RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » სტატიები » სტატიები » სტატიები ზოგადი

რას გვთავაზობს სერგეი მარკოვი და საქართველოს რუსეთთან "შეერთების" საკითხი. ნაწ. I
ცოტა ხნის წინ ინტერნეტგამომცემლობა Накануне.RU-მ გამოაქვეყნა იტერვიუ რუსეთის დუმის დეპუტატ, ბ-ნ ს. მარკოვთან, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქართველები ისტორიის ფალსიფიკაციას ეწევიან. აღსანიშნავია, რომ იგი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული «რუსეთის ინტერესების საზიანოდ ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობების ხელისშემშლელი კომისიის» წევრია (თავისთავად საგულისხმოა, რომ რუსეთში ასეთი კომიასიაც მოქმედებს). ამგვარად, «ისტორიის გამყალბებლებთან» ბრძოლა მისი პირდაპირი მოვალეობა ყოფილა. ვნახოთ, როგორ ართმევს თავს ამ საქმეს ბატონი მარკოვი.
 
პუბლიკაციის სათაურში გამოტანილი ბ-ნ მარკოვის სიტყვები: «ხელისუფლება რომ შეინარჩუნონ, საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელები იძულებულნი არიან დამალონ სიმართლე» იმთავითვე ნათელს ხდის, რომ რუსი პოლიტოლოგის სამიზნედ კიდევ ერთხელ იქცა საქართველო (და არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, როგორც ამას ხშირად ცდილობენ წარმოაჩინონ საქართველოს გარკვეულ წრეებში და რუსეთში). როგორც შემდეგ აშკარავდება, ეს «სიმართლე» რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას ეხება, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი თურმე, ქართველებს უმალავს, რამეთუ მისი მოთხოვნით აპირებენ «ქართველი მოსწავლეების დაშინებას საბჭოთა და რუსული ოკუპაციით». საქმე ეხება ამჟამად შექმნის პროცესში მყოფ სახელმძღვანელოს _ «საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XIX-XXI საუკუნეებში». დროს არ დავკარგავ, ვამტკიცო, თუ რამდენად აბსურდულია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავის გადასარჩენად აღარაფერი დარჩენია, გარდა «ისტორიულ სიმართლესთან ბრძოლისა». ანდა რა საჭიროა ბრძოლა, როცა არც დასამალი გვაქვს ქართველებს რამე და არც თავის სამართლებელი. რაც შეეხება რუსული აგრესია-ოკუპაციით ქართველი მოსწავლეების დაშინებას, რუსეთის არმიამ კრემლის დავალებით, უახლესი სამხედრო ტექნიკის გამოყენებითა და სამხედრო ავიაციის საშუალებით ქართული ქალაქებისა და სოფლების დაბომბვით, ორი წლის წინ, ამ საქმეს უკვე დიდი წარმატებით გაართვა თავი. სხვათა შორის, დღეს ესეც ისტორიაა, უახლესი ისტორია, რომელიც ქართველმა მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს, ბევრმა მათგანმა კი საკუთარ თავზეც იწვნია რუსული აგრესიის მთელი საშინელება. ეს მათი მეხსიერებაში უკვე სამარადჟამოდაა აღიბეჭდილი.
 
ვნახოთ, რას გვთავაზობს ბატონი მარკოვი «ხალხთა შორის შუღლის თავიდან ასაცილებლად». როგორც ჩანს, მას ძალიან კარგად ესმის ამ მიმართულებით ისტორიისა და ისტორიკოსების მნიშვნელობა. ამიტომ ასეთი რამ მოიფიქრა: უნდა დავწეროთ ორი ისტორია. ერთი უნდა იყოს სქელტანიანი ისტორიული გამოკვლევა, შესაბამისი სამეცნიერო აპარატით, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა თემაზე პირდაპირი საუბარი, მაგრამ «ეს უნდა იყოს ჩაკეტილი პროფესიულ საზოგადოებაში და საზოგადოებრივ აზრზე არ უნდა ზემოქმედებდეს». ცალკე უნდა შეიქმნას მეორე ისტორია _ ფართო საზოგადოებისათვის, ანუ მასისათვის ე. წ. «საზოგადოებრივი ისტორია». სწორედ ამ მეორე ისტორიის შესაბამისად უნდა იწერებოდეს სახელმძღვანელოები, პოპულარული ლიტერატურა, ხდებოდეს ფილმების გადაღება. ასეთი ისტორია უნდა მოხვდეს მასმედიასა და ტელეპროგრამებში და ა.შ.
 
ბ-ნი მარკოვის კლასიფიკაციის მიხედვით, პირველი, ეს არის ნამდვილი ისტორია, რომელიც მხოლოდ პროფესიონალი ისტორიკოსებისათვის უნდა იყოს ცნობილი. ხოლო მეორე, ესაა ნატყუარი ისტორია, საგანგებოდ რიგითი, სხვა დანარჩენი ადამიანებისათვის დაწერილი, ყალბი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, ანუ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მათთვის საკუთარ წარსულზე მცდარი წარმოდგენის შესაქმნელად.
 
რაში დასჭირდა ბ-ნ მარკოვს «ორი ისტორიის თეორიაზე» ალაპარაკება? როგორც მისი შემდგომი მსჯელობიდან ჩანს, მას არანაირად არ აძლევს ხელს, რეალური ისტორიული ფაქტები თუ შეფასებები რიგითი ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს. ამიტომაც გვიკრძალავს ბატონი მარკოვი პროფესიონალ ისტორიკოსებს «ტელევიზორში შეძრომას» და «ჩვენი იდეებით ხალხის აფორიაქებას». მას არ სურს ხალხმა სიმართლე შეიტყოს რუსეთის «სამართლიანობისა» და იმის შესახებ, თუ როგორ «იხსნა რუსეთმა საქართველო ფიზიკური განადგურებისაგან» (თუმცა უნდა ვაღიაროთ, «მარკოვის თეორია» გარკვეულ «პროგრესულ ელემენტებსაც» შეიცავს, რამეთუ პროფესიონალი ისტორიკოსებისათვის მაინც უშვებს, მისივე სიტყვებით, «აკადემიურ თავისუფლებას», რაც ნიშნავს ისტორიულ ჭეშმარიტებაზე თავისუფლად წერას, თუნდაც დანარჩენთაგან დაფარულად).
 
ცხადზე ცხადია, მარკოვი ისტორიის ფალსიფიკაციას რომ გვსაყვედურობს, თავად მოგვიწოდებს ისტორიის გაყალბებისაკენ. ამიტომ არის, რომ ბრალს გვდებს ე.წ. საზოგადოებრივი (ე.ი. ხალხისათვის განკუთვნილი) ისტორიისადმი «ნაციონალურ მიდგომაში». ანუ ჩვენთან, თურმე, ისტორიის გამოყენებით ხალხთა შორის სიძულვილის გაღვივებას ეწყობა ხელი, რამაც თითქოს «ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოებრიობა ჩაითრია რამდენიმე ომში აფხაზებთან და ოსებთან და რუსეთთან კონფლიქტშიც კი». არადა მტკიცებას არ საჭიროებს, რომ სწორედ კრემლის პირდაპირი მითითებებითა და შეკვეთით, სწორედ ისტორიის დამახინჯების აქტიური გამოყენებით ხდებოდა და ხდება აფხაზებსა და ოსებში ანტიქართული და სეპარატისტული განწყობილებების ხელოვნურად გაღვივება; ამ ქმედებების მიზანს ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და მისი რუსული ორბიტიდან თავდაღწევის დაუშვებლობა წარმოადგენს. კრემლის ეს პოლიტიკა დღემდე გრძელდება და სავალალო შედეგებიც (მათ შორის თავად აფხაზებისა და ოსებისთვის) თვალწინ გვიდევს. ხალხთა შორის სიძულვილსაც მთელი მონდომებით აჩაღებენ, რათა შემდეგ მათ შორის მომრიგებლად მოგვევლინონ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ «რუსის ხიშტების» გარეშე, რეგიონში მშვიდობის დამყარება შეუძლებელიაო.
 
ფაქტობრივად, ბ-ნი მარკოვი არა მარტო ყალბი ისტორიის სახელმძღვანელოების დაწერისკენ მოგვიწოდებს, საამისოდ საგანგებო დირექტივებიცა აქვს გამზადებული. ის მოითხოვს, რომ სახელმძღვანელოში აღნიშნული იყოს რამდენიმე «ფაქტი». მკითხველი სრულად რომ გაერკვეს, რას ითხოვს მარკოვი ჩვენგან, ეს «ფაქტები» ქვემოთ მოგვყავს ავტორისეული სტილის დაცვით:
 
1. საქართველო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ნებაყოფლობით, მრავალრიცხოვანი თხოვნების შედეგად;
 
2. რუსეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მკაცრად ვერ შეინარჩუნა ხელშეკრულების პირობები. იგი წავიდა ქართული სახელმწიფოებრიობის სრულ დემონტაჟზე და მიიღო იგი გუბერნიის უფლებით;
 
3. საქართველოს არასდროს უარსებია იმ სახით, რა სახითაც არსებობდა იგი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. საერთოდ, ერთიანი საქართველო, როგორც ასეთი, რუსეთს გარეთ არც არსებულა, არც რუსეთის ნაწილად გახდომამდე და არც მის შემდეგ.

ხელშეკრულება, რომელსაც მარკოვი ახსენებს (თუმცა, რატომღაც კი არ ასახელებს), შევახსენებთ მას, რომ ყბადაღებული გეორგიევსკის ტრაქტატია. ვერაფერს ვიტყვით, წაკითხული აქვს თუ არა ავტორს მისი მუხლები, მაგრამ ფაქტი კი ისაა, რომ ქართლ-კახეთის სამეფო ამ ხელშეკრულების ძალით, ნებაყოფლობით შედიოდა რუსეთის მფარველობაში (და არა შემადგენლობაში!) თავისი სრული სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის შენარჩუნებისა და ბაგრატიონთა დინასტიის სამეფოს სათავეში დარჩენის უსათუო პირობით. რუსეთმა კი არა თუ «ბოლომდე ვერ დაიცვა» ხელშეკრულების პირობები, მისი არც ერთი პუნქტი შეგნებულად არ შეუსრულებია. მეფის რუსეთმა ისარგებლა რა ერეკლე II-ის სრული ნდობით, ვერაგულად, ერთი ხელის დაკვრით ბოლო მოუღო მის მფარველობას მინდობილ ქართლ-კახეთის სამეფოს, ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარ ბურჯს, რომლის დაცვის ვალდებულება თვით იპერატორ ეკატერინე II-ის მიერ იყო 1783 წელს ხელმოწერილი. თუმცა კი საქართველოსთან დადებული რომელი პრინციპული ხელშეკრულება არ დაურღვევია რუსეთს? გავიხსენოთ 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს პირველი (დემოკრატიული) რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნდნენ, იმხანად საქართველოს დაპყრობის ძალა ჯერ რომ არ შესწევდათ და წელიწადიც არ იყო გასული, თავისივე აღიარებული საქართველოს დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ რომ მოსპეს წითელი აგრესიის შედეგად. ვისაც საბჭოთა ხანაში გვისწავლია, კარგად გვახსოვს, როგორ გვარწმუნებდნენ, ნებაყოფლობით შევედით «დიდ საბჭოთა ძმურ» ოჯახში, ხოლო სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი მამულიშვილები «ხალხის მტერთა» სიაში ირიცხებოდნენ უყოყმანოდ.
 
კიდევ გავიხსენოთ, როგორ ირღვეოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ (რომელშიც რუსეთი მოიაზრება უპირობოდ) არაერთგზის ხელშეკრულების დარღვევა ე. წ. აფხაზეთის ომის დროს, ან დღემდე შეუსრულებელი 12 აგვისტოს ე. წ. ექვსპუნქტიანი შეთანხმება, საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით დადებული. აი, ასეთ სანდო «პარტნიორთან» გვიწევს სამწუხაროდ საქმის დაჭერა.
 
ცინიკურად ჟღერს მარკოვის სიტყვები: რუსეთის მიერ «საქართველოს გუბერნიის უფლებით მიერთება.» სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ საქართველო ყოველგვარი უფლების გარეშე იქნა «მიერთებული», ყოველგვარი ავტონომიის უფლების გარეშეც კი. ამას სინამდვილეში სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დაპყრობა. ისტორიაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ რუსულ-საბჭოთა ხანაში ხელოვნურად დამკვიდრებული ტერმინი «მიერთება», საგანგებოდ იმ მიზნით მოგონილი, რათა შენიღბულიყო რუსეთის იმპერიის რეალური მიზნები. თუნდაც ოსმალეთის იმპერიასთან რა გვაქვს სასაყვედურო. მანაც ხომ ერთ დროს ისტორიული სამხრეთ საქართველო «საფაშოს უფლებით მიიერთა». იქნებ რუსეთი ნაკლები მონდომებით ცდილობდა ქართველების გარუსებას, ვიდრე ოსმალეთი _ გათურქებას? განა ამის ფაქტები საძებარია ისტორიკოსებისათვის?
 
ერთიანი საქართველოც, რუსულიBიმპერიული პოლიტიკის პროდუქტი ყოფილა მხოლოდ. მაგრამ რა ვუყოთ ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას დავითიდან თამარამდე (თუმცა სხვაზეც ბევრია სათქმელი), რა ვუყოთ «ნიკოფსიითგან დარუბანდამდე» მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით განვრცობილ საქართველოს სამეფოს? არც ეგაა საქართველოს არაკეთილმოსურნეთათვის პრობლემა: მთავარია ერს საკუთარი ნამდვილი ისტორია დაავიწყო და რაშიც გინდა დაარწმუნებ. აი, თუნდაც: საქართველომ თუ გინდათ კვლავაც იარსებოს, რუსეთის შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეთ. გვეუბნებიან: ნურც იოცნებებთ თავისუფლებაზე, ხსნა მხოლოდ ამ მარადიულ ღირებულებაზე უარის თქმასა და... რუსეთშია. ეს კიდევ ერთი ნიმუში, თუ რატომ გვთავაზობენ ჩრდილოეთიდან ისტორიის გაყალბებას ისტორიის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის ლოზუნგით.

ისტორიიდან ერთიანი საქართველოს არსებობის წარხოცვით სურთ გაამართლონ ასევე თავიანთივე აღძრულ-წაქეზებული აფხაზური და ოსური სეპარატიზმი ისტორიულ ასპექტში. აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი თურმე მხოლოდ საბჭოთა კავშირში შემავალ საქართველოს შემადგენლობაში არსებობდა. ანუ რუსეთმა «გვიბოძა» და რადგან რუსეთთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება «გადავიფიქრეთ», ამიტომ რუსეთმაც გადაწყვიტა უკან წაეღო ეს თავის «ნაბოძვარი». როგორც ბ-ნი მარკოვი ამბობს: «ამის შემდეგ გასაგები ხდება, რატომ აღარ ისურვეს აფხაზებმა და ოსებმა ქართველებთან ცხოვრება, როცა საქართველო გაიქცა სსრკ-დან». სხვათა შორის, მარკოვი იმასაც წერს, რომ «რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღებულ იქნა არა საქართველო, არამედ ქართლ-კახეთის სამეფო». კარგი იქნება, თუ ავტორი ელემენტარულ ისტორიულ გეოგრაფიას გაეცნობა და დარწმუნდება, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, მაშინაც სწორედ ამ ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და მასთან ერთად იგდო ხელთ რუსეთის იმპერიამ. და საერთოდ, ეს მხარე შიდა ქართლის (კიდევ უფრო ძველ ხანაში ისტორიული ზენა სოფლის) მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა და ერთიანი საქართველოს არარსებობის ხანაშიც მუდამ აღმოსავლურქართულ სახელმწიფოს (ქართლის სამეფოს) საზღვრებში იმყოფებოდა. მეორე მხრივ, «სამხრეთ ოსეთი» ნამდვილად არის საბჭოური იმპერიული პოლიტიკის «შედევრი», რომელსაც არც მანამდე უარსებია არც ერთი წამი და დღესაც რუსეთის ძალისხმევით «უდგას სული». ბ-ნ მარკოვს ნურც ის ავიწყდება, რომ დასავლეთ საქართველოში სახელმწიფოებრიობის აღმოცენების დღიდან აფხაზეთს დასავლურ ქართული სახელმწიფო (კოლხეთ-ეგრისი) რომ მოიცავდა. მოგვიანებით, მისი მცირე ხნით მოწყვეტაც საქართველოს მაშინდელი «ერთმორწმუნე» იმპერიის, ბიზანტიის დამსახურება იყო მხოლოდ. მეტიც, ამის შემდეგ აფხაზეთი არაერთი საუკუნის მანძილზე მთელი დასავლეთ საქართველოს სახელწოდება იყო, როგორც აფხაზი _ დასავლეთ საქართველოს ყველა მკვიდრის საერთო სახელი. გვიან შუა საუკუნეებშიც აფხაზეთის სამთავრო ცალკე პოლიტიკური ერთეულის სახით არსებობდა ისევე, როგორც გურიის, სვანეთის, ოდიშის სამთავროები.
 
ბ-ნი მარკოვი ასევე მოგვიწოდებს, «გავიხსენოთ როგორ შედიოდა საქართველო რუსეთის შემადგენლობაში და რომ იგი ამას აკეთებდა სრული ლიკვიდაციის საფრთხის ქვეშ». აქ დამპყრობელ რუსეთს «შემმაერთებლის» როლიც კი ჩამოერთვა. თურმე მას არც კი «შევყავდით» თავის იმპერიულ საზღვრებში, ეს ქართულმა სამეფო-სამთავროებმა თვითონ დაადეს თავი და ნაწილი-ნაწილ, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს სანატრელ იმპერიაში შესვლა.
 
საინტერესოა, რომ მარკოვი თამამად ასურათებს «საქართველოს სრული ლიკვიდაციის საფრთხის» არსსაც: იმ დროს, როცა აღმოსავლურქართული სამეფოები სპარსეთისადმი ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ, სპარსეთის შაჰს გადაუწყვეტია ამ სახელმწიფოს სრული მოსპობა. ბ-ნი მარკოვის მტკიცებით, იგეგმებოდა საქართველოს მთელი მოსახლეობის გადასახლება ირანის შიდა რაიონებში, ხოლო მათ ადგილას სპარსელი მოსახლეობის ჩასახლება. ზოგიერთი სოფლების დეპორტაციაც კი უკვე მოუსწრიათ. გადასახლებულ ქართველთა შთამომავლები თურმე დღეს მესოპოტამიაში ცხოვრობენ, თანამდროვე ერაყში, რომელთაც არ შეუნარჩუნებიათ არც ენა და არც ტრადიციები. მეტი დამაჯერებლობისთვის, ავტორი იმასაც დასძენს, «ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაემგზავროს იქ და ნახოს რა ბედი ელოდა ქართველ ერს რუსეთს გარეთ რომ დარჩენილიყოო». სპარსეთის ნაწილიც რომ არ გამხდარიყო, _ განაგრძობს იგი, _ საქართველო ოსმალეთს მაინც ვერ გადაურჩებოდა. იქ კი როგორ იცხოვრებდნენ ქართველები, წერს ბ-ნი მარკოვი, შეგვიძლია დავრწმუნდეთ ლაზების მაგალითზე, რომელნიც დღეს ჩამორჩენილი ხალხია, თავიანთი სკოლებისა და კულტურის გარეშე და ჩვენი ჩუქჩებივით პოლიტკორექტული ანეგდოტების გმირებად იქცნენო.

ბ-ნ მარკოვს ან ყურმოკვრით სმენია ცოტაოდენი რამ ქართველი ხალხის ისტორიიდან და ამ თავისი «ცოდნით» ცდილობს შეაკოწიწოს რუსული იმპერიული ცნობიერებისათვის სასარგებლო «ისტორია», ანდა რაც უფრო სავარაუდოა, განგებ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას საგანგებოდ ამ მიზნით გამოგონილი ისტორიის საშუალებით. ეს ისეთი გაუგებრობაა, მასზე შეიძლებოდა განმარტება არც მიგვეცა, მაგრამ არც გაჩუმება არ ივარგებს, მით უმეტეს, რომ ეს ერთი რუსი პოლიტიკოსის თვალსაზრისი არ არის მხოლოდ. სამწუხაროდ, ასე ფიქრობს და აზროვნებს თანამედროვე რუსული პოლიტელიტის დიდი ნაწილი.

დავიწყოთ იმით, რომ არა თუ «შეერთების» დროს (1801 წ.), არამედ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროისათვისაც (1783 წ.) ერეკლე II-ის მეფობის ჟამს, ქართლ-კახეთის სამეფო გაერთიანებულ და ძლიერ აღმოსავლურქართულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. იგი უკვე კარგა ხანია, რაც ირანის ვასალური დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებულ იყო. ხარკის ძლევის ხანაც დიდი ხნის ჩაბარებული იყო წარსულს. დასუსტებული სპარსეთი, სადაც შაჰობის მსურველები ერთმანეთთან ომით იყვნენ გართულნი (ერთ-ერთი მათგანი, აზატ-ხანი ერეკლემ თავად დაამარცხა და ტყვედაც კი იგდო), ქართველთათვის აღარავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. მეტიც, ერეკლესა და თეიმურაზ II-ის (ერეკლეს მამის) მეთაურობით ქართლ-კახეთის სამეფოს უკვე ბრძოლით დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა ამიერკავკასიის სახანოებთან და მანამდე სპარსეთის მფლობელობაში მყოფი ერევნის, განჯისა და ნახჭევნის სახანოები დაემორჩილებინა კიდეც და მოხარკედაც გაეხადა.

ნეტა რომელ შაჰს გადაეწყვიტა ამ დროს ქართველების სრული გასახლება? თან ქართული მოსახლეობის ნაწილის აყრაც რომ მოუსწრია კიდეც, კარგი იქნება გაგვიმხილოს მაინც ბ-მა მარკოვმა. ასეთ შაჰს არა თუ XVIII ს-ის ბოლოს, მთელი ამ საუკუნის განმავლობაშიც ვერ მოვიძიებთ. სპარსეთის შაჰი, რომლსაც ქართველთა მოსპობის გეგმა ჰქონდა და მის განხორციელებისას, ქართველთა ერთი ნაწილი კახეთიდან ირანის გზასაც გაუყენა, ეს ავადსახსენებელი შაჰ-აბას I-ა (ქართლისა და კახეთის სამეფოები მაშინ კი ნამდვილად წარმოადგენდნენ ირანის ვასალებს). მაგრამ ამ მტარვალმა, თავის ამ სასტიკ მეთოდებს XVII ს-ის 10-იან წლებში მიმართა, რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის დაპყრობამდე თითქმის ორი საუკუნით ადრე და მისი მცდელობებიც სრული მარცხით დამთავრდა – ქართველების განადგურება მან ვერ შეძლო. სამაგიეროდ, თავის საუკეთესო არმიის ნახევარი ქართველებმა გაუნადგურეს. ვინაიდან, ამ ამბებს საქართველოში რუსული მფლობელობის დამყარებასთან, ქრონოლოგიური აცდენის გამო, არაფერი აკავშირებს (მას მერე საქართველოში და მთელს რეგიონში პოლიტიკური ვითარება არაერთგზის შეიცვალა), ამიტომაა, რომ ბ-ნი მარკოვი შაჰ-აბას I-ს შეგნებულად არ ახსენებს. ასე ხომ ბოლომდე გამოაშკარავდება, როგორი მეთოდებით ცდილობს იგი მკითხველის შეცდომაში შეყვანას, რუსეთისათვის «მხსნელის» მისიის მოსარგებად. ეს ნებსითი თუ უნებლიე ქრონოლოგიური აღრევა უნდა იყოს იმის მიზეზიც, რომ ბ-ნი მარკოვი, ცოტა არ იყოს, დაბნეულად გამოიყურება და რუსეთთან «შეერთების» წინ აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ სამეფოზე ხან მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს და ხანაც მხოლობითში (სინამდვილეში შაჰ-აბასის დროს ცალ-ცალკე არსებული ქართლისა და კახეთის სამეფოები აქ რუსების მოსვლამდე უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის გაერთიანებული იყო).
 
მესოპოტამიაში (იგივე შუამდინარეთში), ერაყის ტერიტორიაზე გადასახლებული გადაგვარებული ქართველების არსებობაც ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. იქ საქართველოდან არასდროს არავინ გაუსახლებიათ. ბ-ნი მარკოვი, ალბათ, ახლა მაინც გაითვალისწინებს, რომ შაჰ-აბასის მიერ გასახლებულ ქართველთა შთამომავალთა ნახვას თუ ვინმე გადაწყვეტს, ირანში გამგზავრება უნდა ურჩიოს, ფერეიდანის მხარეში, სადაც იხილავს დღემდე ქართულ ენაზე მოუბარ და ქართულ ეროვნულთვითშეგნებაშენარჩუნებულ ქართველებს (თუმცა სპარსეთის სხვა მხარეში გადასახლებულმა ეს მათსავით ვერ მოახერხეს).
 
რადგან სპარსეთი გამოირიცხა, იქნებ ოსმალეთი უპირებდა საქართველოს ჩაყლაპვას, რომ არა «მხსნელი რუსეთი»? ერეკლე II-ის ხანგრძლივი მეფობის ჟამს ოსმალეთს არათუ არც ერთხელ არ უცდია აღმოსავლეთ საქართველოში რაღაც ფორმით მაინც თავისი გავლენის დამყარება, ამის პრეტენზიაც არ გამოუხატავს და ყოველთვის ერეკლე II-სთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება ერჩივნა. მართალია, ოსმალეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის იყო საბრძოლო შეტაკების შემთხვევა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა რუსის ჯარის თანხლებისგან გულმოცემულმა ერეკლემ, იმის იმედით, რომ სამცხე-ჯავახეთს ოსმალებისაგან დაიხსნიდა, თავისი ჯარით, იმდროინდელი საზღვრები გადალახა და ოსმალეთის ტერიტორიაზე, ახალციხის საფაშოში შეიჭრა. ვისაც ჩვენი ისტორია წაუკითხავს, ყველას ახსოვს ამ დროს რუსი გენერლის, ტოტლებენის მუხანათური ღალატი, ქართული ჯარი მოწინააღმდეგის საზღვრებში რომ გაიტყუა და ბრძოლის წინ ზურგი აქცია. ვერ გაამართლა მაშინ ტოტლებენის გეგმებმა, ერეკლე II-ის მეთაურობით 1770 წელს ქართველებმა ასპინძის ბრძოლაში, რუსეთის ჯარის გარეშეც ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა საკმარისი ძალების უქონლობის გამო უკანვე გამობრუნება მოუწიათ; ამავე დროს ერეკლეს ამბავი მოუვიდა: მის «დასახმარებლად» ჩამოსული გერმანული წარმოშობის რუსი გენერალი ამასობაში თბილისში ჩასულიყო და მეფის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა დაეწყო.
 
სამაგიეროდ, ოსმალეთი დასავლეთ საქართველოზე ბატონობის პრეტენზიას აცხადებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ერეკლეს თანამდროვე ახალგაზრდა იმერეთის მეფემ, სოლომონ I-მა 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში ოსმალთა ჯარი სასტიკად გაანადგურა, ოსმალეთის სულთნის მორჩილებაზეც უარი თქვა და ხარკიც მიცემაც შეუწყვიტა. ბოლოს ოსმალები დასავლეთ საქართველოში ძირითადად მხოლოდ შავი ზღვისპირა ციხე-ქალაქებსღა აკონტროლებდნენ და სოლომონი ახლა მათ განდევნას აქედანაც ცდილობდა. ამ დროს, ოსმალეთიც იმდენად დასუსტებული იყო, გაძლიერებული და შეტევაზე გადასული ქართველი მეფეებისაგან მხოლოდ თავდაცვა უწევდა. გაკადნიერებული ქართველების დასასჯელად რაიმე სამხედრო ზომების მიღებისათვის კი ძალები ნამდვილად აღარ ყოფნიდა. ახლა თავად განსაჯეთ, მთლიანად საქართველოს გადაყლაპვას ის როგორღა შეძლებდა.
 
ლაზებს რაც შეეხება, ისტორიის ჩარხმა მათი დიდი ნაწილი საუკუნეთა განმავლობაში ქართული სახელმწიფოებრიობის მიღმა მოაქცია. Mმაგრამ ესეც უნდა ითქვას, რომ მათ დღემდე შენარჩუნებული აქვთ საკუთარი ენა და კულტურა. თავიანთი ნიჭისა და უნარის წყალობით ლაზები თურქეთში ბევრ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებსაც ფლობენ. ლაზური წარმოშობისაა თურქეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრიც. ამ ეთნიკური ჯგუფის წინაშე მარკოვს ბოდიშის მოხდა ეკუთვნის ჩამორჩენილ ხალხად წოდების გამო. ლაზების ჩუქჩებთან შედარებაც, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოა (თუმცა როცა იგი თავის მოქალაქეებს აყენებს შეურაცხყოფას, სხვებთან დაკავშირებით რაღა კორექტულობა უნდა მოვთხოვოთ).

აქვე თავისთავად წამოიჭრება კიდევ ერთი საკითხი: თუ ერეკლეს არსაიდან საფრთხე არ ემუქრებოდა, რაში დასჭირდა რუსეთის მფარველობაში შესვლა? ტრაქტატის იდეის გაჩენის თაობაზე ცოტა ქვემოთ აღვნიშნავთ. ახლა კი მოკლედ მოგახსენებთ, რომ ამ ხელშეკრულების უმთავრესი მიზანი ერეკლესათვის არა გარეშე მტრისაგან თავდაცვა იყო, რასაც იმჟამად, იგი თავის ძალებითაც წარმატებით ართმევდა თავს, არამედ რუსეთ-ოსმალეთის მოსალოდნელი ომების დროს რუსეთის მოკავშირეობითა და დახმარებით ოსმალეთის იმპერიაში დარჩენილი ქართული მიწა-წყლის განთავისუფლება და შემოერთება წარმოადგენდა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხებოდა ახალციხის საფაშოს. თავის მხრივ, რუსეთს სულ სხვა, ქართული სამეფო კარისაგან დაფარული გეგმები ამოძრავებდა. მის მიზანს საქართველოს დაპყრობა წარმოადგენდა და მის ინტერესებში ქართლ-კახეთის გაძლიერება სულაც არ შედიოდა. ამიტომ იყო, გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ქართლ-კახეთის მდგომარეობა დღითი-დღე უარესობისაკენ რომ მიდიოდა. ქვეყანას რუსეთთან კავშირის გამო მტრები უმრავლდებოდა, ძლიერი მოკავშირის დაპირებული მხარდაჭერა კი არ ჩანდა. სწორედ ეს ტრაქტატი და მისი პირობების ერეკლეს მიერ მტკიცედ აღსრულება იყო ერთადერთი მიზეზი აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში ლაშქრობისა. რუსეთმა არა თუ არ შეასრულა ამ დროს თავის თავზე აღებული ვალდებულება, სამხედრო ძალით დახმარებოდა ერეკლეს, პირიქით, ყველაფერი გააკეთა, რათა ქართველებისაკენ წაექეზებინა ირანის ეს უკანასკნელი აგრესია. ცალკე ერეკლეს დახმარებას პირდებოდნენ და ცალკე შაჰის ემისრებს ღიად მიახვედრეს, რომ ამ დანაპირების შერულებას არ აპირებდნენ. ხანში შესულ ერეკლეს ერთმორწმუნე იმპერატორისაგან ასეთი ვერაგობა და სიტყვის გატეხა ვერ წარმოედგინა. შედეგად კი 1795 წლის კრწანისის ტრაგედია და თბილისის აოხრება მივიღეთ. ამის შემდეგ დაიწყო რუსეთმა საქართველოში დაპირებული ჯარის შემოყვანა, მხოლოდ არა ქართველების დასახმარებლად (აღა-მაჰმად-ხანი ამის მერე მალევე საკუთარ კარავში მოკლეს შეთქმულებმა), არამედ უკვე დაძაბუნებული ქართლ-კახეთის სამეფოს გასაუქმებლად და დასაპყრობად.
 
არ გეგონოთ, ბ-ნი მარკოვის დემაგოგია მხოლოდ ზემოთქმულით სრულდებოდეს. მას თავის გაგრძელებაც აქვს. აი ისიც: «რუსეთის იმპერია, ახლა ამის შესახებ პირდაპირ შეიძლება საუბარი, არ იწვოდა სურვილით საქართველოს შესაერთებლად. მაშინ ჩვენი ექსპანსიის ვექტორი ორიენტირებული იყო დასავლეთით, ბალკანებისაკენ. საქართველოსგან ჩვენ მივიღეთ მხოლოდ პრობლემები, საქართველოს რუსეთთან მიერთება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გაგრძელდა კავკასიის ომი ას წელზე მეტი ხანს. რუსეთმა დაიცვა საქართველო გარეშე მტრებისაგან, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ ჩვენი ერთმორწმუნეები. რუსი ხელმწიფეები იცავდნენ იქ მართლმადიდებლობას, და ამის დავიწყებაც არ შეიძლება.»
 
რას იზამ, ხათრი ვერ გაუტეხა რუსეთის იმპერიამ ერთმორწმუნე ქართველების მრავალგზის ხვეწნა-მუდარას, თორემ აზრადაც არ ჰქონია კავკასიონის აქეთ გადმოსვლა. ასე, ზედმეტ ბარგად აიკიდა საქართველო (აი, ეხლა კი გასაგებია, რატომ უწოდეს ჩვენს სამშობლოს მარკოვის ქვეყანაში თურმე Грузия, მათთვის ის ერთობ მძიმე груз-ი აღმოჩნდა...). მაგრამ ერთი რამ კი გაუგებარია, რატომ შეიძლება მხოლოდ ახლა, ორას წელზე მეტი ხნის შემდეგ საუბარი იმის თაობაზე, რომ რუსეთს არაფრით არ სდომებია საქართველოს მიერთება. ნუთუ რუსეთის საიმპერიო ცენზურა ბლოკავდა ამ თემას? ან შემდგომ საბჭოურ იდეოლოგიასთან შეუთავსებლობის გამო იკრძალებოდა ამაზე საუბარი? რასაკვირველია, არც ერთი და არც მეორე. სხვათა შორის, რუსეთში იმპერიის საქართველოთი დაინტერესებას არც არასდროს მალავდნენ, უბრალოდ, რუსეთის ჩვენს ქვეყანაში ექსპანსიის ინიციატორად, ყოველთვის ქართული მხარის გამოყვანას ცდილობდნენ. ეს მდგომარეობა სათავეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს, როცა რუსეთმა ჩათვალა, რომ დადგა დრო ორთავიან არწივს თავის კლანჭებით ამიერკავკასიის დაუფლებაც დაეწყო. მაშინ იმპერატრიცა ეკატერინე II თავის დიდმოხელე რწმუნებულებს კავკასიისპირეთში მოუწოდებდა ერეკლესთან გაეფორმებინათ მფარველობითი ხელშეკრულება და თან საქმე ისე მოეწყოთ, რომ ამ საქმის ინიციატორად ქართული სამეფო კარი წარმოჩენილიყო და ქართველებსაც ჰგონებოდათ, რუსეთი მათი თხოვნის შესაბამისად მოქმედებდა. ასე მივიღეთ ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატი. ასევე, აღა მაჰმად ხანის ამაოხრებელი შემოსევის შედეგად უაღრესად შეწუხებული საქართველოს ბოლო მეფის, გიორგი XII-ის თხოვნის წერილები რუსეთის იმპერატორ პავლე I-ისადმი, დაეჩქარებინა საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა. მაგრამ ახლა ბ-მა მარკოვმა ყველას გადააჭარბა, როცა საქართველო რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ, მასზე ძალით მიტმასნილად წარმოაჩინა. 
 
25 წელიწადია, რაც რუსეთში «დემოკრატიზაცია» დაიწყო და მხოლოდ ახლა ეყო ბ-ნ მარკოვს გამბედაობა ბოლომდე სრული «სიმართლე» ეთქვა საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. ეტყობა, უცნაური ხალხი ვართ ქართველები. როგორც კი ჩვენს მახლობლად რომელიმე დამპყრობელი გამოჩნდებოდა, მყისვე მივეტმასნებოდით ჩვენი ქვეყნითურთ და მერე ჩვენს პრობლემებს ვახვევდით თავს.
 
კატეგორია: სტატიები ზოგადი | დაამატა: მამუკა (2010-08-25)
ნანახია: 1481 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.