საკმაოდ მწირი და ხშირად ფრაგმენტულია; ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ან ახლებურად წარმოვაჩინოთ ილია მართლის ურთიერთობა მისი ეპოქის სამღვდელოებასთან. ცხადია, ეს ურთიერთობები ბევრად უფრო მეტი დატვირთვის შემცველია, ვიდრე დიდი ქართველი მწერლისა და მოაზროვნის უბრალო ადამიანური კონტაქტები გამორჩეულ ქართველ თუ რუს საეკლესიო პირებთან. ილიას კონტაქტები სამღვდელოებასთან უნდა განვიხილოთ როგორც საერთო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემადგენელი კომპონენტი, შემაგრებული პირადი ურთიერთობების ძალით.

უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს ეკლესიის საჭირბოროტო საკითხებზე, ილია უპირველესად წმ. ეპისკოპოს გაბრიელს ეთათბირებოდა. შემორჩენილია ილიას მიერ ღრმა მოწიწებით შედგენილი წერილი, რომლითაც ის მეუფე გაბრიელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრობას სთავაზობს [1; 22-23]. ასეთივე დიდი მოწიწებით და პატივისცემით გამოირჩევა Gგაბრიელ ეპისკოპოსის პასუხი [1; 23].

გაბრიელ ეპისკოპოსი, ილიას ქუთაისში ყოფნისას უნდა გაეცნო 1864 წელს. ის, რომ მეუფე გაბრიელი ილიას ვიზიტით არაერთხელ სწვევია, ჩანს იმ სავიზიტო ბარათიდანაც [1] , რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილიას პირად ფონდშია დაცული [2; საქმე 700, N36]. ბარათზე მეუფე გაბრიელს საკუთარი ხელით წაუწერია "Гавриил, епископ Имеретии”. ილიას განსაკუთრებულ მოწიწებას მეუფე გაბრიელისადმი ადასტურებს თანამედროვის, ოლგა აგლაძის მოგონებები. იგი წერს: "გაბრიელ ეპისკოპოსიც მახსოვს ილიას ოჯახში [...] ერთად მოვიდოდნენ ხოლმე გაბრიელი, ნიკო ნიკოლაძე და კირილე ლორთქიფანიძე[...] მეორეჯერაც მახსოვს გაბრიელი ილიასთან. მაშინ კი მარტო მოვიდა. დიდხანს ისხდნენ სუფრაზე. დიდხანს ბაასობდნენ დინჯად. მაშინაც კარებამდე ჩააცილა ილიამ თავისი სტუმარი. – ეგ, დიდი ადამიანიაო, თქვა ილიამ, გაბრიელის გაცილების შემდეგ” [3; 197].

ილიამ შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა გელათში გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის დღესაც [4; VIII-IX]

საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და მისი ეპოქისათვის აქტუალურ საკითხებზე ილია უთუოდ ბევრს ეთათბირებოდა ეპისკოპოს კირიონსაც (შემდეგში საქართველოს ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქს). შამწუხაროდ, ეს კონტაქტებიც მხოლოდ ფრაგმენტულადაა ასახული დოკუმენტებსა თუ მემუარებში.

ზევით ნახსენები ოლგა აგლაძე, რომელიც თბილისის რკინიგზის ტელეგრაფში მსახურობდა, ილიასა და კირიონის ურთიერთობების ერთ საინტერესო ეპიზოდს იხსენებს: "ვოსტორგოვმა, ცნობილმა რუსმა შავრაზმელმა მღვდელმა, დეპეშები გააგზავნა პეტერბურგს. ამ დეპეშით, ის აბეზღებდა სინოდთან ქართველ სამღვდელოებას და სამრევლო სკოლებს [...] ეს საიდუმლო მე ილიას შევატყობინე. ილიამ ძალიან მომიწონა ჩემი ასეთი სიფრთხილე. მაშინვე დაუძახა სამრევლო სკოლების უფროსს მამინაიშვილს და მასთან ერთად სასწრაფოდ ინახულა ეპისკოპოსი კირიონი” [3; 156].
 
ოლგა აგლაძის მიერ აღწერილი ამბავი, 1900-1902 წწ. შორის უნდა მომხდარიყო, რადგან ვოსტორგოვი სწორედ 1900 წ. მოევლინა საქართველოს როგორც საეგზარქოსოს ადმინისტრატორი და სამრევლო სკოლების მზრუნველი. 1902 წელს კი, სწორედ მისი დასმენის საფუძველზე, კირიონი საქართველოდან შორს, კამენეცკ-პოდოლსკში გადაიყვანეს, ფაქტიურად კი გადაასახლეს.

1902 წ. 2 მარტს, კირიონის გადასახლებამდე ცოტა ხნით ადრე, ილია და კირიონი, ერთად ესწრებიან მარი ბროსეს სულის მოსახსენებელ წირვასა და პანაშვიდს, რომელიც ქართველ კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გაიმართა [5; 2].

ის რომ კირიონი ილიას სახლშიც სწვევია სოხუმის ეპისკოპოსობის ხანმოკლე პერიოდში (1906-1907), დასტურდება ილიას ფონდში არსებული კირიონის სავიზიტო ბარათითაც [2; 700 N62]. ვიცით აგრეთვე, რომ 1906 წელს ილია და კირიონი პეტერბურგში რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი პეტერბურგში იმყოფებოდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებზე მსჯელობისათვის. 3 იანვარს ილია და კირიონი ერთად ეწვივნენ ბინაზე ალ. ცაგარელს [6; 93, 444]. იმავე წლის ივლისის დასაწყისში ილია და კირიონი ასევე ერთად ესწრებიან ჟანდარმების მიერ ტრაგიკულად მოკლული შიო ჩიტაძის პანაშვიდს პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში [7; 134].

1906 წ. 8 მაისს კირიონი თავის უახლოეს თანამებრძოლ იოსებ ჩიჯავაძეს პეტერბურგიდან ატყობინებდა, რომ ილია ჭავჭავაძეს სურდა თავად-აზნაურობის სახელით, ოფიციალური მადლობა გადაეხადა ეპისკოპოსების კირიონისა და ლეონიდესადმი, მაგრამ რუსეთის მთავრობამ ამის ნება არ მისცა [6; 132].

ილია ჭავჭავაძეს უთუოდ მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა გამორჩეულ მღვდელმთავართან ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილთან. მეუფე პეტრე წარმოშობით ყვარლის რაიონის სოფელ საბუედან იყო და სიკვდილამდე არ შეუწყვეტია თავის სოფელზე ზრუნვა [8; 14 და შმდ.].

ილიას "ივერია” ხშირად ბეჭდავდა ინფორმაციებს მეუფე პეტრეს და მისი ნათესავების მოღვაწეობის შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ”ივერია” მეუფის ძმისშვილის სოფიო კონჭოშვილი-ყულოშვილის საინგილოში გაწეულ მისიონერულ ღვაწლს.

ნიშანდობლივია, რომ მეუფე პეტრე იყო პირველი, ვინც უღვთოდ მოკლულ ილია ჭავჭავაძეს პანაშვიდი გადაუხადა ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში 1907 წ. 1 სექტემბერს. მეუფე პეტრეს, მეორე დღესაც გადაუხდია პანაშვიდი ილია მართლისთვის სიონის საკრებულო ტაძარში. პრესა იუწყებოდა: "კვირას, 2 სექტემბერს, ნაშუადღევის 2 საათზედ, სიონის საკრებულო ტაძარში, გორის ეპისკოპოსმა, (ე. ი. მეუფე პეტრემ, რომელიც გორის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა 1907 წ. აპრილში- ვ. კ.) სიონის კრებულის თანამლოცველობით გადაიხადა პანაშვიდი ილია ჭავჭავაძის სულის მოსახსენებლად [...]. პანაშვიდს დაესწრო დიდძალი ხალხი [...] ქალაქის თავი, მარშლები და სხვანი. სხვათა შორის, პანაშვიდს დაესწრო ნამესტნიკი (ე. ი. მეფისნაცვალი ი. ვორონცოვ-დაშკოვი, ვ. კ.) მეუღლითურთ”. დაკრძალვის დღეს, 9 სექტემბერს, სიონის საკრებულო ტაძარში მეუფე პეტრემ კვლავ პანაშვიდი გადაუხადა ილია ჭავჭავაძეს, შემდეგ კი "მგრძნობიარე სიტყვაც” წარმოუთქვამს [9; 25, 38].

მცირე რაოდენობით შემორჩენილი დოკუმენტებიდან, რომლებიც ილია ჭავჭავაძისა და მისი დროის სამღვდელოების ურთიერთობას ასახავს, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ილია ჭავჭავაძის წერილი (პასუხი) თბილისის სასულიერო სემინარის რექტორ ეპისკოპოს სერაფიმესადმი. 1898 - ეპისკოპოსი სერაფიმე (საერო სახელი – იაკობ მეშჩერიაკოვი), რამდენიმე წელი განაგებდა თბილისი სასულიერო სემინარიას (1893-1898), 1898 წლიდან კი იგი ოსტროგის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

ილიას წერილი ხუთ ვარიანტადაა შემონახული (რუსულ ენაზე), ამასთან, პირველი ცალი ფანქრითაა ნაწერი. როგორც ჩანს, ილია დიდხანს ხვეწდა პასუხს. იგი მხოლოდ ერთხელ, 1957 წელს გამოქვეყნდა და ისიც ქართული თარგმანის სახით, რუსული დედნის გარეშე [11; 161-162]. ჩვენ შევამოწმეთ დედანი და შევადარეთ თარგმანი. უნდა ითქვას, რომ ძირითადად, თაგრმანი სწორია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დასახვეწი ან გასამართია. ამასთან, ჩვენ საჭიროდ ვცანით წერილის ზოგიერთი ნაწილი, გამოუქვეყნებელი შავი პირიდანაც დაგვემატებინა.

ეპისკოპოსი სერაფიმე, ილიას აუწყებდა, რომ მისი, როგორც ქართველთა შორის უდიდესი ავტორიტეტის მქონე პირის [2] ვალი იყო განემარტა ქართველებისათვის, რომ მთავარი ის კი არ იყო, რა ენაზე აღევლინებოდა წირვა-ლოცვა, არამედ ქრისტეს ერთგულება და წრფელი ლოცვა. იგი წერდა, რომ ქართველებს ერთი წუთითაც არ უნდა ენანათ ის, რომ ისინი: "სლავურ თვითმპყრობელობას ემორჩილებოდნენ” და რომ "მშობლიური ენის სამოქალაქო ხმარების სფეროს გაფართოება”, პირობითი და არაარსებითი ხასიათის საკითხი იყო და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ ამ თავის წერილში, ეპისკოპოსი სერაფიმე ქართველი და რუსი ერებისა და სამღვდელოების მისაბაძ მაგალითად მღვდელ დიმიტრი აბაშიძეს ასახელებდა [11; 163]. ეს ის დიმიტრი აბაშიძეა, (შემდგომში ეპისკოპოსის რანგში ამაღლებული), რომელიც მთლიანად გარუსებული იყო და რუსეთის ეკლესიის სინოდს ურჩევდა ქართულ ენაზე არაფრის ბეჭვდის ნება არ გასცეთ, რადგან ისინი (ქართველები), სეპარატისტები არიან და ქართულ ნაწერებში ასეთსავე საშიშ იდეებს ატარებენო. პირად წერილებში, წმ. ეპისკოპოსი კირიონი მას "რძენაწყენ რენეგატ დიმიტრი აბაშ-ოღლის უწოდებდა” [12; 133].

ილია ჭავჭავაძისათვის ნათელი იყო, რომ ეპისკოპოს სერაფიმეს სახით, მას რუსეთის ოფიციალური წრეები მიმართვადნენ. ილიას პიროვნების შექებასთან ერთად, წერილში საყვედურიც გამოსჭვიოდა პირადად ილიასა და საერთოდ ქართველების "უმადურობის” გამო. ამიტომ აუცილებელი იყო მოფიქრებული და აწონ-დაწონილი პასუხის გაცემა. წერილის დასაწყისში, ილია ზედმეტად მიიჩნევს მისი პიროვნებისა და ღვაწლის ესოდენ გადამეტებულად მაღალ შეფასებას. შემდეგ, ილია, იმ პერიოდისათვის გავრცელებულ თავდაცვის ხერხს მიმართავს და გადაჭრით უარყოფს ქართველთა სეპარატიზმს. ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც წერილის ბოლო ნაწილია. აქ იჩენს თავს განსაკუთრებული ძალით, ილიას გულისწუხილი, პოლემიკური სტილი და სამყაროს ფილოსოფიური წვდომა. ილია ადრესატს ამცნობს, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ არასწორადაა გაგებული რუსული სახელმწიფოს თვით არსი და მთავარი იდეა: "ამ იდეას, არ შეიძლება მიზნად ჰქონდეს გარდაქმნას ქართველი ან სხვა არარუსი ("ინოროდეცი”) რუსად, (ანუ გარდაქმნას ის) ამ უკანასკნელის სახებად და მსგავსებად, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ წავიდეთ საგანთა არსის წინააღმდეგ, რომელიც თავისი ფარული კანონების შესაბამისად ქმნის (წარმოშობს) ამა თუ იმ სახეობას” (ეს აბზაცი, ხელნაწერის ზოგიერთ ვარიანტში, გადაშლილია ილიას ხელითვე) [2; საქმე N482, ფ.6]. ილია განაგრძობს: "ყოველივე ამის გამო, გარუსების იდეა, გაგებული როგორც ხალხის გარდაქმნა და გარდასახვა ერთ სახეობად და მსგავსებად, თავისი არსით არარელიგიურია, რაგდანაც იგი ამ სახით, სხვა არაფერია, თუ არა ღვთის ნების უარყოფა, რომელიც თავისი ღვთაებრივი მიზნის შესაბამისად, მრავალი ტომისა და ხალხის შექმნაში გამოვლინდა. მართლაც: ნუთუ ტომთა და ხალხთა ეს მრავალფეროვნება განგების შეცდომაა და ადამიანს ძალა შესწევს გამოასწოროს ის? ან იქნებ, დედამიწაზე სხვადასხვა ტომთა და ხალხთა არსებობა მიჩნეულია შემთხვევითობის თამაშად და მას არაფერი აქვს საერთო ღვთაებრივ ნებასთან? მაგრამ როგორ მოვარიგოთ მაშინ ეს აზრი ქრისტეს მოძღვრებასთან, (კერძოდ) იმასთან, რომ კაცის თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება ღვთის ნების გარეშე?! ასეთ შემთხვევაში, უნდა დაგვეშვა, რომ ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენები, როგორიცაა მრავალ ტომთა და ხალხთა არსებობა, შესაძლოა მომხდარიყო სამყაროს შემოქმედის ნების გარეშე. რა თქმა უნდა, ქვეყანაზე მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ზედმეტად მიაჩნიათ ქრისტიანული მოძღვრებისათვის ანგარიშის გაწევა, მაგრამ განა ეს შეეფერება მართლმადიდებელი მრწამსის ხალხს? [...] არ არს მართლმადიდებლობა იმ სწავლების გარეშე, რომ ყოველივე გამოვალს ღვთისაგან და უბრუნდება მასვე” [2; საქმე 482, ფ. 6].

როგორც ვხედავთ, ილია მტკიცედ და ლოგიკურად უტევს რუსიფიკატორ ერსა და ბერს და თავის ნათქვამს ქრისტეს მოძღვრებით ამაგრებს. ამას გარდა, ამავე წერილში, ილია მშობლიური ენის პრობლემასაც ეხება და ადრესატს მტკიცე ტონით ამცნობს: "ენათა შეზღუდვა, დევნის ერთ-ერთი ფორმაა და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, არ შეიძლება წაქეზებული იქნეს. ეს ასეა, რადგანაც დევნა-შევიწროვება აბოროტებს ადამიანებს და აყალიბებს სწორედ იმის ფანატიკოს დამცველად, რაც იდევნება. ნუთუ ეს სახელმწიფოს ინტერესებშია? ის (სახელმწიფო) შეიძლება დამყარებული იყოს მხოლოდ ცხოვრების წყნარ მდინარებაზე, ყოველგვარი ხელოვნური ბიძგების გარეშე, რა მხრიდანაც უნდა იყვნენ ისინი, ქვევიდან იქნებიან თუ ზევიდან”.[2; N482, ფ. 7]; და ილია იქვე დასძენს: "როგორც ღვთის წინაშე, ასევე კანონის წინაშე, ყველანი თანასწორნი უნდა იყვნენ; მხოლოდ ეს თანასწორობაა ერთადერთი მყარი და ჭეშმარიტი საფუძველი კეთილმოწყობილი სახელმწიფოსი” [2; N482, ფ. 13 მინაწერი აშიაზე].

ილიას პირად ფონდში ინახება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებული, ილიას ხელით ნაწერი, მოხსენების ორი ფურცელი. სამწუხაროდ, არ ჩანს ვის მიმართავს ილია ამ მოხსენებით. ადრესატს, ილია მიმართავს შემოკლებული ფორმით "B.С.” რაც შეიძლება გაიშიფროს როგორც "Ваше Сиятельство” ("თქვენო ბრწყინვალებავ”) ან "Ваша Светлость” ("თქვენო უგანათლებულესობავ”).
ფრაგმენტის დასაწყისში, ილია ადრესატს ამცნობს, რომ თვით ის და ქართველი ერის სხვა წარმომადგენლები, მივიდნენ მასთან არა ვინმეს სახელით, არამედ გამოხატავენ საკუთარ, საერო პირების თვალსაზრისს საქართველოს ეკლესიის თვითმწყემსობის საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ, ილია პირდაპირ ამბობს სათქმელს: "(თქვენო ბრწყინვალებავ!) რუსეთის საზღვრებში, ყოველ არარუსს (,,ინოროდეცს”) რწმენის საკითხებში აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი მმართველობა; სომხები, მუსულმანები, ებრაელები და სხვანი, აღმსარებლობის საქმეში თვითონ არიან უფლებამოსილნი. აქვთ საკუთარი სასწავლებლები, რომლებშიც სწავლა მათ მშობლიურ ენაზე მიმდინარეობს; ყოველივე მშობლიურის შესწავლასაც, დიდი ადგილი ეთმობა. ისინი დამოუკიდებლად და თავისთავადად იმართებიან საკუთარი სასულიერო წოდების მიერ, რომლებიც საკუთარი წრიდანვე ყავთ (დადგენილი). უცანურია, რომ ყოველივე ამ სიკეთეს მოკლებული არიან მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველები, თითქოსდა სასჯელად მათი მართლმადიდებლობისა. მხოლოდ მართლმადიდებელ ქართველთა ასეთმა უუფლებობამ, შესაძლოა, წარმოშვას აზრი, რომ ეროვნული თვალსაზრისით, არამომგებიანია, არარუსმა, მართლმადიდებლურ რუსეთში მისდიოს მართლმადიდებლურ აღმსარებლობას. საქმის ასეთი ვითარება, შეიძლება მხოლოდ რაღაც გაუგებრობის შედეგად მივიჩნიოთ, რომელიც მართლმადიდებლობის ინტერესთა საზიანოდ, სამწუხაროდ, უკვე საკმაო ხანს გრძელდება. ასეთი საშინელი მდგომარეობის შემდგომი გაგრძელება, ჩვენი აზრით, მიჩნეულ უნდა იქნეს უდიდეს სახელმწიფოებრივ და რელიგიურ ცდომილებად.

ამიტომაც, წარმოვუდგენთ რა განსახილველად თქვენი ბრწყინვალების კეთილ ნებას, ჩვენს შუამდგომლობას საქართველოს ეკლესიისთვის უძველესი დროიდან, მის წიაღში არსებული ავტოკეფალური მმართველობის დაბრუნების შესახებ, ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ამით აღვასრულებთ მოქალაქის წმინდა მოვალეობას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ იგი დაიმსახურებს თქვენი ბრწყინვალების ყოვლისშემძლე მომხრეობას’’ [2; საქმე 202, ფ. 12,13,45].

გადაჭრით ძნელია იმის თქმა, ამ სამართალიანი და მკაცრი პათოსით აღსავსე სიტყვით წმ. ილიამ მეფისნაცნალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს მიმართა, სინოდის ობერ-პროკურორ თავად ალექსი ობოლენსკის თუ პეტერბურგის მიტროპოლიტ ანტონს (ვადკოვსკის). კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) 1937წ. იგონებდა, რომ ილიამ 1905წ. მიტროპოლიტი ანტონიც მოინახულა და სინოდის ახლად დანიშნული ობერ- პროკურორი ალექსი ობოლენსკიც (1905-1906). კათოლიკოს კალისტრატეს მოგონება (იგი თავის მხრივ, ილიას თანმხლები პირის, გ. ჟურულის გადმოცემას ეყრდნობა), გარკვეულწილად ეთანხმება ილიას მოხსენების შემორჩენილ ფრაგმენტს. კალისტრატე ცინცაძე წერდა, რომ ილიას ობერ-პროკურორისთვის უთქვამს: "ამ ქვეყნის და თვით სახელმწიფოს საზიანო მოვლენას ბოლო რომ მოეღოს (იგულისხმება საქართველოს ეკლესიის თვითმწყემსობის გაუქმება, ვ.კ.), ჩვენი ხალხის გულშემატკივარმა შვილებმა წამოაყენეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რომელსაც, იმედია, ანგარიშს გაუწევთ თქვენცა და თქვენი ინიციატივით მოწვეული საეკლესიო კრების წინასწარი თათბირიც.”[14; 173]

მართებულად მიგვაჩნია ის ვარაუდი, რომ ზემოთ მოტანილი მოხსენების ფრაგმენტი, წარმოადგენს იმ სიტყვის ნაწილს, რომლითაც ილიამ მიმართა სინოდის ობერ-პროკურორ ალექსი ობოლენსკის (იგი ცნობილი იყო თავისი ლიბერალური შეხედულებებით.). ეს უნდა მომხდარიყო 1905წლის შემოდგომაზე, ილიას პეტერბურგში ყოფნის დროს. ამ ვარაუდს ერთგვარად ამაგრებს ის ფაქტი, რომ ილიას ვიზიტით სწვევია (არ ჩანს მხოლოდ როდის), ალექსი ობოლენსკის ძმა, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის კაბინეტის მმართველი, ნიკოლოზ ობოლენსკი. ამ ვიზიტის შესახებ არავითარი ცნობები არ შემონახულა, გარდა ნიკოლოზ ობოლენსკის სავიზიტო ბარათისა, რომელიც ილიას პირად ფონდშია დაცული. [2; საქმე 700, N37]

სავსებით შესაძლებელია, დიმიტრი ობოლენსკი შუამავალი იყო სინოდის ობერ-პროკურორსა(ე.ი. საკუთარ ძმასა) და ილიას შორის, საქართველოს ეკლესიის თვითმწყემსობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით.
ყველაფრის მიუხედავად, იმ ეტაპზე საქართველოს ეკლესიის აღდგენის ყოველგვარი მცდელობა მარცხით დამთავრდა.

კარგადაა ცნობილი ილიასა და ალექსანდრე ეპისკოპოსის (ოქროპირიძის) ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა. მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შესახებ ვერაფერს ვიტყვით და ამიტომ მასზე სიტყვას არ გავაგრძელებთ. [15,47-48]

საეკლესიო მოღვაწეებთან ილიას ურთიერთობის თვალსაზრისით, ძალზე საინტერესოა მე-20 ს. დასაწყისის, ეროვნებით რუსი, მაგრამ ქართველთა დიდი გულშემატკივრის, მღვდლის იონა ბრიხნიჩევის სიტყვა, წარმოთქმული ილიას მუხანათური მკვლელობის დღეებში. ეს სიტყვა, 1907 წ. 9 სექტემბერს დაიბეჭდა პარმენ გოთუას გაზეთ "ზაკავკაზიეში” და დღემდე მკვლევართა ყურადღების მიღმა რჩებოდა.

წარმოვადგენთ მის ფრაგმენტს, ჩვენს მიერ შესრულებული ქართული თარგმანის სახით:
"არა უწყიან რას იქმენ..
ისტორია აღშფოთებით ჰყვება იმ ველურ ადამიანზე, რომელმაც თავისი სიჩლუნგის გამო, სახელგანთქმული ალექსანდრიის ბიბლიოთეკა დაწვა და სხვა მრავალ ამგვარზე, როდესაც გამოჩნდა ბარბაროსი ადამიანის მსახვრალი ხელი.. ხელი, რომელიც არ ინდობდა ხელოვნების დიად ქმნილებებს.
და აი, ჩვენს წინაშეა კიდევ ერთი ველურობა..
არა წიგნსაცავია დამწვარი,
არა ქანდაკია ნამუსვრალი,
არა მხატვრის ტილოა მოსპობილი-
მოკლულია დიადი, ცოცხალი კულტურის ძალა..
სამუდამოდაა ჩამქრალი სიმართლის დიადი ჩირაღდანი,
საკუთარ სისხლშია ჩამხჩვალი ის უზარმაზარი კოცონი, რომელიც
მრავალი წელი ასულდგმულებდა მშობლიურ მიწას..
მოუკლავთ "ხალხის ურყევი მოძმე”
მისი "თანმდევი წირსა და ლხინში”;
მკვლელის ხელით აღესრულა მხცოვანი პოეტი, კაშკაშა გზის
მაჩვენებელი, მთიები, სვეუბედური, დაჩაგრული ქართველი ხალხისა;
დასცეს საქართველოს დიადი მემწუხრე, ("великий печальник”)
რომელიც მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ ხალხისათვის ცრემლი შეეშრო
მისი ტანჯვით, ეტანჯა თვითონ. ტურფა საქართველოვ, აღესრულა შენი მოტრფიალე შვილი,
რომელიც წმუნვითა და გულწრფელი ცრემლით
უმზერდა ბუნებაში გაზაფხულის ყვავილობას და კითხულობდა:
,,მამულო, საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?!’’
დაიღუპა - ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე!..”
თავის ვრცელ, პოეტურ სიტყვას, იონა ბრიხნიჩევი ამთავრებდა ოთხსტრიქონიანი ლექსით; რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ ორიგინალის ენაზე:
,, Не говорите нам – он умер, он живёт!
Пусть жертвенник разбит – огонь ещё пылает,
Пусть роза сорвана – она ещё цветет,
Пусть арфа сломана – аккорд ещё рыдает!’’ 16; 3]




1. აღვნიშნოთ, რომ სავიზიტო ბარათები, როგორც უტყუარი საისტორიო წყარო, პირველად შემოგვაქვს მიმოქცევაში.

2. ეპისკოპოსი სერაფიმე წერდა, რომ ილიას შესახებ მან გაიგო "ვლვ”-ს ნაწერებიდან; ეს აბრევიატურა დღემდე გახსნილი არ იყო. ახლა ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეს ინიციალები ეკუთვნის ცნობილ პუბლიცისტს და ილიას დიდ მეგობარს ვასილი ლვოვის ძე ველიჩკოს; ვ. ველიჩკოს პიროვნების შესახებ, მე-19 ს. საქართველოში სხვადასხვა აზრი არსებობდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ის იყო ილიას გულწრფელი მეგობარი, თარგმნიდა მის თხზულებებს და ამით მთელ რუსეთის იმპერიას აცნობდა ილიას სახელს.



ლიტერატურა და წყაროები

1. ავთ. ნიკოლაიშვილი, გაბრიელ ქიქოძე (ცხოვრება და შემოქმედება), თბ. 1990
2. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი) ილია ჭავჭავაძის პირადი ფონდი (მოტანილი ფრაგმენტების დაზუსტებული თარგმანი ჩვენ გვეკუტვნის).
3. ოლგა აგლაძე, მოგონება ილიაზე, // ილია (მოგონებები გარდასულ დღეთა), თბ. 1987
4. გაბრიელ ეპისკოპოსი, ქადაგებები, ტ I, ქუთაისი 1913წ. იგივეა 1989წ. როტოპრინტული გამოცემა, (შესავალი)
5. გაზეთი ,,ცნობის ფურცელი’’ 1902, 3 მარტი (N1741)
6. წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი, კრებული შეადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ჯ. გამახარიამ, თბ. 2006
7. ჟურნ. ,,განათლება” თბ. 1908 N3-4
8. ვაჟა კიკნაძე, ცხოვრება და ღვაწლი ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილისა, თბ. 2003
9. ი.ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება (კრებული), თბ. 1907
10. გაზეთი ,,ისარი’’ 5 და 11 სექტემბერი
11. შ. გოზალიშვილი, ილია ჭავჭავაძე. გამოუქვეყნებელი წერილები სასულიერო სემინარიის რექტორისადმი, ,,მნათობი’’ 1957 N9
12. ვ. კიკნაძე, კათალიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის ურთიერთობა დასავლეთ ევროპის საერო და საეკლესიო მოღვაწეებთან, საისტორიო შტუდიები III, თბ. 2002
13. შოთა ბადრიძე, ი. ჭავჭავაძე და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი, ჟურნალი ,,ჯვარი ვაზისა’’ 1987 N1.
14. კალისტრატე ცინცაძე, მოგონება ილიაზედ, ჟურნალი ,,მნათობი’’ 1985 N2
15. ელ. ბუბულაშვილი, ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ეკლესიის ზოგიერთი საკითხი // "რელიგია” 1997 N10-11
16. газ. ,,Закавказье’’ (редактор-издатель П. Готуа), 1907. 9 сентября


Ilia Chavchavadze and the 19th century Georgian Clergy


Vazha Kiknadze


1. In the article some little known episodes of the great Georgian poet and thinker Ilia Chavchavadze's relationship with the bishops Gabriel (Kikodze), Kirion (Sadzaglishvili) and Petre (Konchoshvili) are examined.

2. For the first time, poetic works of clergyman Iona Brikhnichev created in Georgia at the end of the 19th c. and related to Ilia Chavchavadze are presented and analyzed (in particular, vast poetic work devoted to Ilia havchavadze's tragic decease).

3. The text of Ilia Chavchavadze's letter - 1898 - addressed to the Head of Tbilisi Theological Seminary Seraphim is anew interpreted and specified. The letter was composed in Russian and is presented in five variants. Only once, in the 50'ies of the 20th c., the letter was translated into Georgian, without giving parallel Russian text, therefore some its parts need more precise definition.

4. We draw a conclusion that Ilia Chavchavadze had private, business and friendly relationship with both Georgian and other clergy. At the same time, the presented material gives grounds for a conclusion that Ilia Chavchavadze made an important contribution to the fight for reestablishment of the Georgian Church autokephaly.
კატეგორია: ახალი და უახლ. ისტ. | დაამატა: მამუკა (2010-02-28)
ნანახია: 1948 | კომენტარი: 1 | ტეგები: სამღვდელოება, ჭავჭავაძე, კიკნაძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 მამუკა  
0 Spam
ძალიან საინტერესო სტატიაა.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.