RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2019 » ნოემბერი » 15 » სამეცნიერო საბჭოს ოქმი N 5
2:55 PM
სამეცნიერო საბჭოს ოქმი N 5

თსუ ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და 
ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 
2019 წლის 27 სექტემბრის სხდომის 
ო  ქ  მ  ი  N 5 

2019 წლის 27 სექტემბერს შედგა თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები, მთავარი მეცნიერი თანამშრომლები: გიორგი ჭეიშვილი, ლევან გორდეზიანი,  მარიამ  ჩხარტიშვილი, ავთანდილ სონღულაშვილი, როლანდ თოფჩიშვილი, ლიანა ბითაძე, გიორგი ქავთარაძე, ვახტანგ გოილაძე, ეკა კვაჭანტირაძე, ვაჟა კიკნაძე, დოდო ჭუმბურიძე, ნინო მინდაძე, ლავრენტი ჯანიაშვილი. საბჭოს სხდომას ესწრებოდა სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი (დანართი 1).

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა დღის წესრიგი:

1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დაარსების თარიღი - 1917 წ., თუ 1941 წ.; 

2. როგორ მიდის მუშაობა ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულის, „ქრონოსის“ პირველი ნომრის გამოსაცემად;

3. 2019 წლის სამეცნიერო აქტივობა:

ა) სასემინარო მუშაობის განახლება - გეგმა-გრაფიკის შედგენა და დაგზავნა;

ბ) თანამშრომელთა აქტივობების შეფასება;

გ) ჩატარებული კონფერენციები;

დ) 2020 წელს დაგეგმილი კონფერენციები:

 გიორგი მელიქიშვილის კითხვანი - 27 მარტი

 გიორგი ჩიტაიას კითხვანი (ეთნოლოგიის აქტუალური პრობლემები) – 10 ნოემბერი

ე) ინსტიტუტის განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის ანგარიში (განყოფილებების ხელმძღვანელები)

ვ) მიმდინარე ხუთწლიან თემებზე მუშაობის ანგარიში/ინფორმაცია

4. მიმდინარე საკითხები.

კენჭისყრის შედეგად, დღის წესრიგი ერთხმად იქნა მიღებული.

მოისმინეს: 

1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დაარსების თარიღი - 1917 წ., თუ 1941 წ.

გიორგი ჭეიშვილმა საბჭოს წევრებს მოახსენა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წინა წლებში გამოცემულია (გიორგი მელიქიშვილისა და დავით მუსხელიშვილის დირექტორობის დროს) ორი კრებული, რომლებიც ეძღვნებოდა ისტორიის ინსტიტუტის საიუბილეო თარიღებს. ერთი ვერსიით, ისტორიის ინსტიტუტის არსებობას იწყებს 1917 წლიდან, როდესაც დაარსდა ნიკო მარის ისტორიულ–არქეოლოგიური ინსტიტუტი, მეორე ვერსიით – 1941 წლიდან, როდესაც გაიყო ენიმკი და ისტორიის ინსტიტუტი ოფიციალურად იქნა გაფორმებული ცალკე ინსტიტუციად. უნდა შევჯერდთ ერთ-ერთ თარიღზე, რომელიც აისახება ინსტიტუტის დოკუმენტაციაშიც, რათა მომავალში შევძლოთ აღვნიშნოთ ინსტიტუტის საიუბილეო თარიღები. თუ ორინტაციას ავიღებთ 1941 წელზე, მაშინ 2021 წელს ინსტიტუტს უსრულდება 80 წლისთავი და მოგვიწევს მზადება საიუბილეო თარიღის აღნიშვნისათვის. 

გაიმართა მსჯელობა, აზრი გამოთქვეს: ვახტანგ გოილაძემ, დოდო ჭუმბურიძემ, როლანდ თოფჩიშვილმა, ლიანა ბითაძემ, მარიამ ჩხარტიშვილმა, ლევან გორდეზიანმა, ლავრენტი ჯანიაშვილმა, ნინო მინდაძემ. გამოითქვა მოსაზრება, რომ საიუბილეო თარიღების აღნიშვნა არის ინსტიტუტის პოპულარიზაციის ერთ-ერთი ფორმა (კონფერენციის მოწყობა და ა. შ.) და ამდენად,  მნიშვნელოვანია თარიღის დაზუსტება. 

სასურველია, 2021 წელს მოეწყოს დიდი, კომპლექსური კონფენეცია, მიძღვნილი ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი, სადაც იქნება სხვადასხვა სექციები, რომლებიც მიეძღვნება ყველა გამოჩენილ მოღვაწეს, მაგალითად: მალხაზ აბდუშელიშვილს 2021 წელს უსრულდება 95 წელი; 2021 წელს დაგეგმილია გრ. ფერაძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციაც; უფრო მეტი შანსი იქნება დაფინანსების მოპოვების. ერთ წელში ორი დიდი კონფერენციის ჩატარება გაჭირდება, ამიტომ შეიძლება მოხდეს დარგობრივად გაერთიანება.

ინსტიტუტის დაარსების თარიღის დასადგენად ჩატარდა ღია კენჭისყრა: 

მომხრე – 15     წინააღმდეგი – 0.

დაადგინეს: ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დაარსების თარიღად მიჩნეული იქნას 1941 წელი (ისტორიის ინსტიტუტის კონკრეტული ისტორია სწორედ 1941 წლიდან იწყება).

2021 წელი გამოცხადდეს საიუბილეო თარიღად და დაევალოს ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელს, ავთანდილ სონღულაშვილს, გაიაროს ინსტიტუტის სხვა განყოფილებების ხელმძღვანელებთან კონსულტაცია, შეიმუშაოს კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა, რომელთა ჩატარებაც იქნება შესაძლებელი (კონფერენციის მოწყობა, თუ სხვა). 

მოისმინეს: 

2. როგორ მიდის მუშაობა ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულის, „ქრონოსის“ პირველი ნომრის გამოსაცემად.

ვალერიან ვაშაკიძე: საკითხი ეხება ჩვენი ინსტიტუტის სამეცნიერო კრებულს. შემოსულია სამი სტატია. იმედი მაქვს, რომ პირველი ნოემბრისათვის უკვე იქნება მასალა შემოსული. ვფიქრობ, დეკემბერში მოხდება გამოცემა.

გიორგი ჭეიშვილი: ოქსფორდის ერთ-ერთ გამომცემლობასთან გვაქვს შეთანხმება, რომ წელიწადში ერთხელ, ოქსფორდში, დაიბეჭდება ქართველოლოგიური კრებული. გამომცემლობა საკმაოდ სოლიდურია.  მისი ციტირების ხარისხიც მაღალია. უფასოდ ბეჭდავს კრებულს. საჭიროა მივაწოდოთ მასალები მომავალი წლის გაზაფხულამდე, რათა ოქტომბერში პირველი ტომი გამოვიდეს. 

გაიმართა მსჯელობა, აზრი გამოთქვეს: მარიამ ჩხარტიშვილმა, როლანდ თოფჩიშვილმა, ლევან გორდეზიანმა, ლავრენტი ჯანიაშვილმა, ვაჟა კიკნაძემ, ეკა კვაჭანტირაძემ, ნინო მინდაძემ. აღნიშნეს, რომ სტატიები უნდა იყოს ორიგინალური ნაშრომები, რომელიც არ იქნება გამოქვენებული სხვაგან.

დაადგინეს: განყოფილების ხელმძღვანელებმა შეახსენონ თანამშრომლებს, რომ მოამზადონ სტატიები სამეცნიერო კრებული პირველი ნომრისათვის და წარმოადგინონ დასაბეჭდად. 

მოისმინეს:   

3.  2019 წლის სამეცნიერო აქტივობა:

ა) სასემინარო მუშაობის განახლება - გეგმა-გრაფიკის შედგენა და დაგზავნა.

ლავრენტი ჯანიაშვილი: სასემინარო მუშაობა („საინსტიტუტო საუბრები“) შეჩერებულია და საჭიროა მოხდეს მუშაობის განახლება. სემინარების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს ინსტიტუტის ვებ-გვერდზე. საჭიროა გეგმა-გრაფიკის შედგენა. 

გაიმართა მსჯელობა, აზრი გამოთქვეს: მარიამ ჩხარტიშვილმა, როლანდ თოფჩიშვილმა, ლავრენტი ჯანიაშვილმა, ნინო მინდაძემ.

დაადგინეს: „საინსტიტუტო საუბრების“ მომდევნო სემინარების ჩატარებას ორგანიზება გაუწიოს ლავრენტი ჯანიაშვილმა.  

ბ) თანამშრომელთა აქტივობების შეფასება.

გიორგი ჭეიშვილი: მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა, განათლების შესახებ კანონის მიხედვით, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს დაუსახა გარკვეული ქულების დაგროვება და ეს ქულები მიბმული არის გარკვეულ აქტივობებზე, თანამშრომლებისგან ამ აქტივობებზე რეაგირება ნაკლებია. მაგალითად, ზაფხულში, როდესაც უნივერსიტეტმა მოითხოვა ახალი ბიუჯეტის წარდგენა, განყოფილების ხელმძღვანელებს ვთხოვე წარმოედგინათ მომხსენებლების სია. სულ სამი განაცხადი იყო წარმოდგენილი, რაც ძალიან ცოტაა. ამ მხრივ, ინსტიტუტისგან მხარდაჭერა არის, მთავარია, თანამშრომელთა მონდომება.

მეორე, ვარშავის უნივერსიტეტის ჟურნალ „Pro Georgia“-ში დაიბეჭდება ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომელთა სტატიები; სამწუხაროდ, ჯერ არავის წარმოუდგენია სტატია უცხოეთში დასაბეჭდად. ასე ქულებს ვერ დავაგროვებთ. 3 თუ 4 ქულაა, რაც ინსტიტუტმა უნდა წარმოადგინოს ხუთი წლის მუშაობის შედეგად, ქულები ითვლება ასე: ჯამდება თითოეული თანამშრომლის აქტივობა და იყოფა თანამშრომელთა საერთო რაოდენობაზე. რამოდენიმე თანამშრომლის აქტივობა 50 თანამშრომლის აქტივობას ვერ წარმოაჩენს. მინდა კვლავ ვთხოვო განყოფილების ხელმძღვანელებს მოუწოდონ თანამშრომლებს აქტივობისკენ. ჟურნალი გამოდის წელიწადში ერთხელ და ჩვენი თანამშრომლების სტატიებს ისინი მიიღებენ.

გაიმართა მსჯელობა, აზრი გამოთქვეს: მარიამ ჩხარტიშვილმა, როლანდ თოფჩიშვილმა, ლევან გორდეზიანმა, ლავრენტი ჯანიაშვილმა, ვაჟა კიკნაძემ, ეკა კვაჭანტირაძემ, ნინო მინდაძემ. აღნიშნეს, რომ სტატიები უნდა იყოს ორიგინალური ნაშრომები.

გ) ჩატარებული კონფერენციები.

გიორგი ჭეიშვილი: გრიგოლ ფერაძის სახელობის კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა. სასიხარულო იყო, რომ შ. რუსთაველის ეროვნული ფონდის დირექტორმა გამოაცხადა, რომ ის მომავალშიც დაუჭერს მხარს ამ კონფერენციის დაფინანსებას. ყველა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია კმაყოფილია შედეგებით; გამოთქვამენ მზადყოფნას რომ მომავალშიც ერთობლივად შევიტანოთ განაცხადი შ. რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, რათა გამარჯვების მეტი შანსი იყოს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მონაწილეს, ყველა ორგანიზატორს, სხდომის თავმჯდომარეებს, რადგან კონფერენციის წარმატებით დამთავრება ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო. ცხადია, ამ ერთი კონფერენციით არ შემოვიფარგლებით. 

ნინო მინდაძე: სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნებოდა ვერა ბარდაველიძის ხსოვნას. დადებითი ის იყო, რომ ესწრებოდა უამრავი ახალგაზრდა. თემა იყო „ქალის როლი ტრადიციულ კულტურაში“. შესავალი, როგორ ხდება ქალის სოციალიზაცია – წაიკითხა ქეთევან ხუციშვილმა. ჩემი მოხსენება ეხებოდა ტრადიციულ მედიცინაში და ჩვეულებით სამართალში ქალის როლს. აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და ვფიქრობ, წარმატებით ჩატარდა ეს კონფერენცია.

როლანდ თოფჩიშვილი: ჩვენმა განყოფილებამ „კავკასიის ეთნოლოგიური კრებული“ მიუძღვნა ქალბატონ ვერა ბარდაველიძის დაბადებიდან 120 წლისთავს და ქალბატონ რუსუდან ხარაძის დაბადებიდან 110 წლისთავს. დაგეგმილი გვქონდა და 5 ოქტომბერს, ხარაგაულში, ჩატარდება გამსვლელი  კონფერენცია, რომელიც რუსუდან ხარაძის 110 წლისთავს მიეძღვნება. ჩემი მოხსენება იქნება ქალბატონ რუსუდანის შესახებ, ძველი ისტორიის პრობლემებზე წაიკითხავს მოხსენებას ვალერიან ვაშაკიძე და მესამე მოხსენებას წაიკითხავს ქალბატონი სალომე ოქრუაშვილი.

გიორგი ჭეიშვილი: მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გვქონდა ორი ღონისძიება: ასმათ საღინაძის კავკასიური სამოსის გამოფენა; პირველ გიმნაზიაში ჩატარდა გამოფენა, სადაც ჩვენი ისტორიული და ეთნოლოგიური არქივიდან გავიტანეთ ანაზომები და ნათია ჯალაბაძემ წაიკითხა მოხსენება.

დ) 2020 წელს დაგეგმილი კონფერენციები:

გიორგი მელიქიშვილის კითხვანი - 27 მარტი

გიორგი ჭეიშვილი - მომავალ კონფერენციებთან დაკავშირებით: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თსუ-ს ასირიოლოგიის კათედრა და ძველი ქვეყნების ისტორიის კათედრა ბატონი გიორგი მელიქიშვილის კითხვანის დაწესებას ვგეგმავთ. კონფერენცია ერთდღიანი იქნება. 27 მარტი გ. მელიქიშვილის გარდაცვალების თარიღია. შეგვიძლია იუბილეს დავამთხვიოთ. სასურველია, დაახლოებით ხუთი მოხსენება. ეს იქნება კავკასია–საქართველო–მახლობელი აღმოსავლეთი. ნანა ბახსოლიანი მოამზადებს პროექტის  ზოგად მონახაზს.

გიორგი ჩიტაიას კითხვანი (ეთნოლოგიის აქტუალური პრობლემები) – 10 ნოემბერი

ლავრენტი ჯანიაშვილი: ინსტიტუტში ორი ეთნოლოგიური განყოფილება მუშაობს. კარგი იქნება, თუ შევძლებთ ყოველწლიურად ეთნოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე მიძღვნილი შეხვედრების ჩატარებას და ჩვენი კოლექტივი მოახდენს ამ შეხვედრების ორგანიზებას. 10 ნოემბერი ბატონი გიორგი ჩიტაიას დაბადების დღეა და საორიენტაციოდ ეს თარიღი ავიღეთ. სასურველი ქნება, დავამყაროთ კონტაქტები საქართველოში განთავსებულ კვლევითი ცენტრების თანამშრომლებთან. ამ საკითხის ორგანიზებას  მე გავუწევ კოორდინირებას. 

ე) ინსტიტუტის განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის ანგარიში (განყოფილებების ხელმძღვანელები).

ლავრენტი ჯანიაშვილი: ინსტიტუციური განვითარება საერთო ხედვის გარეშე წარმოუდგენელია, უნივერსიტეტის წესდებაც გვავალდებულებს ინსტიტუტის სტრატეგიის შემუშავებას. ინსტიტუტის გეგმა უნდა ჩაჯდეს იმ სტრატეგიაში რომელიც აქვს უნივერსიტეტს. ინსტიტუტის სტრატეგიის შესამუშავებლად განყოფილების ხელმძღვანელებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი სამუშაო გეგმა.

გაიმართა მსჯელობა, აზრი გამოთქვეს: გიორგი ჭეიშვილმა, მარიამ ჩხარტიშვილმა, როლანდ თოფჩიშვილმა, ლევან გორდეზიანმა, ლავრენტი ჯანიაშვილმა, ნინო მინდაძემ. აღნიშნეს, რომ თითოეულმა განყოფილებამ უნდა გააკეთოს გეგმა ცალ-ცალკე, რომლის შეჯერებაც მოხდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩატარდა ღია კენჭისყრა:  

მომხრე – 15, წინააღმდეგი – 0.

დაადგინეს: ქ-ნ მარიამ ჩხარტიშვილს დაევალოს ინსტიტუტის სტრატეგიის შესამუშავებლად მონახაზის გაკეთება იმის მიხედვით, თუ თითოეული განყოფილება რა მიმართულებით დაგეგმავს თავის მუშაობას და წარმოადგინოს სამეცნიერო საბჭოს მომდევნო სხდომაზე განსახილველად.

ვ) მიმდინარე ხუთწლიან თემებზე მუშაობის ანგარიში/ინფორმაცია.

ავთანდილ სონღულაშვილი: წელს სრულდება ხუთწლიანი გეგმა, განყოფილებაში მოხდა თანამშრომელთა ჩანაცვლება, რათა თემის შესრულებისას ჩავარდნას არ ჰქონოდა ადგილი. ორი თანამშრომელი ოქტომბერში წარმოადგენს შესრულებულ ნაშრომს.  ყველა თანამშრომლის წლიური ნაშრომი გადაცემულია ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში. საუკეთესო წლიური ნაშრომები ჩვენი განყოფილების კრებულში - „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ – იბეჭდებოდა და ძირითადი ნაწილი ნაშრომებისა გვაქვს გამოქვეყნებული. ხუთი წლის მანძილზე შესრულებულ ნაშრომებს გაუკეთდება რედაქტირდება. რედაქტირებას დრო ჭირდება. ნაშრომები იქნება ერთი კონცეფციით გაერთიანებული.

ნინო მინდაძე: ჯგუფმა უნდა წარმოვადგინოთ გაერთიანებული ნაშრომები ერთი მთლიანი სათაურის ქვეშ, შეიძლება ვერ გამოიცეს, მაგრამ მომზადდება გამოსაცემად.

მარიამ ჩხარტიშვილი: ჩვენი პროექტის მიხედვით, ბოლო წელი არის ნაშრომების პუბლიკაციისთვის მომზადება. ეს იქნება კოლექტიური მონოგრაფია გაერთიანებული ერთი ხაზით, საერთო სათაურით.

როლანდ თოფჩიშვილი: მიმდინარეობს მუშაობა და წლის ბოლოს დავდებთ ჩვენ ნაშრომს.

ლევან გორდეზიანი: ეს პროექტი ჩემ განყოფილებაში დაიწყო ოთხმა თანამშრომელმა, რომელთაგან მხოლოდ ერთია დარჩენილი. საკითხები, რომლებიც არ იყო შესრულებული გადავინაწილეთ ახალმა თანამშრომლებმა და წლის ბოლოს ერთიანი სახით ნაშრომი იქნება მზად.

ლიანა ბითაძე: პროექტში განყოფილების სამი თანამშრომელია ჩართული, ყველა წლის სამუშაო შესრულებული გვაქვს და შესაძლებელია, ცალკე წიგნად გამოვცეთ განყოფილებამ.

გაიმართა მსჯელობა, აზრი გამოთქვეს: გიორგი ჭეიშვილმა, ავთანდილ სონღულაშვილმა, მარიამ ჩხარტიშვილმა, როლანდ თოფჩიშვილმა, ვახტანგ გოილაძემ, ლევან გორდეზიანმა, ლავრენტი ჯანიაშვილმა, ნინო მინდაძემ. 

დაადგინეს: თითოეული ხუთწლიანი პროექტის ზოგადი სათაურის ქვეშ შეიკრას თანამშრომელთა ნაშრომები, ნედლი მასალა, რომელიც შეინახება ინსტიტუტის არქივში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მეცნიერთათვის. თუ შესაძლებელი იქნება, გამოიცემა კოლექტიური მონოგრაფიის სახით.

მოისმინეს:   

4. მიმდინარე საკითხები.

გიორგი ჭეიშვილი:

1. შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მალე გამოაცხადებს თემატურ კონკურსს და იმედია, თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. 

2. საქართველოში შეიძლება ჩამოვიდეს ამერიკელი ეთნოგრაფების ჯგუფი, მათთან ერთად დაფინანსების მოპოვება უფრო ადვილი იქნება. მათ აინტერესებთ თანამედროვე პრობლემატიკა, რელიგია, ეთნიკური უმცირესობები და ა. შ. შესაძლოა, ჩვენი ეთნოგრაფები დაინტერესდეთ. 

3. ერთ-ერთ ჯგუფს სურს უახლეს ისტორიაში XIX-XX საუკუნეების პრობლემატიკაზე ობიექტური სამეცნიერო ნარკვევის გაკეთება. დაახლოებით უნდათ ოცი თემა, იქნება ანაზღაურებადი.   

4. გადასაწყვეტია, შ. რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარსადგენ გარედან შემოსული პროექტების ვიზირების საკითხი. 

გაიმართა მსჯელობა, აზრი გამოთქვეს: გიორგი ჭეიშვილმა, ავთანდილ სონღულაშვილმა, მარიამ ჩხარტიშვილმა, როლანდ თოფჩიშვილმა, ვახტანგ გოილაძემ, ლევან გორდეზიანმა, ლავრენტი ჯანიაშვილმა, ნინო მინდაძემ. 

დაადგინეს: შ. რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარსადგენი, გარედან შემოსული პროექტების  შემოტანის შემთხვევაში, როგორც ძირითადი, ისე დამხმარე პერსონალის არანაკლებ მეოთხედი იყოს ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები. საავტორო უფლებები ასევე უნდა ეკუთვნოდეს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს.

სხდომამ დაადგინა: 

1. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დაარსების თარიღად მიჩნეული იქნას 1941 წელი. 2021 წელი გამოცხადდეს საიუბილეო თარიღად და დაევალოს ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელს, ავთანდილ სონღულაშვილს, გაიაროს ინსტიტუტის სხვა განყოფილებების ხელმძღვანელებთან კონსულტაცია, შეიმუშაოს კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა, რომელთა ჩატარებაც იქნება შესაძლებელი. 

2. დაევალოთ განყოფილების ხელმძღვანელებს, სამეცნიერო პერსონალს, რომ მოამზადონ და წარმოადგინონ სტატიები კრებულის პირველ ნომერში დასაბეჭდად. 

3. ა) „საინსტიტუტო საუბრების“ მომდევნო სემინარების ჩატარებას ორგანიზება გაუწიოს ლავრენტი ჯანიაშვილმა.  

ე) ქ-ნ მარიამ ჩხარტიშვილს დაევალოს ინსტიტუტის სტრატეგიის შესამუშავებლად მონახაზის გაკეთება იმის მიხედვით, თუ თითოეული განყოფილება რა მიმართულებით დაგეგმავს თავის მუშაობას და წარმოადგინოს სამეცნიერო საბჭოს მომდევნო სხდომაზე განსახილველად. 

ვ) თითოეულ ხუთწლიანი პროექტის ზოგადი სათაურის ქვეშ შეიკრას თანამშრომელთა ნაშრომები, ნედლი მასალა, რომელიც შეინახება ინსტიტუტის არქივში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მეცნიერთათვის. თუ შესაძლებელი იქნება, გამოიცემა კოლექტიური მონოგრაფიის სახით.

4. შ. რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარსადგენი, გარედან შემოსული პროექტების  შემოტანის შემთხვევაში, როგორც ძირითადი, ისე დამხმარე პერსონალის არანაკლებ მეოთხედი იყოს ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები. საავტორო უფლებები ასევე უნდა ეკუთვნოდეს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს.

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                     ლავრენტი ჯანიაშვილი

სხდომის მდივანი:                                                                              ლიანა ბითაძე

27. 09. 2019

კატეგორია: სამეცნიერო საბჭოს ოქმები | ნანახია: 426 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.