RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » სტატიები » პუბლიკაციები » კავკასიის ეთნოლოგია

ჯონი კვიციანი: სოციალური სინერგეტიკა და კავკასიური ტრანსფორმაცია - ნაწ. 1 [თბილისი, 2008]
იმ სოციალურ-ტრანსფორმაციულ პროცესებს, რომლებიც ამჟამად პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის კავკასიაშიც მიმდინარეობს, საკმაოდ პრობლემური და სუბიექტური ხასიათი აქვთ. ტრანსფორმაციის [მხედველობაში გვაქვს სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლა] და გლობალიზაციის პროცესებზე უარყოფითად მოქმედებს როგორც საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული კომუნისტური აზროვნების ინერცია, ასევე ხაზობრივ-მონისტური მითითებების დომინირება პოლიტიკაში. აღნიშნულ პროცესებს ხელს უშლის აგრეთვე ადგილობრივი სოციო-პოლიტიკური ელიტის უსუსურობა ადექვატურად შეაფასოს საზოგადოებაში და საერთოდ, მსოფლიოში შექმნილი რეალიები.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ გლობალიზაციის თვითორგანიზებადი ობიექტური პროცესისათვის, ხარისხობრივად ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების პირობებში, ეროვნულ-ტერიტორიული საზღვრები არ არსებობს – ის "ყველასგან დაუკითხავად” მოქმედებს და გავლენას ახდენს ახალ პარადიგმალურ ცვლილებებზე საზოგადოებაში. გლობალური საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების დინამიკა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღმოჩნდა ძალზე სწრაფი, რომელმაც არახაზობრივი ეფექტები [მრავალვარიანტული და შეუქცევადი პროცესები] გამოიწვია.

თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება, მისი თითოეული რგოლი [ოჯახი, სკოლა, დაწესებულება, პროფესია და ასე შემდეგ] სოციალური კრიზისითა და დესტაბილიზაციითაა მოცული. ბევრმა მეცნიერმა ასეთი საზოგადოება უკვე "რისკის საზოგადოებად” [Risikogesellschaft] მონათლა [1] . უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი კავკასიის ქვეყნების პირობებში [რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო] განსაკუთრებით მტკივნეულად მიმდინარეობს, რადგან აქ საზოგადოების დემოკრატიზაციის ამოცანების პარალელურად საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობაში რეალური ინტეგრაციის პრობლემების გადაწყვეტაც.

ამრიგად, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შეფასება, მათზე ადექვატური რეაქცია და ადამიანთა მზადყოფნა შესაბამის გადაწყვეტილებათა მისაღებად ბევრადაა დამოკიდებული მათ მსოფლმხედველობაზე. დღეს კი ამ უკანასკნელის ჩამოყალიბებაზე, ჩვენი შეხედულებით, ეფექტური გავლენა შეუძლია მოახდინოს ბოლო წლებში გავრცელებულმა თვითორგანიზაციის [თვითორგანიზების] თეორიამ [მოქმედებს ბუნებაში და სოციალურ ცხოვრებაში], რომელსაც 1973 წელს გერმანელმა მეცნიერ-ფიზიკოსმა გ.ჰაკენმა "სინერგეტიკა” უწოდა [2].

სინერგეტიკის პრინციპებიდან ახალი მსოფლმხედველობისაკენ

სინერგეტიკისადმი ჩვენი ყურადღება ძირითადად ორმა მომენტმა მიიპყრო: პირველი – როგორც თვითორგანიზების თეორიამ, სინერგეტიკამ პირველად დაიწყო სრულიად ახალი მეთოდების გამოყენება დინამიკური პროცესების განვითარებაში, ანუ დაიწყო შესწავლა საზოგადოების სისტემურ-სტრუქტურული ევოლუციისა თვითორგანიზებად სისტემებში ქაოსის [უწესრიგობის] და წესრიგის დინამიური ერთიანობის დროს, როგორც ბუნებაში, ასევე საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში; მეორე – სისტემურ-სინერგეტიკული მეთოლოგია გამოდის მსოფლიოს მთლიანობის ხედვიდან და მას განიხილავს, როგორც თვითორგანიზების სამერთიანობას [სამმთლიანობას] – "ბუნება-საზოგადოება-ადამიანი”.

სინერგეტიკა განსაკუთრებულ მსოფლმხედველობით მნიშვნელობას ანიჭებს აგრეთვე ნ.ბრომის მიერ 1927 წელს გაცხადებულ დამატებითობის [კომპლიმენტარობის] პრინციპს, რომელიც, წინააღმდეგობათა ბრძოლის დიალექტიკური პრინციპისაგან განსხვავებით, დაპირისპირებას ცვლის ტოლერანტობაზე ურთიერთობებში, შემწყნარებლობაზე სხვისი აზრის მიმართ და თანამშრომლობაზე, რომელიც სინერგიას წარმოშობს.

ი.პრიგოჟინისა და ი.სტენგერსის ცნობილ წიგნში "წესრიგი ქაოსიდან” გაკრიტიკებულია ტრადიციული მეცნიერება, რომელიც ყურადღებას ძირითადად უთმობს ნიუტონის მსოფლიო "გიგანტური მანქანის” მოდელს – მდგრადობას, წესრიგს, ერთგვარობას [ერთსახოვნობას] და წონასწორობას - მე-17 საუკუნიდან დაწყებული [და ხშირად დღემდეც]. ტრადიციული მეცნიერება სწავლობს უმთავრესად ჩაკეტილ სისტემებს და ხაზოვან ურთიერთობებს, რომლებიც არახაზოვანი სისტემებისაგან განსხვავდებიან თვითმოქმედების უუნარობით, მათში არამდგრადია სწრაფვა როგორც ქაოსისაკენ, ასევე წესრიგისაკენ [3] . პრინციპში, ეს ყველაფერი მსოფლმხედველობის ინდუსტრიულ პარადიგმას ასახავდა.

ამჟამად, მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესების დაჩქარებულ პირობებში, სადაც ძირითად რესურსებად ითვლება ინფორმაცია და ახალი ქსელური ტექნოლოგიები, იქმნება მსოფლხედვის ახალი მეცნიერული მოდელები. სინერგეტიკის პრიგოჟინისეული პარადიგმა, მისი მექანიკური მოდელისაგან განსხვავებით, გულისხმობს იმას, რომ სამყაროში სისტემათა [ობიექტთა] უმეტესობა ღიაა და გარემომცველთ ენერგიას, ნივთიერებასა და ინფორმაციას უცვლიან. მეცნიერმა უჩვენა, რომ ღია სისტემებს მიეკუთვნება ბიოლოგიური და სოციალური სისტემებიც, სადაც მთავარ როლს ასრულებენ არამდგრადობა და გაუწონასწორებლობა.

ოლვინ ტოფლერი, იმოწმებს რა ზემოაღნიშნულ პრიგოჟინისა და სტენგერსის წიგნს, მოკლედ აყალიბებს სინერგეტიკული ხედვის არსს, მის "ენას” თვითორგანიზებად სისტემებში: ყველა სისტემა შეიცავს ქვესისტემას, რომლებიც ფლუქტუირების [გადახრის] განუწყვეტლივ პროცესში იმყოფებიან. ზოგჯერ ცალკეული ფლუქტუაცია თუ ფლუქტუაციური კომბინაცია, დადებითი უკუკავშირის შედეგად, შეიძლება იმდენად ძლიერი გახდეს, რომ ადრე არსებული ორგანიზაცია მას ვეღარ უძლებს და ნადგურდება. ამ გარდამტეხ მომენტში [ბიფურკაციის მომენტში], პრინციპულად შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, თუ რომელი მიმართულებით მოხდება განვითარება: იქნება სისტემის მდგომარეობა ქაოსური თუ ის გადავა ახალ, უფრო დიფერენცირებულზე და მოწესრიგებულობის უფრო მაღალ დონეზე, რომელსაც დისიპათიური სტრუქტურა [4] ეწოდება [დისიპაცია – ნივთიერების გაბნევა ენერგიაში].

ი.პრიგოჟინის მიერ დისიპათიური სტრუქტურების აღმოჩენამ, რომლებიც გარემოსთან მუდმივი გაცვლის პირობებში არსებობენ, მიგვიყვანა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტის საოცარი ურთიერთკავშირის გაგებამდე: დისიპაციისა, რომელიც განპირობებულია ენტროპიის წარმომქმნელი აქტიურობით, და წესრიგისა, რომელსაც, ტრადიციული წარმოდგენების თანახმად, იგივე დისიპაცია არღვევს [5].

ამრიგად, ქაოსისა და წესრიგის სინთეზი, განხორციელებული დისიპათიური სისტემის მიერ, იმაში მდგომარეობს, რომ უკვე მოწესრიგებულ სისტემას არ შეუძლია იარსებოს მოუწესრიგებელის გარეშე [ანუ წესრიგს ქაოსის გარეშე], თანაც მრავალგზისი მონაცვლეობით – "ქაოსი-წესრიგი-ქაოსი-წესრიგი” _ განვითარების პროცესში. ასეთი სტრუქტურების არსებობა განპირობებულია უფრო დიდი ენერგიით, ვიდრე ამას ითხოვენ ის უბრალო, მარტივი სტრუქტურები, რომლებიც მათ უნდა შეცვალონ. ცვლის ამგვარი პროცესის შეწყვეტის შემდეგ დისიპათიური სტრუქტურაც ქრება.

ი.პრიგოჟინის კონცეფცია დისიპათიურ სტრუქტურებში ქაოსიდან წესრიგის შემთხვევითი წარმოქმნის შესახებ, დღემდე დისკუსიას იწვევს. ჰეგელისა და მარქსის დიალექტიკური კონცეფციისაგან [შემთხვევითობისა და აუცილებლობის კატეგორიები] განსხვავებით, რომლებიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საერთოდ სერიოზულად არ განიხილავენ ქაოსს, პრიგოჟინისეული აჩვენებს, რომ ქაოსი და წესრიგი დისიპათიური სტრუქტურის შიგნით ურთიერთდაკავშირებულია. ი.პრიგოჟინის აზრით, ბიფურკაციის წერტილში "შემთხვევითობა ბიძგს აძლევს განვითარების ახალ გზაზე იმას, რაც სისტემისაგან რჩება, ხოლო მას შემდეგ, რაც გზა აირჩევა, კვლავ ძალაში შედის დეტერმინაცია – და ასე შემდეგ, ბიფურკაციის მომდევნო წერტილამდე” [6].

ამრიგად, დისიპათიურ სისტემებში შემთხვევითობა და აუცილებლობა ერთმანეთთან "დაპირისპირებული” კი არ არიან, არამედ ერთმანეთთან სინთეზირებენ და ერთმანეთს ავსებენ. ზემოაღნიშნულ საერთო კანონზომიერებებს დღეს, მეთოდოლოგიური კრიზისის პირობებში, საზოგადოების სოციალურ თვითორგანიზაციის დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვთ.

უკანასკნელ წლებში გამოქვეყნდა მონოგრაფიული შრომები და სტატიები, რომლებშიც ავტორები სოციალური სინერგეტიკის საკითხებს იკვლევენ [7] , თუმცა მათი კვლევის საგანია არახაზობრივი ცვლილებები და თვითორგანიზაციის პროცესები, წარმოქმნილი არამდგრად, გაუწონასწორებელ საზოგადოებაში, და ყურადღება უმთავრესად გამახვილებულია მომავლის კავშირზე ამჟამინდელ სოციალურ რეალობასთან.

ვ.პ.ბრანსკი აღნიშნავს, ადამიანი, ისევე როგორც ყოველი ორგანიზმი, ტიპიურ დისიპათიურ სისტემას წარმოადგენს, რომელსაც არსებობა შეუძლია როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, მაგრამ მხოლოდ გარემოსთან მუდმივი ცვლის პირობებში ნივთიერებით, ენერგიით და ინფორმაციით (კვება, სუნთქვა, თბოცვლა, გამრავლება, შემეცნება, უტილიტარული და სულიერი ფასეულობების წარმოება, ურთიერთობა და სხვა). როგორც ი.ბრანსკი მიიჩნევს, ასეთი სისტემების სიმრავლე წარმოქმნის ამა თუ იმ სოციალურ ორგანიზაციას ან კოოპერაციას (ოჯახი, სკოლა, საწარმო და სხვა). შემდგომ, ამგვარი კორპორაციების სიმრავლე, თავის მხრივ, ქმნის უფრო მაღალი რანგის დისიპათიურ სისტემას, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში ყალიბდება იერარქიული, სახელმწიფოს თამნმხვდომი დისიპათიური სისტემა [8].

ზემოთქმულიდან ჩანს, რომ ყოველი საზოგადოება დისიპათიურ სტრუქტურას წარმოადგენს. ანალიზი გვაჩვენებს, რომ მასში სოციალური თვითორგანიზება ორი ურთიერთგამომრიცხავი პროცესის – იერარქიზაციისა და დეიერარქიზაციის – მონაცვლეობაა[9] . ორივე ეს პროცესი დაკავშირებულია თვითორგანიზების ისეთი ელემენტებით, როგორიცაა ბიფურკაცია [10] და ატრაქტორი [11] . ბიფურკაციის მეშვეობით მომხდარი "არჩევანით” იკეტება სხვა ალტერნატიული გზები და ევოლუციის პროცესი შეუქცევადი ხდება. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული სისტემისათვის არსებობს თავისი ატრაქტორი, ურთიერთმოქმედი კონკრეტულ გარემოსთან, რომელსაც მიაღწევს რა, შემდეგ თავის ვერცერთ უწინდელ მდგომარეობას ვეღარ უბრუნდება (განასხვავებენ მარტივ ატრაქტორს, რომლისკენაც მიისწრაფის წესრიგი და უცნაურს – საითაც მიიზიდება ქაოსი). ყოველივე ამის შედეგად სისტემის თვითორგანიზება ღებულობს არახაზობრივ (ესე იგი, მრავალვარიანტულ, შეუქცევად) ხასიათს[12].

სინერგეტიკაში ამ პროცესის მამოძრავებელ ძალად, ბევრი მეცნიერის აზრით, სოციალური შერჩევა ითვლება. ვ.პ.ბრანსკის და ს.დ.პოჟარსკის მისი ძირითადი ფაქტორების განსაზღვრისათვის შემოაქვთ სპეციალური ტერმინოლოგია - თეზაურუსი, დეტექტორი და სელექტორი [13] . სოციალური შერჩევის ანალიზით ვლინდება მისი ორი ურთიერთ-საპირისპირო ტენდენცია საზოგადოების განვითარებაში: პირველი – სოციალური სისტემების სწრაფვა მდგრადობისაკენ (წონასწორობისაკენ) და მეორე – მუდმივი სწრაფვა ცვალებადობისაკენ (წონასწორობის დარღვევისაკენ). ეს მაშინაა შესაძლებელი, როცა განვითარების პროცესში ერთდროულად აქვს ადგილი წინააღმდეგობის "ჩაქრობას” ან "შერბილებას”.

ასე რომ, ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება უბრალო წრებრუნვისა, თვითორგანიზებადი სისტემების მონაცვლეობისა განვითარების პროცესში, თუმცა ეს ასე არაა. არამდგრადობის, მონაცვლეობის, წესრიგისა და ქაოსის, სოციალური სტრუქტურების ინტეგრაციისა და დიფერენცირების წრებრუნვისას, მათი იერარქიზებისა და დეიერარქიზების დროს წარმოიქმნება დომინირებადი ტენდენცია – მთლიანი სისტემის მოძრაობა გლობალური ატრაქტორისაკენ (სუპერატრაქტორისაკენ). ასეთი მდგომარეობა ვარაუდობს ქაოსისა და წესრიგის სრულ სინთეზს, ჰარმონიას ადამიანის პასუხისმგებლობასა და თავისუფლებას შორის. ამიტომ, თავისი მდგრადი მდგომარეობისაკენ (სუპერატრაქტორისაკენ) გლობალიზებადი კაცობრიობის მოძრაობის პარალელურად, იცვლება და ყალიბდება "ზეადამიანი”.

კიდევ ერთი მომენტი: სინერგეტიკული მსოფლხედვისა და გლობალიზაციის არსის ბოლომდე შეცნობა და მისი გახსნა შეუძლებელია, თუ პრიგოჟინის პარადოქსს არ მივმართავთ. ბრანსკი და პოჟარსკი, იმოწმებენ რა პრიგოჟინის ბოლო ინტერვიუს (2000 წ.), აღნიშნავენ: "გლობალიზაციასა და ქსელურ რევოლუციას ადამიანები მიჰყავს არა მარტო მაღალი დონის კავშირებისაკენ ერთმანეთთან, არამედ ისტორიულ პროცესში ცალკეული ინდივიდუუმის როლის ზრდამდე”. მათი აზრით, პარადოქსის არსი მდგომარეობს ორი დაპირისპირებული ტენდენციის ერთდროულ დინებაში: თითოეული ინდივიდუუმის სოციუმისაგან დამოკიდებულების ზრდაში და, პირიქით – მთლიანი სოციუმის დამოკიდებულების ზრდაში თითოეული ინდივიდუუმის თვითნებობაზე. პირველი ტენდენცია არის მიდრეკილება ტოტალური დაპროგრამებულობისაკენ (ანუ წესრიგის კულტისაკენ, სხვაგვარად – ტოტალიტარიზმისაკენ), მეორე კი – ტოტალური თვითნებობისაკენ (ანუ ქაოსის კულტისაკენ, ანარქიზმისაკენ). მეცნიერები კითხვაზე, შესაძლოა თუ არა პრიგოჟინის პარადოქსის გადალახვა, პასუხობენ, რომ ეს შესაძლებელია სუპერატრაქტორში, სადაც არსებობს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის (ქაოსისა და წესრიგის) სრული ჰარმონია [14].

ბრანსკისა და პოჟარსკის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილება და მათ მიერ გლობალიზაციასა და თვითორგანიზებას შორის აღმოჩენილი ღრმა კავშირი იძლევა იმის საშუალებას, რომ გლობალიზაციის პროცესებს ახლებურად შევხედოთ.

კავკასიური ტრანსფორმაციის არახაზობრიობა და რეალობები

კავკასიის ქვეყნები, ევრაზიულ სივრცეში თავიანთი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდგომარეობის ძალით, მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროცესი, გლობალური ბიფურკაციის პროცესში ჩართვის პერსპექტივით, ტრანსფორმაციის პრობელემურ ხასიათთან დაკავშირებით, გაძნელებულია.

მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის დასაწყისიდან კავკასიაში ტრანსფორმაციის პროცესები ბიფურკაციული სცენარით განვითარდა, რაც პირობითად შეიძლება ორ ეტაპად დავყოთ: პირველი – 90-იანი წლებიდან 2000 წლის დასაწყისამდე და მეორე – 2000-ის დასაწყისიდან დღემდე.

სოციალური თვითორგანიზების პროცესში, როცა საზოგადოებაში რთული სისტემების ჩამოყალიბება დაიწყო, ერთი მხრივ, გამოვლინდა ადამიანზე ამ სისტემების უკუქმედების არახაზობრივი ეფექტები, ხოლო მეორე მხრივ – ძირითადად პოლიტიკაში – ხაზობრივ-მონისტური მითითებები სოციალური სისტემების თვითგანვითარების საკუთარ ტენდენციას დაუპირისპირდა.

კავკასიის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პოლიტიკაში ტრადიციულმა, ხაზობრივმა აზროვნებამ თავისი საბოლოო დისკრედიტაცია თვითონვე მოახდინა. ეთნოკონფლიქტები, მოსახლეობის მასობრივი პაუპერიზაცია, რეგიონული და სოციალური დეზინტეგრაცია და ასე შემდეგ, სოციალური პროცესებისადმი შესაბამისი მართვის შედეგია.

სამართლიანადაა შენიშნული, რომ "ისტორია თითქოსდა დასცინის იმ რეფორმატორების მოქმედებას, რომლებიც ცდილობენ შექმნან სოციალურ გარემოში ისეთი რაღაც, რომელიც არ პასუხობს მისსავე ბუნებას, ცდილობენ სოციალურ გარემოს თავს მოახვიონ ევოლუციის გზა და ამ დროს არ ითვალისწინებენ მისივე საკუთარ, შინაგან ევოლუციურ ტენდენციებს” [15] . ამრიგად, აშკარაა, რომ მართვის ტრადიციული, ხაზობრივი მიდგომები ახალ თვითორგანიზებად სისტემებში (ობიექტებში) არ მუშაობენ. მსოფლიოში არსებული რეალიები მოითხოვენ მართვის ახალი, უნივერსალური კონცეფციის აუცილებელ ძიებას, რომელიც დღევანდელობისა და მომავლის კავშირიდან გამომდინარეობს.

ამ შემთხვევაში ყველაზე პერსპექტიულია სისტემურ-სინერგეტიკული მეთოდოლოგია სოციალური თვითორგანიზების საერთო პრინციპების შესახებ, რომლის თაობაზეც ზემოთ ვამბობდით. აღნიშნული პრინციპებიდან გამომდინარე, ვგებულობთ, რომ არახაზობრივი ცვლილებები და საზოგადოების თვითორგანიზების პროცესები ტრანსფორმაციის პირობებში აანალიზებენ სოციალურ რეალობასა და მისი განვითარების მომავალს. ჩვენ ვეთანხმებით უ.უ.მალინეცკის, რომელიც, იმოწმებს რა ჯ.ფორესტერს, რ.მედოუზს, ნ.მოისეევს, რომის კლუბის მოხსენებებს, აღნიშნავს, რომ "არ შეიძლება დაგეგმო განვითარება წინამორბედი ტრაექტორიის ექსტრაპოლირებისას, რადგან წონასწორობა უკვე შეუქცევადაა დარღვეული. ახლა მთავარია არა კურსის კორექტირება, არამედ იმპერატიული აზროვნების პრინციპული ცვლილება” [16].

სამწუხაროდ, კავკასიაში (განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში) სიტუაცია საზოგადოების მართვის სფეროში ტრანსფორმაციის ორივე ეტაპზე მჟღავნდება ტრადიციული და ტოტალიტარული იდეოლოგიის შეჯვარებაში, რომელიც თავის გამოვლენას ეთნიკური ეტატიზმის იდეოლოგიაში პოულობს. ეს უკანასკნელი, ხ.გ.თხაგაფსოევის აზრით, პოლიტიკურ პრაქტიკად ყალიბდება და წარმოგვიდგება როგორც დახურული ეთნო-ოლიგარქული სისტემა, რომლის წიაღში იბადება სოციალური ყოფისაგან ადამიანის გაუცხოების დახვეწილი ფორმები. მისივე სიტყვების თანახმად, ამ შემთხვევაში უკვე ეთნოეტატიზმი გამოდის, უწინარეს ყოვლისა, რესპუბლიკაში დომინირებული ეთნოკლანების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ლობირების იდეოლოგიად, თანაც ეს იდეოლოგია გასაღებულია, როგორც სპეციფიკურად ეროვნული [17].

ისევე, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, სამხრეთშიც, განსაკუთრებით ტრანსფორამციის პირველ ეტაპზე, სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბებაში უარყოფითი როლი შეასრულეს არაფორმალურმა, "პატრიმონიალურმა” სტრუქტურებმა. ეს უკანასკნელი, ფაქტიურად ფორმალურს შერწყმული, ხელს უწყობს მართვის ტრადიციული მეთოდების რეალიზებას.

ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ საჭიროა დავეთანხმოთ გ.ნოდიას, რომელიც ეხება ედუარდ შევარდნაძის მიერ შექმნილ ჰიბრიდულ პოლიტიკურ სისტემას და აღნიშნავს, რომ მართალია, მასში რჩებოდა სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების გარკვეული სივრცე, მაგრამ ამასთან ერთად ის თითქმის არ ქმნიდა პირობებს ნამდვილი პოლიტიკური მონაწილეობისა და კონკურენციისათვის[18].

ამასთან დაკავშირებით, ტრანსფორმაციის პირველი ეტაპის ბოლოს საზოგადოებაში დისბალანსი იქმნება. თუ ასეთი მდგომარეობა არ იცვლება და საზოგადოებაში წონასწორობა არ აღდგება, მას კატასტროფა ემუქრება. სწორედ ასეთი სიტუაციის შედეგია ის, რომ 2003 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოში "ვარდების რევოლუცია” მოხდა.

როგორც საქართველოში, ისევე რუსეთის სამხრეთში (ეროვნულ რესპუბლიკებში), აზერბაიჯანში და სომხეთში ტრანსფორმაციის პირველი ეტაპის შედეგთა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მართვის ძველი მეთოდებით სისტემური ტრანსფორმაციის ახალი ამოცანების გადაწყვეტა შეუძლებელია. მათი გადაწყვეტისა და რიგი პროცესების მართვისათვის უნდა გვახსოვდეს, რომ არახაზობრივ გარემოში არსებობს თანაბარვარიანტიანი სტრუქტურები, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვითარების ოპტიმალური გზა ავირჩიოთ. ეს, თავის მხრივ, ითხოვს, რომ სწორად განვსაზღვროთ ყოველი გარემოსათვის (სისტემისათვის) დამახასიათებელი ბუნებრივი სტრუქტურების შერჩევა, აგრეთვე მივყვეთ მათი ევოლუციის ბუნებრივ ტენდენციებს. სამართლიანად აღნიშნავს ე.ნ.კნიაზევა, რომ "რთულ არახაზობრივ სისტემას შეუძლია თავისი სტრუქტურირება თვითონვე მოახდინოს იმის მსგავსად, როგორც ადამიანი ახდენს თავისივე ორგანიზებას, ანუ როგორც ეს ხდება ჩვენს მიერ დაკვირვებად, თვითორგანიზებულ სამყაროში მთლიანად” [19].

სამწუხაროა, რომ კავკასიაში ტრანსფორმაციის პირველი ეტაპის დასასრულისა და მეორეს დაწყების მიჯნაზე მმართველი ელიტის ძირითად "საზრუნავად” ითვლებოდა არა ძველი სისტემის შემდგომი ტრანსფორმირება, არამედ იმ "ინსტიტუციონალური ხაფანგიდან” გამოსვლა, რომელიც ტრანსფორმაციის პირველ ეტაპზე მომხდარი სოციალური თვითორგანიზების შედეგად ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, არახაზობრივ სისტემაში შექმნილი არამდგრადი მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭირო გახდა რადიკალური ცვლილებები საქართველოს ხელისუფლების სისტემაში, ნაწილობრივ კი რუსეთის ფედერალურ სუბიექტებშიც (ჩეჩნეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, დაღესტანი და ასე შემდეგ).

თუმცაღა საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემატურია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა სიცოცხლისუნარიანობა, წონასწორობა სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის და სხვა.

აზერბაიჯანში მომხდარი მსგავსი ცვლილებების შედეგად, მართალია, გატარდა ზოგიერთი დემოკრატიული რეფორმა, მაგრამ ეს იყო ფასადობრივი – საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მიერ შექმნილი სისტემა სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ქვეყნის მომდევნო ლიდერმა ილჰამ ალიევმა მოხერხებულად ისარგებლა რესპუბლიკის ენერგეტიკული რესურსებითა და ამ რესურსებით მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დაინტერესებით, შეძლო საზოგადოების მეტ-ნაკლებად მდგრად მდგომარეობაში მოყვანა. ამასთან, უნდა შევნიშნოთ, რომ აზერბაიჯანში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი სისტემური ტრანსფორმაციის კონტექსტში.

იმავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოთ აღნიშნული ამოცანების გადაჭრაში წამყვანი როლი მიეკუთვნება არა იმდენად ხელისუფლებას, არამედ საზოგადოებას, ყოველ კონკრეტულ ადამიანს. გავიხსენოთ, რომ ადამიანი თვითონ ითვლება დისიპათიურ სისტემად და გარემოსთან მუდმივი გაცვლის რეჟიმში ცხოვრობს. ამიტომ მისი როლი თავისი საზოგადოების სოციალურ თვითორგანიზებაში ძალიან დიდია. ინდივიდს, გლობალიზაციის მსოფლიო დინამიკაში, არახაზობრივ სისტემებში მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება და შემთხვევითი არაა, რომ მის არჩევანზე, მისი განათლების დონეზეა დამოკიდებული ფუნქციონირებადი სისტემების მიმართულება და "ქცევა”.

მართალია გ.ა.პოღოსიანი, როცა აღნიშნავს, რომ დემოკრატიის არსის გაგების მიმართ დასავლურ და პოსტსაბჭოურ საზოგადოებებში სერიოზული განსხვავება არსებობს. დასავლელი ადამიანისათვის, ამბობს პოღოსიანი, დემოკრატია უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს მოქალაქეთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში სახელმწიფოს მართვის სხვადასხვა დონეზე. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებისათვის კი (მათ შორის სომხეთისაც), როგორც სოციოლოგიური გამოკვლევები გვიჩვენებს, დემოკრატია უწინარესად სხვადასხვა თავისუფლებების უზრუნველყოფაა – სიტყვის, სინდისის, გადაადგილების და ასე შემდეგ [20].

პრობლემად რჩება დამოკიდებულება ეთნიკურობასთანაც: ამ შემთხვევაში საზოგადოება, ეთნოსების შესახებ პრიმორდიალისტურ და კონსტრუქტივისტულ კამათში ჩაბმის გარეშე, მსოფლიოს სინერგეტიკული სურათის გათვალისწინებით, უნდა გამოვიდეს სოციალური ცხოვრების არსებული რეალობიდან და მისი კავშირიდან მომავალთან და წინსვლასთან. შემთხვევითი არაა, რომ მსოფლიო მოვლენების ერთ-ერთი წამყვანი ინტერპრეტატორი, ამერიკელი თომას ფრიდმანი [21] გლობალიზაციასა და კულტურულ იდენტურობას შორის არსებულ დაძაბულობას ახალი ერის განმსაზღვრელ კონფლიქტად მიიჩნევს. თუმცა, ამასთან ერთად, როგორც ფრიდმანი თვლის, მათ შორის წინააღმდეგობა, გლობალიზაციის პროცესში, ნიველირებული იქნება და ადამიანის შეგნებაში შეიქმნება გლობალური და კულტურული იდენტურობის არსებობის პირობები.

დავუბრუნდეთ ჩრდილოეთ კავკასიას. აქ არსებული პრობლემა ადამიანის შეგნებაში არსებულ ეთნოსისადმი კუთვნილებაში კი არაა, არამედ ეტატიზმის ზემოთ აღნიშნული იდეოლოგიის გადალახვაში – იმ იდეოლოგიისა, რომელიც დემოკრატიასთან შეუთავსებელია.

ბოლო წლებში, აღნიშნავს ხ.გ.თხაგაფსოევი, ამგვარი "სიმბოლური კაპიტალისაგან” ინტელიგენციის დისტანცირების შემდეგ, ეტატიზმის მარგინალიზაცია შეინიშნება (ვაჰაბიტური ჯამაათები და მისთანანი, რომლებმაც რეგიონის სხვადასხვა რესპუბლიკებში სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა სცადეს). მეცნიერი ყურადღებას აქცევს ამ რესპუბლიკებში "სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენის ზრდას” როგორც მეზობელი სტავროპოლ-კრასნოდარის მხარეებთან და დონის როსტოვის ოლქთან, ასევე რუსეთის ცენტრალურ რეგიონებთან შედარებით[22] .

ამასთან ერთად, დისიპატიური სტრუქტურების იერარქიზაციის სინერგეტიკული პრინციპებიდან გამომდინარე, 1991 წლის ბიფურკაციის შემდეგ დაწყებული, ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების საზოგადოება ჯერ კიდევ არ მისულა თავის მდგრად მდგომარეობამდე (ატრაქტორამდე), იგი აგრძელებს არამდგრად მდგომარეობაში ყოფნას, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ტრანსფორმაციის პირველი, გარდამავალი პერიოდი. "კლანებისაგან”, "ტეიპებისაგან” და "თავისიან-შინაურებისაგან” შემდგარი ხელისუფლება, კორუფციული არხების მეშვეობით, მოსახლეობის ძარცვას აგრძელებს და, შესაბამისად, ასეთ პირობებში ხალხის "დრეიფი ისლამური ცივილიზაციისაკენ” (ვ.ვ.ჩერნოუსი), ჩვენი წარმოდგენით, საზოგადოების პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა ამ რესპუბლიკებში არსებული წესრიგის მიმართ [23] .

შემთხვევითი არაა, რომ უკანასკნელი ორი-სამი წლის მანძილზე რეგიონის თითქმის ყველა რესპუბლიკაში ხელისუფლება შეიცვალა, რეორგანიზებულ იქნა განათლების სისტემა, თანდათანობით რეგიონი იწყებს ინტეგრირებას რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოკრუგის ფორმირებად სოციუმში. ამიტომ მეცნიერებმა უკვე მიაქციეს ყურადღება "ეთნიკური პლასტიკურობის შემცირებას” ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებში.

გავიხსენოთ, რასაც სინერგეტიკა გვასწავლის: არახაზობრივი სისტემების განვითარების პროცესებზე მართვადი ზემოქმედება შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ მაშინ, როცა ის შეთანხმებულია ამ სისტემის შინაგან თვისებასთან, ანუ როცა ის რეზონანსულია.

როგორც უკვე ვიცით, სოციალური თვითორგანიზების დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარეშე გარემო – მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ სოციალური სივრცეც. თანამედროვე ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სოციალურ-ეთნიკური პროცესებისადმი მიძღვნილ სპეციალურ მონოგრაფიაში მ.დ.როზინი და ს.ი.სუში სამართლიანად აღნიშნავენ, რომ რეგიონში ჩამოყალიბდა ადამიანის სპეციფიკური სამხრეთრუსული ტიპი, რომელიც ღიაა კულტურათაშორისი დიალოგისათვის, რომელმაც შეიწოვა კავკასიური მენტალობისა და კულტურის თავისებურებები. ამიტომ, მიიჩნევენ მეცნიერები, ეროვნული რესპუბლიკებისათვის ზემოაღნიშნული გამოცდილება ყველაზე ოპტიმალურად ითვლება აქ მცხოვრები ხალხების სოციოკულტურული ინტეგრაციის პროცესის გასაგრძელებლად [24].

ამასთან ერთად, ერთიანი კავკასიის მდგრადი ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის, ჩვენი შეხედულებით, მართლზომიერი იქნებოდა გვესაუბრა რეგიონის ხალხების ინტეგრაციასა და აქტიურ ურთიერთქმედებაზე. სხვათა შორის, ბოლო წლებში რუსეთის, საქართველოს და რიგი ქვეყნების მეცნიერები სულ უფრო მეტად ლაპარაკობენ კავკასიური ცივილიზაციის არსებობაზე, რომელსაც შეუძლია რეგიონული ინტეგრაციის იდეოლოგიური ბაზა გახდეს [25].

კავკასიის რეგიონის დაბრუნებას განვითარების ბუნებრივ, ტრადიციულ გზაზე "ბუნება-საზოგადოება-ადამიანი” განაპირობებს თვითორგანიზების შინაგანი, სისტემურ-სინერგეტიკული ლოგიკა სოციალურ და ბუნებრივ გარემოში. ამიტომ, უკვე ტრანსფორმაციის მეორე ეტაპის გამოცდილება, კერძოდ, საქართველოში მომხდარი "ვარდების რევოლუცია”, გვაჩვენებს, რომ საზოგადოება, ადის რა თვითორგანიზების სოციალური სტრუქტურირების უფრო მაღალ საფეხურზე (ვიდრე ეს იყო ტრანსფორმაციის პირველ ეტაპის დასაწყისში) და ახდენს ახალი ინსტიტუციონალური მაკროსტრუქტურის გენერირებას, უზრუნველყოფს საკუთარი განვითარების უფრო მაღალ დონეს. საკითხი ეხება სახელმწიფო აპარატის გამჭვირვალეობისა და ეფექტურობის ამაღლებას, ბაზრების მონოპოლიზების აღმოფხვრას და სხვა.
 
კატეგორია: კავკასიის ეთნოლოგია | დაამატა: მამუკა (2010-02-17)
ნანახია: 1070 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Anna  
0 Spam
Your psoting really straightened me out. Thanks!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.