RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » სტატიები » სტატიები » სტატიები ზოგადი

მ. დუმბაძე: აშშ-ის სამხედრო ოპერაციები სპარსეთის ყურეში 1990-1991 წლებში და მისი გლობალური მნიშვნელობა

m-249-dvic-1

წინამდებარე სტატიაში ასახულია, 990-1991 წწ-ში. სპარსეთის ყურეში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები. დაპირისპირებულ მხარეთა სამხედრო-ტექნიკური მონაცემები და მასშტაბები. სტრატეგია და ტაქტიკა. ყურადღება ეთმობა აშშ - ი 1973 წლიდან მიმდინარე სამხედრო რეფორმებს და მის პოზიტიურ მხარეებს. მოკლედაა მიმოხილული ომის, როგორც რეგიონალური ისე გლობალური მნიშვნელობა.

მამუკა დუმბაძე. ისტორიის  დოქტორი.

 

წინამდებარე სტატია არ ითვალისწინებს 1990 წლის 2 აგვისტოს ერაყის მიერ კუვეიტისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას. ჩვენს ინტერესს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს მხოლოდ სამხედრო ოპერაციები - "უდაბნოს ფარი" და "უდაბნოს ქარიშხალი", რომლებიც განხორციელებულ იქნა ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიერ სპარსეთის ყურეში 1990 წლის 9 აგვისტოდან 1991 წლის 28 თებერვლამდე, რომლის შედეგად განადგურებულ იქნა რეგიონში ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი არმია.

თავისი მასშტაბებით ომი სპარსეთის ყურეში აღმოჩნდა ყველაზე მსხვილი სამხედრო კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მასში ორივე მხრიდან მონაწილეობდა 35 ქვეყანა (ერაყი და კოალიციის 34 ქვეყანა), მაგრამ ძირითადი დატვირთვა - დაახლოებით 80% კოალიციური ჯარებისა - მოდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. რაც შეეხება სამხედრო ოპერაციების დაგეგმვას, მის მართვას და შემდგომ უზრუნველყოფას, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების მეთაურს ნ. შვარცკოფს.

სპარსეთის ყურეში წარმოშობილი სამხედრო კრიზისის მასშტაბები რომ წარმოვიდგინოთ, უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტში ორივე მხრიდან მონაწილეობდა 1,5 მლნ სამხედრო მოსამსახურე - 80 დივიზია, 82 ბრიგადა, 4 პოლკი, 25 ბატალიონი, 10,5 ათასი ტანკი, 12,5 ათასი ქვემეხი და ნაღმტყორცნი, 3 ათასზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, დაახლოებით 200-მდე სამხედრო გემი. აქედან, უშუალოდ, ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო 1,2 მლნ ადამიანმა, 58 დივიზიამ, 45 ბრიგადამ, 8,5 ათასმა ტანკმა, 5 ათასზე მეტმა საარტილერიო დანადგარმა, 1850 სამხედრო ვერტმფრენმა, საბრძოლო თვითმფრინავებისა და საზღვაო ფლოტის სრულმა შემადგენლობამ.

ოპერაცია "უდაბნოს ფარი", რომელიც ითვალისწინებდა ამერიკის შეიარაღებული ძალების გადასროლას სპარსეთის ყურეში, დაიწყო 1990 წლის 9 აგვისტოს. ამისათვის გამოყენებულ იქნა სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის 300-ზე მეტი თანამედროვე C-5 და C-141 ტიპის თვითმფრინავი; დამატებით, დაახლოებით 160 სამხედრო რეზერვისა და სამოქალაქო - სატრანსპორტო დანიშნულების თვითმფრინავები. სამხედრო-საზღვაო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი იყო 120 ხომალდი. საშუალოდ დღე-ღამეში ხორციელდებოდა პირადი შემადგენლობით, იარაღით და ტექნიკით დატვირთული თვითმფრინავების 85 რეისი. სულ განხორციელებულ იქნა 8,5 ათასი საჰაერო და 250 საზღვაო რეისი. გადაზიდვების ტრანსატლანტიკურ მარშრუტზე მორიგეობდა 125 საწვავით გასამართი თვითმფრინავი KC-135 და KC-10 ტიპის, რომლებიც მთელ ამ მანძილზე (საშუალოდ 12 000 კმ, ფრენის ხანგრძლივობა 15-20 საათი) უზრუნველყოფდნენ თვითმფრინავებს საწვავით დაშვების გარეშე.

პირველ რიგში, გადასროლილი იქნა "სწრაფი რეაგირების" ძალების 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის გაძლიერებული ბრიგადა, ორი ესკადრილია, ტაქტიკური ავიაგამანადგურებლების C და D "ავაკსის" სიტემის 5 თვითმფრინავი, თანამგზავრული კავშირის სახმელეთო-მობილური დანადგარები, მართვის ორგანოები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.

1990 წლის პირველი ნოემბრისათვის ამერიკელებს სპარსეთის ყურეში საჰაერო და საზღვაო გზით გადაყვანილი ჰყავდათ 500 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. სახმელეთო ჯარები წარმოდგენილი იყო 8 დივიზიით, 2 ბრიგადით, 3 პოლკით და 1 ბატალიონით, რომელთა შეიარაღებაზე მოდიოდა 2,6 ათასი ტანკი, 1400 საარტილერიო დანადგარი, 2300 ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული დანადგარი, 300-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, დაახლოებით 570 ტანკსაწინააღმდეგო ვერტმფრენი. სამხედრო-საჰაერო ძალებში შედიოდა 1000-ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის საბრძოლო თვითმფრინავი. სამხედრო-საზღვაო ძალებიდან გამოყოფილი იყო 95 საბრძოლო ხომალდი, მათ შორის, 6 ავიამზიდი, რომელთა შემადგენლობაში იმყოფებოდა 700-მდე სამხედრო თვითმფრინავი, საზღვაო ქვეითთა 2 დივიზია და 2 ბრიგადა. სულ სპარსეთის ყურეში დისლოცირებული იყო სამხედრო-საზღვაო ძალების 75 000 მოსამსახურე.

ანტიერაყულ კოალიციაში შემავალი სხვა სახელმწიფოთა ჯარების რიცხობრივი შემადგენლობა შედარებით მცირე იყო. დიდი ბრიტანეთი - 40 ათასი კაცი, 1 ჯავშანსატანკო დივიზია, 130 საბრძოლო თვითმფრინავი, 20 სამხედრო ხომალდი; საფრანგეთი - 10 ათასი კაცი, "სწრაფი რეაგირების" 2 დივიზია, 60 საბრძოლო თვითმფრინავი, 15 ხომალდი; ეგვიპტე - 50 ათასი კაცი, ორი დივიზია, 20 თვითმფრინავი; სირია - დაახლ. 15 ათასი კაცი, 1 დივიზია; საუდის არაბეთი, კუვეიტი, გაერთიანებული ემირატები, ბაჰრეინი, კატარი და ომანი - 150 ათასი კაცი, 1500 ტანკი, 370 საბრძოლო თვითმფრინავი, 15 ხომალდი, 170 საბრძოლო კატერი.

უნდა აღინიშნოს, რომ ერაყმაც საკმაოდ დიდ სამხედრო ძალებს მოუყარა თავი ქვეყნის სამხრეთით და კუვეიტში. უკვე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე მათი საერთო რაოდენობა 780 ათასს აღწევდა. საბრძოლო მზადყოფნაში იყო 65 დივიზია, 5 ათასი ტანკი, 8 ათასზე მეტი საარტილერიო საშუალება, 700-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი, ორი ათეული სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ხომალდი და სხვ.

განსაკუთრებით დიდი ყურადღება გამოიჩინა ერაყის სარდლობამ თავდაცვითი საბრძოლო ოპერაციებისადმი. ეს იყო გამაგრებული საცეცხლე პოზიციები, ფართო ტანკსაწინააღმდეგო თხრილები (ნავთობით სავსე), დანაღმული ველები და სხვ., საინჟინრო თავდაცვითი ნაგებობები. ყოველივე ამის გათვალისწინებით და, განსაკუთრებით იმის შიშით, რომ პირდაპირი სახმელეთო-შეტევითი ოპერაციები საკმაოდ სერიოზულ დანაკარგებს გამოიწვევდა მოკავშირეთა მხრიდან, აშშ-ის სარდლობამ შეცვალა ბრძოლის ტაქტიკა. 1991 წლის 17 იანვრიდან დაიწყო მხოლოდ საჰაერო შეტევითი ოპერაციები, რომელიც 23 თებერვლამდე გაგრძელდა. ე. ი. ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალი" გაიყო 2 ეტაპად: საჰაერო შეტევითი - 17 იანვარი - 23 თებერვალი და საჰაერო-სახმელეთო - 24-28 თებერვალი.

ეს საკმაოდ ძვირადღირებული სამხედრო კამპანია იყო. მარტო ერთი დღე აშშ-ს ეს ომი ნახევარი მლრდ. დოლარი უჯდებოდა; ინგლისს - 30 მლნ ფუნტი; საფრანგეთს ომის მხოლოდ პირველი კვირა 275 მლნ ფრანკი დაუჯდა. მაგრამ ყველაფერ ამას თავისი გამართლება ჰქონდა. ამერიკა რომ ამ ომს მოიგებდა, ეს ყველასათვის აშკარა იყო (იმდენად დიდი იყო მისი ტექნიკური უპირატესობა). მთავარი იყო, როგორი მსხვერპლის ფასად მოხდებოდა ეს. ამას უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა მთელი შემდგომი მოვლენების განვითარებაზე. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობდნენ სამხედრო ოპერაციებში მონაწილე მოკავშირეთა ჯარების საკმაოდ სერიოზულ დანაკარგებს, მათ შორის, ამერიკელთა მხრივ პირადი შემადგენლობის 6-7 პროცენტს (გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ერაყის არმიამ ირანთან 8-წლიან ომში საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო უდაბნოს პირობებში ომის წარმოებისათვის). უნდა აღვნიშნოთ, რომ 1%-ც რომ დაღუპულიყო ამერიკელთა შორის, ამ გამარჯვებას არ ექნებოდა სათანადო ეფექტი, რადგან ქვეყანას, რომელიც განსაკუთრებით უფრთხილდება თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლეს, 5 ათასი ჯარისკაცის დაღუპვა მძიმე პოლიტიკურ სურათს შეუქმნიდა თვით ამერიკაში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და სამხედრო სარდლობამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რათა თავიდან აეცილებინა მსგავსი რამ.

რატომ ვაკეთებთ აქცენტს მაინცდამაინც 1990-91 წლების მოვლენებზე? მინდა აღვნიშნო, რომ ეს სამხედრო ოპერაციები იყო ერთგვარი დასკვნითი, შემაჯამებელი ეტაპი იმ დიდი რეფორმებისა რომლებიც მიმდინარეობდა თითქმის 20 წლის განმავლობაში, დაწყებული 1973 წლიდან და რომლის წარმატებით განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა პრეზიდენტ რეიგანის პოლიტიკამ.

რეფორმების პირველი ეტაპი საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა. დაქირავებულ პროფესიულ არმიაზე გადასვლა მოითხოვდა საკმაოდ დიდ მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ ხარჯებს. მწვავედ დადგა კადრების საკითხიც. განსაკუთრებით აღინიშნებოდა კვალიფიციურ სერჟანტთა და ოფიცერთა ნაკლებობა, მაღალკვალიფიციური მფრინავების და ტექნიკური დარგის სპეციალისტების გადინება სამოქალაქო სფეროში და სხვ. სამხედრო სამსახურში კონტრაქტორებად ძირითადად მიდიოდნენ საზოგადოების დაბალი ფენები, უმუშევრები, ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენლები, რომელთა განათლება და ინტელექტუალური დონე საკმაოდ დაბალი იყო. მაგრამ 1980-81 წლები იყო ერთგვარი გარდატეხის პერიოდი. მკვეთრად გაიზარდა სამხედრო ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა არმიის პირადი შემადგენლობის - ჯარისკაცთა, სერჟანტთა და ოფიცერთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და სხვ. მარტო 1981 წელს სამხედრო სფეროში დაკავებულ სპეციალისტთა ხელფასები 14,8%-ით გაიზარდა (სამოქალაქო სფეროში ეს ზრდა მხოლოდ 4% იყო). დიდი ყურადღება ეთმობოდა პირადი შემადგენლობის და მათი ოჯახის წევრთა უფასო სამედიცინო მომსახურებას, შრომით დასაქმებას, განათლებას, ბინით უზრუნველყოფას, საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფას, კვებას, სპორტს და გართობასაც კი. ერთი სიტყვით, აშშ-ის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სამხედრო სამსახური მიმზიდველი ყოფილიყო საზოგადოების ყველა ფენისათვის. ამან თავისი შედეგი გამოიღო და სულ მალე შესაძლებელი გახდა ე. წ. "სწრაფი რეაგირების" საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მაღალპროფესიული კორპუსის შექმნა, რომელიც მუდმივ მზადყოფნაში იქნებოდა, შეესრულებინა ნებისმიერი დავალება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

სამხედრო ოპერაციები სპარსეთის ყურეში იყო კიდევ ერთი საინტერესო დასკვნითი ეტაპი ახალი სამხედრო ტექნოლოგიების გამოცდის სფეროში. ამერიკა, ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანა, ახალი საინფორმაციო სისტემებით აღჭურვილი და სრულიად ახალი თაობის იარაღის მფლობელი უკვე 1990-იანი წლებიდან ხდება.

აშშ-ში ყოველი წლის დასაწყისში ქვეყნდება პენტაგონის სამხედრო ბიუჯეტი. 1960-1970-იან წლებში რეიტინგით ყველაზე მაღლა იდგა სტრატეგიულ-შეტევითი იარაღის დაფინანსება (ბალისტიკური რაკეტები), შემდეგ მოდიოდა სამხედრო-საზღვაო ფლოტი, სტრატეგიული წყალქვეშა ნავები, სახმელეთო ჯარები, ახალი ტექნოლოგიები და ა. შ. ინფორმატიკაზე გამოყოფილი თანხები შედარებით მცირე იყო და ამიტომ, ცხრილის მიხედვით, ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებოდა. მაგრამ უკვე 1970-იანი წლების ბოლოს აშკარად მატულობს საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მოთხოვნილება და, შესაბამისად, მისი დაფინანსებაც და ისეთი ტემპით, რომ უკვე 1980-იანი წლების ბოლოს მან სტრატეგიულ-შეტევითი იარაღის დაფინანსებას გადააჭარბა და რეიტინგით პირველი ადგილი დაიკავა. ყოველივე ამან თავისი შედეგი გამოიღო - ერაყის პირველ ომში გამოყენებული ჭურვების 30% საინფორმაციო ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი, ხოლო მეორე ომში - უკვე 70%. თანამედროვე ამერიკული თვითმფრინავების ღირებულების 2/3 უკვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მოდის, რომელიც უზრუნველყოფს საფრენი აპარატის ავტონომიურობას. ასეთი თვითმფრინავები აღჭურვილნი არიან ინდივიდუალური საბორტო რადიოლოკაციური და კომპიუტერული სისტემებით, რაც საშუალებას აძლევს პილოტს, ბრძოლის დროს დამოუკიდებლად იმოქმედოს დედამიწიდან მიღებული ყოველგვარი მითითებების გარეშე, განსაზღვროს საჰაერო ბრძოლის პერიპეტიები, ამოირჩიოს ყველაზე ხელსაყრელი სამიზნე და საბრძოლო იარაღი, გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიღწევები.

აღნიშნული ტექნოლოგია არ გააჩნდა ერაყის ავიაციას. რუსული წარმოების სამხედრო თვითმფრინავები, რომელიც მათ ძირითად სამხედრო-საჰაერო ძალას წარმოადგენდა, იმართებოდა დედამიწაზე არსებული რადიო-სალოკაციო დანადგარებიდან. ამერიკელებმა გაითვალისწინეს ეს ყველაფერი და ომის დაწყების პირველივე დღეებში F-117A "სტელსის" ტექნოლოგიით აღჭურვილი თვითმფრინავებით და სპეციალური რაკეტებით გაანადგურეს აღნიშნული დანადგარები. ერაყის ავიაცია, ფაქტობრივად, "დაბრმავდა". მათი ეფექტური გამოყენება შეუძლებელი გახდა და ძირითადი ნაწილი საკუთარ აეროდრომებზე იქნა განადგურებული (F-117 ტიპის თვითმფრინავებმა, მთელი კონფლიქტის განმავლობაში, 1270 გაფრენა განახორციელეს და უდანაკარგოდ შეასრულეს ყველა საბრძოლო დავალება მოწინააღმდეგის დიდი სიღრმეში არსებული სამიზნეების გასანადგურებლად).

განსაკუთრებით ეფექტურად იქნა გამოყენებული საზღვაო ბაზირების ახალი თაობის ფრთოსანი რაკეტები, რომელთა საშუალებით განადგურდა ერაყის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები (განხორციელებულ იქნა 316 გაშვება). წარმატებული გამოცდა გაიარა "პეტრიოტ"-ის ტიპის ახალმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა (მათი საშუალებით მკვეთრად შემცირდა ის საშიშროება, რომელიც ერაყის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებს შეეძლოთ მიეყენებინათ მოკავშირეებისათვის). პირველად რეალურ საბრძოლო ვითარებაში მონაწილეობა მიიღეს: M1A1 "აბრამს"-ის ტიპის ტანკებმა, M2 "ბრედლი"-ს ჯავშანმანქანებმა, F-18 და "ტორნადო" B2 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა, გამოყენებულ იქნა ლაზერული და სატელევიზიო სისტემებით აღჭურვილი სხვადასხვა დანიშნულების მართვადი ჭურვები - GBU-10, -12, -15, -16, -23, -24 და GBU-28 – სპეციალურად მიწისქვეშა ბუნკერების ასაფეთქებლად ("bunker buster" ჭურვის სიგრძეა 6 მეტრი, წონა - 2000 კგ, მიწისქვეშ 30 მეტრის სიღრმეზე ფეთქდება და შლის 6 მეტრი სიგანის რკინაბეტონის კედლებს) და სხვა მრავალი ტიპის ახალი იარაღი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

 

როგორც აღვნიშნეთ, ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალი"-ს პირველი ეტაპი, რომელიც 1991 წლის 17 იანვარს დაიწყო, 23 თებერვალს დასრულდა. ამ პერიოდში გამოყენებულ იქნა 88 ათასი ტონა საავიაციო ჭურვი, განხორციელდა 110 ათასი საბრძოლო გაფრენა, გაშვებულ იქნა 316 ერთეული საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა. ყოველივე ამის შედეგად განადგურდა ერაყის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დიდი ნაწილი: 360 მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი; 30 სამხედრო საავიაციო ბაზა და აეროდრომი; ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების 75%; ელექტროსადგურების 80%; 50 მსხვილი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი. ფაქტობრივად, ერაყის ჯარების სამხრეთი დაჯგუფება იზოლირებულ იქნა ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისაგან, განადგურდა ერაყის მოწინავე პოზიციებზე განლაგებული ჯარების 50%. სულ, მთელი კონფლიქტის განმავლობაში, ერაყმა დაკარგა 70 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 85 ათასი ტყვედ ჩავარდა, 30 ათასი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ტექნიკის სახით განადგურებულ იქნა 360 თვითმფრინავი, 2700 ტანკი, 5 საბრძოლო ხომალდი, 25 კატარღა და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების 40 დანადგარი.

ამერიკის სამხედრო სარდლობამ საკმაოდ კარგად იზრუნა იმისათვის, რომ მოწინააღმდეგის მიმართ კოალიციური ჯარების სრული უპირატესობისათვის მიეღწია და უზრუნველეყო გარანტირებული წარმატება მინიმალური დანაკარგებით, ისე, როგორც ამას ამერიკული არმიის შესაბამისი წესდება მოითხოვდა.

24 თებერვალს დაიწყო ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხალი"-ს მეორე და დასკვნითი ეტაპი. ეს იყო საჰაერო-სახმელეთო ოპერაცია, რომელიც კუვეიტის ტერიტორიასა და ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში სადამ ჰუსეინის ჯარების განადგურებას, მისი რჩეული რესპუბლიკური გვარდიის ნეიტრალიზებასა და კუვეიტის განთავისუფლებას ითვალისწინებდა. შეტევა ადგილობრივი დროით 4 საათზე დაიწყო. ინტენსიური საარტილერიო მომზადებისა და მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული საშუალებების დათრგუნვის შემდეგ კოალიციური ჯარების მოწინავე შენაერთები, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, შეტევაზე გადავიდნენ - ზღვიდან (კუვეიტის სანაპირო ზოლი) მოქმედებდა აშშ-ის პირველი და მეორე საზღვაო-ქვეითთა დივიზიები საუდის არაბეთის, კუვეიტის, ეგვიპტის და სირიის საჯარისო დანაყოფებთან ერთად; ცენტრალური მიმართულება - ამერიკის მეშვიდე არმიის კორპუსი და ინგლისის პირველი ჯავშანსატანკო დივიზია; დასავლეთის მიმართულება - საფრანეგთის მეოთხე საჰაერო-მობილური და მეექვსე ჯავშანსატანკო დივიზიები. რეზერვში ამერიკის მეთვრამეტე საჰაერო-სადესანტო კორპუსი იმყოფებოდა. მათი საბოლოო მიზანი კუვეიტში არსებული ერაყის ჯარების განადგურება, ქალაქების - ბასრა და ნასირია - რაიონში განლაგებული სამხრეთის დაჯგუფების ჯარების ალყაში მოქცევა და ჩრდილოეთით მდინარე ევფრატის ზღვარზე გამაგრება იყო. ფრონტის სიგრძე, რომელზეც საბრძოლო ოპერაციები მიმდინარეობდა, სიგანეში 400 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, სიღრმეში - 250 კმ-ზე და კუვეიტისა და ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა. მთელ ამ სამხედრო კამპანიას, როგორც აღვნიშნეთ, ამერიკელი გენერალი, ნ. შვარცკოფი ხელმძღვანელობდა.

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ავიაცია. მარტო 23-24 თებერვლის ერთ ღამეში კუვეიტის ტერიტორიაზე განხორციელდა 3000 საბრძოლო გაფრენა, განადგურებულ იქნა ფრონტის წინა ხაზზე და მის სიღრმეში არსებული თავდაცვითი და საფორტიფიკაციო ნაგებობები, აქტიურად მოქმედებდნენ საჰაერო, აერომობილური და საზღვაო-სადესანტო ნაწილები. ჯერ კიდევ 1991 წლის 24 თებერვალს 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ორმა ბატალიონმა ელ-კუვეიტის სამხრეთ გარეუბანში დედაქალაქის აეროპორტი დაიკავა და იქ ძირითადი ძალების, საზღვაო ქვეითთა პირველი და მეორე დივიზიის მოსვლამდე გამაგრდა. ერთდროულად გადმოსხეს საზღვაო დესანტი კუვეიტის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე ოპერატიულად მნიშვნელოვან კუნძულებზე (ფაილაკა და ბუბიანი). ინტენსიური სარაკეტო, საარტილერიო და საავიაციო მხარდაჭერის მაღალეფექტურობამ საშუალება მისცა მოკავშირეთა ჯარებს, სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე წაწეულიყვნენ დასახული მიმართულებით. უკვე 24 თებერვლის დღის ბოლოს მათ შეძლეს, შეჭრილიყვნენ მოწინააღმდეგის განლაგებაში 50 კილომეტრის სიღრმეზე (ზღვის მხრიდან - 30-50 კმ-ზე, ცენტრალური - 20-30 კმ-ზე, დასავლეთის - 15-25 კმ-ზე), მოახერხეს კუვეიტში განლაგებული ერაყის ჯარების ნაწილობრივი განცალკევება და ალყაში მოქცევა, განთავისუფლებულ იქნა ქალაქი "ელ-ვაფრა" და სხვა დასახლებული პუნქტები, 10 ათასი ერაყელი ჯარისკაცი ტყვედ იქნა აყვანილი.

25 თებერვალს მოკავშირეთა ჯარები განაგრძობდნენ შეტევას ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. მათ, საბოლოოდ, მოახერხეს ერაყის ჯარების გახლეჩა, მიუახლოვდნენ ელ-კუვეიტის მისადგომებს, სადაც, როგორც აღვნიშნეთ, იმყოფებოდა სადესანტო დივიზიის 2 ამერიკული ბატალიონი და შეუერთდნენ მათ. უშუალოდ, დედაქალაქის სამხრეთ და დასავლეთ მისადგომებთან ერაყის ჯარებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს მოკავშირეებს. ცენტრალური მიმართულებით მოქმედი ამერიკული დივიზიები მოკავშირეებთან ერთად ერაყი-კუვეიტის საზღვრის გაყოლებაზე ბრძოლით მიიწევდნენ წინ, რათა დასავლეთის მხრიდან ჩაეკეტათ კუვეიტში განლაგებული მოწინააღმდეგის ჯარები და ერაყის ნაციონალური გვარდიისათვის, რომელიც კუვეიტის ჩრდილოეთით იმყოფებოდა, არ მიეცათ საშუალება, დახმარებოდნენ მათ. აერომობილურ დანაყოფებს 101-ე დივიზიიდან დავალებული ჰქონდათ, დაეკავებინათ ოპერატიულად მნიშვნელოვანი პოზიციები და არ დაეშვათ ერაყის ჯარების უკანდახევა ქალაქ ბასრას მიმართულებით. დასავლეთის მიმართულებით მოკავშირეები ქალაქ ნასირიასაკენ მიიწევდნენ.

25 თებერვალს საბრძოლო მოქმედებების შედეგად მოკავშირეებმა გაარღვიეს ერაყის მე-3 და მე-7 არმიის დაცვის ხაზი, რითაც ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე შეუქმნეს კუვეიტში მყოფ ნაწილებს. ტყვედ იქნა აყვანილი 18 ათასი ერაყელი ჯარისკაცი. მოკავშირეებმა ორდღიანი ბრძოლის შედეგად დაკარგეს 130 კაცი.

26 თებერვალს, დილიდან, მოკავშირეებმა განაახლეს შეტევითი მოქმედებები მთელ ფრონტზე. მთავარი ძალისხმევა კვლავ კუვეიტში განლაგებული მოწინააღმდეგის ჯარების ალყაში მოქცევასა და მისი განადგურებისკენ იყო მიმართული. დღის ბოლოს მათ, ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოახერხეს ელ-კუვეიტის დაკავება. ცენტრალური მიმართულებით 50 კმ-ით წაიწიეს და კუვეიტ-ერაყის ჩრდილოეთ საზღვარზე გავიდნენ. დასავლეთის მიმართულებით მოკავშირეებმა ბასრა-ბაღდადის საავტომობილო მაგისტრალი დაიკავეს. სამდღიანი ბრძოლის შედეგად ერაყის ოცდაერთმა დივიზიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, განადგურებულ იქნა 400 ტანკი და 30 ათასი კაცი ტყვედ იქნა აყვანილი.

27 თებერვალს მოკავშირეებმა უკვე მთლიანად გაათავისუფლეს კუვეიტის ტერიტორია, გაანადგურეს ქ. ბასრასა და ქ. ნასირიას რაიონში განლაგებული ერაყის ჯარები. ამის შემდეგ ერაყის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ წინააღმდეგობა შეწყვიტა. 28 თებერვლის დილით, 8 საათზე, საბრძოლო მოქმედებები დასრულდა.

ამრიგად, აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამხედრო ოპერაციების ("უდაბნოს ფარი" და "უდაბნოს ქარიშხალი") შედეგად განადგურებულ იქნა რეგიონში ყველაზე ძლიერი (როგორც რიცხობრივად, ისე შეიარაღების მხრივ) არმია.

სპარსეთის ყურეში წარმოებულ ომს გლობალური მნიშვნელობა ჰქონდა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომელიც დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და ელოდებოდა მის შედეგებს. შეძლებდა თუ არა აშშ თავისი ინტერესების დაცვას კონტინენტიდან ასე შორს? ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან და რა მსხვერპლის ფასად? ამ მხრივ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. ამერიკელთა შორის დაღუპულთა საერთო რაოდენობა 200-მდე სამხედრო მოსამსახურეს არ აჭარბებდა, აქედან ნახევარი თითქმის (90 კაცი) უბედურ შემთხვევებს ემსხვერპლა, რაც სავსებით დასაშვებია ნახევარმილიონიანი არმიის ასეთ შორ მანძილზე გადაადგილებისას. სულ მოკავშირეებმა დაკარგეს - 795 ჯარისკაცი, 69 საბრძოლო თვითმფრინავი და 28 ვერტმფრენი, ჯავშანტექნიკის უმნიშვნელო რაოდენობა. ეს იყო დიდი წარმატება, პირველ რიგში, თვით ამერიკელთათვის. ყველა იმ რეფორმამ, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ სამხედრო სფეროში 1973 წლიდან მოყოლებული და განსაკუთრებით პრეზიდენტ რეიგანის მმართველობის პერიოდში, წარმატებული გამოცდა გაიარა. ამერიკელები, საბოლოოდ, განთავისუფლდნენ იმ ფსიქოლოგიური სტრესისაგან (ე. წ. "ვიეტნამის სინდრომი"), რომელიც მათ წლების განმავლობაში გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა.

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა (ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები) შეძლეს დაეცვათ პატარა კუვეიტი დიდი ტოტალიტარული სახელმწიფოს აგრესიისაგან. ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა კავშირში შემავალი პატარა ქვეყნებისათვის, რომლებიც თავიანთი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ.


გამოყენებული ლიტერატურა

  1. INTERNATIONAL WAR in the GULF. SPECIAL ISSUE. TIME. January 28, 1991, N4. pp.10-20.
  2. U. S. NEWS & WORLD REPORT. March 18, 1991, pp.32-35.
  3. NEWSWEEK. March 11, 1991, pp. 14-39.
  4. NEWSWEEK. March 18, 1991, pp. 18-34.
  5. NEWSWEEK. March 25, 1991, pp. 7-11.
  6. Зарубежное военное обозрение, №1, 1991, cтр.5-11.
  7. Зарубежное военное обозрение, №2, 1991, cтр.3-11.
  8. Зарубежное военное обозрение, №3, 1991, cтр.10-14.
  9. Зарубежное военное обозрение, №4, 1991, cтр.7-10.
  10. Зарубежное военное обозрение, №6, 1991, cтр.3-12.
კატეგორია: სტატიები ზოგადი | დაამატა: მამუკა (2010-02-23)
ნანახია: 1723 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.