RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2017 » ივლისი » 12 » დავით მერკვილაძე: სომეხი ხალხის ისტორიის ქართული გამოცემის შესახებ
7:16 PM
დავით მერკვილაძე: სომეხი ხალხის ისტორიის ქართული გამოცემის შესახებ

2016 წლის შემოდგომაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) გამოსცა წიგნი „სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“. წიგნი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხისაა და უხვად არის ილუსტრირებული. ეს არის ჩვენი უძველესი და უახლოესი მეზობელი ხალხის ისტორიის პირველი გამოცემა ქართულ ენაზე, რაც უდავოდ ღირშესანიშნავი მოვლენაა. ამიტომ ამ გამოცემას, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 


თუმცა მანამდე მოკლედ შევჩერდები წიგნის გამოცემის წინაისტორიაზე. კსუ-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სომხეთის ისტორიით დაინტერესებული სტუდენტების მცირე ჯგუფს დაენიშნა სომხეთის ისტორიისა და სომხური ენის სალექციო კურსები. ვინაიდან მე შემომთავაზეს სომხეთის ისტორიის წაკითხვა, თავისთავად აღმოვჩნდი იმ სერიოზულ პრობლემის წინაშე, რასაც ამ მხრივ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოს არარსებობა ქმნიდა. ასეთი სახელმძღვანელოს შექმნის აუცილებლობაც ბუნებრივად დადგა დღის წესრიგში. ვიფიქრეთ, რასაკვირველია, რომ თავად დაგვეწერა საჭირო სახელმძღვანელო, მაგრამ ამგვარი საქმის განხორციელება, მისი მოცულობისა და ამ მხრივ ქართულ ისტორიოგრაფიაში აქამდე არსებული ფაქტობრივი ვაკუუმის გამო, ზედმეტად დიდ დროს მოითხოვდა. ამიტომ კსუ-ს ხელმძღვანელობას შევთავაზე ქართულად გვეთარგმნა ერევნის უნივერსიტეტის მიერ 1980 წელს რუსულად გამოცემული წიგნი: „სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე“. 


შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ შეჩერდა ჩვენი არჩევანი ამ წიგნზე? 1. ვინაიდან ეს წიგნი არის გამოცემული ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში, როცა მაშინდელი ცენზურა საკმაოდ მკაცრად აკონტროლებდა ბეჭდურ გამოცემებს, მასში შედარებით ნაკლებად არის ასახული სომხური ისტორიოგრაფიისათვის ასე თუ ისე დამახასიათებელი ტენდენციურობა  და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის სომხურ-ქართული ურთიერთობის თვალსაზრისითაც; 2. წიგნი არსებობდა რუსულ ენაზე, რაც გასაგები მიზეზების გამო მის ქართულად თარგმნას უფრო აიოლებდა (მაშინ ამ საქმის შესასრულებლად სომხური ენის სპეციალისტის სასწრაფოდ გამონახვა არ ხერხდებოდა); 3. ჩვენ ხელი მიგვიწვდებოდა წიგნის ელვერსიაზე, რაც თარგმანის პროცესის დაჩქარებას საშუალებას იძლეოდა. 4. აქ ერთ წიგნში თავმოყრილი არის სომეხი ხალხის მთელი ისტორია უძველესი ეპოქიდან მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე, რაც ისტორიის თხრობის კომპაქტურობის თვალსაზრისით, ძალიან მოსახერხებელი ფორმატი იყო ჩვენი საჭიროებისათვის. 


თუმცა ამავე დროს „ისტორია“ გადატვირთული იყო საბჭოთა მოძველებული კლიშეებით და ქართული გამოცემის რედაქტირებისას იგი შეძლებისდაგვარად განვტვირთეთ ამგვარი მოძველებული, ყავლგასული ჩანართებისაგან. საბჭოთა ხანის ისტორია კი საერთოდ ამოვიღეთ, რადგან იგი რედაქტირებასაც კი აღარ ექვემდებარებოდა და დასახული მიზნისათვის სრულიად გამოუსადეგარი იყო. ამ გარემოებით აიხსნება წიგნის ქართული გამოცემის სახელწოდების გარკვეული განსხვავებაც მისი რუსული (და სომხური) დედნისაგან (ამის თაობაზე აღნიშნული გვაქვს ჩვენი გამოცემის წინასიტყვაობაშიც). 


წიგნი თარგმნა ისტორიკოსმა ერეკლე ხუციშვილმა, გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და კომენტარები დაურთო თქვენმა მონა-მორჩილმა, რომელმაც ამ გამოცემას სამეცნიერო რედაქტორობა გაუწია. გამოცემის კონსულტანტი გახლავთ ცნობილი არმენოლოგი, პროფესორი ბონდო არველაძე. წიგნის პრეზენტაცია შედგა ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან მოწვეული მკვლევარ-მეცნიერების, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და სხვა  დაინტერესებულ პირთა წინაშე. ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ ორჯერ მიმიწვია გადაცემა „ერთიანი მშვიდობიანი კავკასია“-ში (წამყვანი ქ-ნი თამარ ბელქანია) წიგნის შესახებ უფრო დაწვრილებით სასაუბროდ და მისი უფრო ფართო საზოგადოებისათვის უკეთ გასაცნობად. 


„ლიტერატურული საქართველოს“ 2017 წლის 26 მაისის ნომერში გამოქვეყნდა ცნობილი ისტორიკოსის, პროფესორ გურამ ყორანაშვილის წერილი: „წიგნი ჩვენი მეზობელი ხალხის ისტორიის შესახებ“, რომელიც ჩვენი გამოცემის რეცენზიას წარმოადგენს. მასში აღნიშნულია, რომ „ჯობდა დასახელებული წიგნი უშუალოდ სომხურიდან თარგმნილიყო, მაგრამ, როგორც გაკეთდა, ისიც ფრიად მისასალმებელი მოვლენაა, რამეთუ... ქართულენოვან მკითხველებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ ჩვენი უძველესი სამხრეთელი მეზობლის ტრაგიკულ, მაგრამ დიდად საინტერესო ისტორიას. დღემდე კი მსგავსი რამ გამოირიცხებოდა, რაც შეუსაბამობას წარმოადგენს“. არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ბ-ნ გურამს, რომ მართლაც აჯობებდა წიგნი უშუალოდ სომხურიდან თარგმნილიყო, თუმცა ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუ რატომ მოგვიწია ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თარგმანის რუსული ვერსიიდან გაკეთება. 


რეზენზენტი გამოთქვამს გარკვეულ შენიშვნებს წიგნის სომეხი ავტორების მისამართით: კერძოდ, რომ „წიგნში ბუნდოვნად არის გადმოცემული სომეხთა ეთნოგენეზის საკითხი“; სათანადოდ ვერ არის ახსნილი პირველყოფილი საზოგადოებიდან კლასობრივი საზოგადოების წარმოშობა-განვითარების პრობლემა; იგნორირებულია ისტორიული დემოგრაფია; „ირაციონალურად მოჩანს სომეხი ხალხის თავისუფალი მისწრაფების ფაქტორის მნიშვნელობა ეთნიკურ კონსოლიდაციაში“; გაზვიადებულად არის წარმოჩენილი კლასობრივი ბრძოლის საკითხი; ტენდენციურად არის წარმოჩენილი სომხეთის პირველი რესპუბლიკის პერიოდი (1918-1920 წწ.) და სხვა. 


წიგნში დაფიქსირებული შეხედულებების მიმართ  გამოთქმული შენიშვნების ძირითად ნაწილს ჩვენც ვიზიარებთ, ზოგიერთი მათგანის (მაგ., კლასობრივ ბრძოლაზე ზედმეტი აქცენტის გაკეთება,  1918-1920 წლების ისტორიის ტენდენციურად გაშუქება) თაობაზე მითითებული გვაქვს ჩვენს გამოცემაშიც, ზოგიერთი საკითხი კი მკითხველის თავისუფალი განსჯის საგნად დავტოვეთ. 
გურამ ყორანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, „რომელი ბერძენი ფილოსოსფოსი იგულისხმება „ზენონში“, რომელსაც თარგმნიდნენ V-VI საუკუნეებში“. ამის თაობაზე უნდა განვმარტოთ, რომ რუსულ გამოცემაში შესაბამის ადგილას წერია ფენონი (Фенон), რაც მექანიკურ შეცდომად მივიჩნიეთ (რადგან ასეთი სახელის მქონე ძველ ბერძენ ფილოსოფოსს ვერ მივაკვლიეთ) და გავასწორეთ „ზენონ“-ად. ამ სახელით ცნობილია ორი ფილოსოფოსი: ზენონ ელეიელი (ძვ. წ. V ს.), რომელსაც არისტოტელე პირველ დიალექტიკოსს უწოდებს და ზენონ სკიტიელი (ძვ. წ. IV-III სს.), სტოიციზმის მესაფუძვლე. როგორც ჩანს, მსგავსი გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნებოდა, სქოლიოში რუსული დედნისეული ვარიანტის მითითებასთან ერთად მკითხველისათვის იქვე მიგვეწოდებინა განმარტება ამის თაობაზეც.


რეცენზენტის შენიშვნით, „ენობრივად კარგად გამართულ წიგნში“ ზოგიერთი სიტყვის გადმოქართულება უკეთ იყო შესაძლებელი. მის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტთაგან ნაწილს, როგორიცაა: „ურჩი მოვალე“ („ვალის არგადამხდელის“ ნაცვლად), „სავალო მონობა“ („მოვალეობითი მონობის“ ნაცვლად), „ჰარამხანა“ („ჰარემის“ ნაცვლად), „ფასდაუდებელი“ („შეუფასებელის“ ნაცვლად), სრულიად ვიზიარებთ. 


პროფ. გურამ ყორანაშვილი ერთგან მიუთითებს: „აღნიშნული წიგნის გამოცემას ჩვენს საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი, მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ნაწილმა იგი მიუღებლად მიიჩნია. მავანთაგან განსხვავებით, ვფიქრობთ, საგანგაშო ნამდვილად არაფერი მომხდარა, პირიქით - გამოსწორდა ხარვეზი, რაც უთუოდ წაადგება ქართულ კულტურას.“ 

 

რეცენზენტს უდავოდ მხედველობაში აქვს ალ. აბდალაძის გამოსვლა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში, სადაც მან წამყვან ვაჟა ოთარაშვილთან უნისონში უსაფუძვლო კრიტიკის „კორიანტელი“ დააყენა ჩვენი ზემოაღნიშნული წიგნისა და მისი გამომცემლების მისამართით. ასევე მოგვიანებით, ცრუსკანდალების მოყვარულ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ დაბეჭდილი მისი ვრცელი ინტერვიუ (2017 წ. 17-23 აპრილი, #16) სათაურით: „სკანდალი: სომეხი მეცნიერების აზრით, დიდგორის ომი სომხებმა და რუსებმა მოიგეს!!!“
ინტერვიუ ყოველნაირად სცილდება სამეცნიერო ეთიკის ფარგლებს, იგი უხვადაა გაჯერებული ერთი მხრივ არმენოფობიური და ფსევდოპატრიოტული პათოსითა და ლექსიკით და მეორე მხრივ წიგნის გამოცემის მესვეურთა (კსუ-ს ხელმძღვანელობის, გამოცემის რედაქტორის, მთარგმნელის) მიმართ ცილისწამებათა მთელ წყებას შეიცავს. აშკარაა, საუბარი წარმართულია ჩასაფრებული, დაბოღმილი კაცის პოზიციიდან, რომელიც ნებისმიერი საშუალებით, ტყუილით, დემაგოგიით, ცილისწამებითა და ფაქტების გაყალბებით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს გაუთვითცნობიერებელი მკითხველი და შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ამ წიგნის გამოცემა რაღაც საშინელი ანტიქართული გეგმის ნაწილია. ინტერვიუს „ეჭვის“ სახით წითელ ხაზად გასდევს პირდაპირი ცილისწამება, თითქოს ყველა, ვინც ამ წიგნის გამოცემაში მონაწილეობდა, „სომხური წრეებისაგან“ ფინანსდებოდა. ამის თაობაზე შესავალშივე აღნიშნავს გაზეთის ჟურნალისტი (დ. ჩუბინიძე), იგივე ცილიწამება მთავარ თემად (სათაურის ფორმის მსხვილი შრიფტით) გამოტანილია გაზეთის შემდეგ გვერდზე: „წიგნის თარგმნაში სომხურმა წრეებმა ქართველებს ფული გადაუხადეს!“. იგივე აზრი აბდალაძის მიერ გატარებულია ინტერვიუს ბოლოში: ვან ბაიბურთი ოციოდე წლის წინ ქართულ-სომხური ურთიერთობის შესახებ წერის შეწყვეტის (ანუ გაჩუმების) სანაცვლოდ მას თურმე თვეში 1000 დოლარს სთავაზობდა, თანხის მომატების პერპექტივით, რაც „მოუსყიდავ პატრიოტ მეცნიერს“ დამაჯერებლად აფიქრებინებს, როგორ შეიძლებოდა „სომეხი ხალხის ისტორიის“ ქართულად გამომცემლებისათვის არ გადაეხადათ სომხებს ფული. ბოლოთქმაში კი უკვე  ვ. ოთარაშვილის განცხადებაა მოტანილი, რომ ზემოხსენებული სატელევიზიო გადაცემის გამო კსუ-ს კანცლერ ვახტანგ წივწივაძესთან უსიამოვნო სატელეფონო საუბარმა მას „კიდევ უფრო გაუმძაფრა ეჭვი, რომ ვახტანგ წივწივაძესა და მის ამფსონებს ქვენა გრძნობები აკავშირებთ ამ წიგნის გამოცემასთან“. მართალია, ამ „ანტიქართული“ საქმისათვის გადახდილი თანხის რაოდენობის დასახელება „ერის ინტერესების დამცველებს“ არ ძალუძთ, სამაგიეროდ კი ოთარაშვილს შეუტყვია, რომ მთარგმნელისათვის 24 000 ლარი ყოფილა გადახდილი.


ამ უსინდისობის საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ წიგნის გამოცემა მთლიანად დაფინანსდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ მისი დამფუძნებლისა და კანცლერის ბ-ნ ვახტანგ წივწივაძის მოამაგეობით, რომელსაც ურცხვად იქით აბრალებენ ანგარებას. მთარგმნელმა ერეკლე ხუციშვილმა კი ანაზღაურების სახით მიიღო მხოლოდ 2 ათასი (და არა 24 ათასი!) ლარი, რომელიც შესაბამისი დოკუმენტებით დასტურდება. რაც შეეხება, გამოცემის რედაქტორს, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: მე ჩემი საქმე შევასრულე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.


ვ. ოთარაშვილის პირით, „ბოლოთქმაში“ მსხვილი ასოებით პირადად ჩემს მისამართით კიდევ ერთი ბინძური ცილისწამება ვრცელდება: თითქოს მე წიგნს კომენტარები (და ასეთი 350-მდეა) მხოლოდ „მოვალეობის მოხდის მიზნით გავუკეთე“, თორემ როგორც მას შეუტყვია, მე ნიკო მარისა და „სომეხი პატკანიანის“ იმ თეორიას ვიზიარებ, რომლის თანახმადაც თურმე „ტაო-კლარჯეთი  სომხების ყოფილა და ქართველებს მათთვის წაურთმევიათ.“ დარწმუნებული ვარ, ჩემს შესახებ ეს „აღმოჩენა“ ოთარაშვილს აბდალაძემ გაანდო, რათა მეცნიერისათვის შეუფერებელ თავის უკადრის გამოხტომებს მიანიჭოს „ერის მოღალატეთა“ მიმართ მამაცურად ბრძოლის ელფერი. მე გახლავართ 70-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის არაერთი წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი და საკითხავია, სად მიაგნეს მსგავსი აბსურდის თუნდაც ნიშანწყალი ამ ბედოვლათებმა? კიდევ ერთხელ ვრწმუნდები: შუბლის უძარღვობა ენის უძვლობაში ვლინდება.


აქვე დავძენ, რომ ალ. აბდალაძე გამორჩეულად აგრესიულად არის განწყობილი წიგნის რედაქტორის მიმართ და წიგნის ცალკეული შინაარსობრივი საკითხების შესახებ მსჯელობების დროსაც კი, მის ავტორთა კრიტიკის ნაცვლად, ხშირად ჩემსკენ იშვერს თითს. იქ ხშირად ვაწყდებით გამოთქმებს: „დავით მერკვილაძის „სომეხი ხალხის ისტორიაში“ ვკითხულობთ“,  „მერკვილაძის გამოცემულ წიგნში წერია“ და ა. შ., რაც რბილად რომ ვთქვათ, სრულიად არაადეკვატურია.


ალ. ბადალაძისათვის „სომეხი ხალხის ისტორიის“ ჩვენეული გამოცემა იმთავითვე მიუღებელია, რადგან მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება,  სომეხმა მეცნიერებმა სომხეთის ისტორია და ქართულ-სომხური ურთიერთობები ობიექტურად აღწერონ. აღშფოთებული ტონით ავტორი სამარცხვინოს უწოდებს, სომეხი მეცნიერების დაწერილი წიგნის (რომელიც თურმე „ქართველ ერს არ ესაჭიროება“) ქართულად თარგმნის ფაქტს, მაშინ როცა სომხების მიერ საქართველოს ისტორიის სომხურად თარგმნის შესაძლებლობასაც კი ხელაღებით გამორიცხავს. მეცნიერისათვის შეუფერებელი ამგვარი არასერიოზული და არმენოფობიური  განცხადებები უკვე თავისთავად მეტყველებს აბდალაძის უკიდურეს სუბიექტურობაზე და ასევე მოუმზადებლობაზე, მიუკერძოებლად იმსჯელოს დასახელებული წიგნის ავკარგიანობის თაობაზე. 


მეტი სიცხადისათვის პუნქტობრივად მივყვეთ „ერის ინტერესების დამცველის“ მანტიამოსხმულ აბდალაძის მიერ შინაარსობრივი კუთხით გამოთქმულ ცრუპრეტენზიებს. (მკითხველი რომ არ გადავტვირთოთ, ავტორის ვრცელი მსჯელობები მოგვყავს შეჯამებული სახით. მსურველებს ის სრულად შეუძლიათ იხილონ დასახელებული გაზეთის ფურცლებზე). 


აბდალაძე აცხადებს: „მერკვილაძე წინასიტყვაობაში წერს - „სომხეთს საქართველოსთან შედარებით რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა ჰქონდა, სომხეთი საქართველოსთვის ზღუდეს წარმოადგენდა სამხრეთიდან და ამიტომ საქართველო თუ გადარჩა, ეს სომხეთის დამსახურება არისო!“ შემდეგ კი დემაგოგიურად აგრძელებს: სომხებს ჩრდილოეთიდან ყოველთვის დიდი საფრთხე ემუქრებოდათ სკვითების, კიმერიელების, სარმატების, ხაზარების მხრიდან და თავად საქართველო იყო ჩრდილოეთიდან სომხეთის ზღუდეო, მერკვილაძე კი ამაზე დუმსო. შემდეგ კი რიხიანად მისვამს „ჩამჭრელ“ კითხვას: სომხური სამეფოები გაქრნენ მე-11 ს-ში, ამიტომ „მიპასუხოს დავით მერკვილაძემ, 800 წლის განმავლობაში ვინ იცავდა  საქართველოს სამხრეთიდან, სახელმწიფოებრიობაგამქრალი და არარსებული სომხეთი?“ ამ თემაზე გაცხარებულ საუბარს კი იმ დასკვნით ასრულებს, რომ „ქართველი ერი მეტად ბრძოლისუნარიანი იყო ვიდრე სომხები“. 


ამ ჩვეულებრივი დემაგოგიის საპასუხოდ უნდა ითქვას შემდეგი: 
1. წინასიტყვაობაში ხაზს ნამდვილად ვუსვამ ისტორიული სომხეთის ტერიტორიის სტრატეგიულ მნიშვნელობას და აღვნიშნავ, რომ „ამ გარემოებით განპირობებული გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ეს ქვეყანა ერთდროულად ექცეოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის იმპერიების დარტყმების ქვეშ;“ ასევე, რომ იმ დროის უძლიერეს სახელმწიფოთა შორის უშუალოდ მოქცეული სომხეთი ამგვარი ვითარების გამო „დიდი ძალისხმევის ფასად ახერხებდა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას და ისიც მხოლოდ მე-11 ს-მდე“. აქვე დასახელებული მიზეზებით არის ახსნილი ის გარემოება, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა, სომხურისაგან განსხვავებით, „წყვეტის გარეშე განაგრძობდა არსებობას მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში“ (გვ.4). ვისაც ახლო აღმოსავლეთის ისტორიულ გეოგრაფიაზე მეტ-ნაკლები წარმოდგენა აქვს, დამეთანხმება, რომ ისტორიულ სომხეთს ურთულესი გეოპოლიტიკური მდებარეობა ერგო. ობიექტური რეალობაა, რომ თუკი სამხრეთიდან მოძალებული დამპყრობლებისათვის ხელში ჩასაგდებ ქვეყანათაგან საქართველო ზურგით კავკასიონის ქედზე მიბჯენილ უკიდურეს განაპირა მხარეს წარმოადგენდა. როცა ქართველები ამ მდგომარეობას წარმატებით იყენებდნენ თავისუფლებისათვის ბრძოლისას, დამორჩილებულ სომხეთს, ჩვეულებრივ, დამპყრობელი იმპერიების შიდა პროვინციად გადაქცევა ხვდებოდა ხოლმე წილად, რაც სომხების ბრძოლას თავისუფლებისათვის თავისთავად ძლიერ ართულებდა. 


2. სომხებმა თავის დროზე ( ძვ.წ.  II-I სს.) საკმაოდ დიდი და ძლიერი სახელმწიფო შექმნეს (მათ შორის მეზობლების მიწების მიტაცების ხარჯზე). მოგვიანებით, მთელი ადრეშუასაუკუნეების განმავლობაში და შემდეგაც სომხები ურთულეს პირობებში თავგანწირვით იბრძოდნენ უცხოელთა უღლისაგან თავის დასაღწევად (ამის დასადასტურებლად უამრავი ისტორიული ფაქტის მოყვანა შეიძლება). ამიტომ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ სომხებმა სახელმწიფოებრიობა იმიტომ დაკარგეს, რომ ბრძოლიუნარიანობა არ ჰქონდათ, ან აკლდათ, ცალსახად არასერიოზულია. სწორედ სახელმწიფოებრიობის საბოლოო დაკარგვის შემდეგ, როცა სომხებს აღარც პოლიტიკური მართვის სადავეებზე მიუწვდებოდათ ხელი და  სამხედრო საქმესაც მნიშნელოვნად ჩამოცილდნენ,  მათში ძლიერი სტიმული ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარებას მიეცა. მითუმეტეს, სამშობლოდან უცხო ქვეყნებში გადახვეწილ უმამულო სომხებში საქმიანობის ეს სფერო თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად იქცა. ამიტომ საქართველოში დასახლებული ვაჭარ-ხელოსანი სომხების შემხედვარე ქართველებში, შედარებით გვიანდელ ხანაში, მათ მიმართ გარკვეული (არამეომარი, ფულის შოვნაზე გადასული ხალხის) სტერეოტიპი ჩამოყალიბდა და ეს ლოგიკურია. მაგრამ დაუშვებელი ასეთი სახის მსჯელობას მთელ ხალხზე და ისტორიის მთელ მანძილზე ამგვარად აზოგადებდეს მეცნიერი და მითუმეტეს, არმენოლოგი. სხვა ქვეყნებში ჩასახლებული სომხების დიდმა ნაწილმა თაობათა განმავლობაში ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად გარკვეულწილად  მართლაც განიცადა ერთგვარი მენტალური სახეცვლილებაც. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს იყო შედეგი და არა მიზეზი სახელმწიფოებრიობის დაკარგვისა. ერთობ მსგავსი ვითარება გვაქვს ებრაელების შემთხვევაშიც, რის შესახებაც სიტყვას აღარ გავაგრძელებ.


3. ჩემს მიერ დაწერილ წინასიტყვაობაში არსად არ მაქვს ნახსენები, რომ სომხეთი საქართველოს ზღუდე იყო. საერთოდ მსგავსი აზრი აქ ნაგულისხმევიც არ არის არსად. ეს აბდალაძის მიერ შეთხზული სიყალბეა მკითხველისათვის წიგნზე არასწორი წარმოდგენის შესაქმნელად. წინასიტყვაობაში ერთგან აღვნიშნავ, რომ ქართველბსა და სომხებს ხშირად საერთო უცხოტომელი დამპყრობელი ჰყავდათ და „სამხრეთიდან შემოსული მტერი ჯერ სომხეთში შედიოდა და ამის შემდეგ მოადგებოდა ხოლმე საქართველოს მიწა-წყალს.“ სომხეთის ტერიტორიის გამოვლით მოადგნენ ქართულ მიწებს დასაპყრობად რომაელები, სასანიანთა ირანი, არაბები, სელჩუკები, სეფიანთა სპარსეთი და კიდევ მრავალი სხვა (რომელი ერთი ჩამოვთვალო) და ეს უბრალოდ, ისტორიული ფაქტებია, რომლის გახსენებაც რატომღაც ასე აღიზიანებს ჩვენს კრიტიკოსს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩემი ზემოხსენებული წინადადების შეგნებულად დამახინჯებული ინტერპრეტაციის (რასაც ჩემს ნათქვამთან არაფერი საერთო არ აქვს) საშუალებით ცდილობს აღნიშნული გამოცემისა და მისი რედაქტორის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობის შექმნას. ამიტომ ჩვენს გამოცემულ წიგნთან დაკავშირებით ჩემი მისამართით საკითხის ამდაგვარი დასმა  ზემოთ დასმული შეკითხვის (აღარარსებული სომხეთი როგორღა დაიცავდა საუკუნეების მანძილზე საქართველოს?) სახით სრულიად უადგილო და არაკორქტულია.

 
4. რაც შეეხება  სომხებისათვის ჩრდილოეთიდან მუდმივად მომავალ დიდ საფრთხეებს „სკვითების, კიმერიელების, სარმატებისა და ხაზარების მხრიდან“, რის გამოც საქართველო თურმე სომხეთის ზღუდეს წარმოადგენდა ჩრდილოეთიდან და რასაც თითქოს მე შეგნებულად ავუარე გვერდი, კიდევ ერთი აბსურდია. აქ უკვე მიჭირს თქმა, ისტორიის უვიცობასთან გვაქვს ამჯერად საქმე, თუ მორიგ განზრახ ტყუილთან. ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთისაკენ სკვითებისა თუ კიმერიელების შემოჭრა ძალზე ადრეულ პერიოდს განეკუთვნება (ძვ წ. VIII-VI სს.), რომელიც მნიშვნელოვნად უსწრებს საერთოდ სომხეთის სახელმწიფოს წარმოშობას. ამიტომ სომხეთის მიმართ მათგან მომდინარე საფრთხეებზე  საუბარი შეუძლებელია. ხაზარების სამხრეთისაკენ შემოჭრა კი უკავშირდება ირანის წინააღმდეგ ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს ლაშქრობას (627-28 წლები) და ამ უკანასკნელთან შეთანხმებით ხორციელდებოდა (სხვათა შორის, იმჯერად მათ მიერ თბილისიც იქნა აღებული). მანამდე, ძვ. წ. I-II სს.ში ქართველი მეფეები ხშირ შემთხვევებში  თავად იყენებდნენ ჩრდილოკავკასიურ სამხედრო ძალებს იმხანად რეგიონში გაბატონებული იმპერიების, რომისა და პართიის  პროვინციების დასარბევად. ამის გამო თვითონ სომხეთიც არაერთხელ დაზარალებულა. იგივე ძალა ქართველ მეფეთა მხრიდან ქართულ-სომხური საბრძოლო დაპირისპირებების დროს ხშირად გამოყენებულა უშუალოდ სომხეთის მეფეთა წინააღმდეგაც. ასე რომ, გასაგები უნდა იყოს, რატომაც არაფერს ვამბობ აბდალაძის გამოგონილ თეზაზე - „სომხეთისათვის საქართველოს ჩრდილოეთი ზღუდეობის შესახებ“, რისი „მიჩქმალვის“ გამოც იგი ასე თავდაჯერებულად მსაყვედურობს.
აბდალაძე დარწმუნებით აღნიშნავს, რომ ძვ. წ. II ს-ში, როცა სომხეთი მეზობლების მიწების წართმევის ხარჯზე გაიზარდა, მან იმიტომ მოახერხა ქართველებისათვის წაერთმია მიწა-წყლის გარკვეული ნაწილი, რომ „ამ დროს ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს  უტევდნენ სარმატები და იბერიას ბრძოლა მოუხდა ორ ფრონტზე - სომხეთთან და სარმატებთან.“


აღნიშნულ ხანაში სომხეთი, არტაშესიანთა დინასტიით სათავეში, საკმაოდ ძლიერ სახელმწიფოდ იყო ჩამოყალიბებული, რომელმაც თავისი საზღვრები საკმაოდ გააფართოვა უკლებლივ ყველა მიმართულებით. მისი ექსპანსიის მოგერიება არცერთი მისი მეზობლისათვის იოლ საქმეს არ წარმოადგენდა. გასაკვირი არ არის, რომ ამ დროს სომხეთმა შეძლო მომიჯნავე ქართული ტერიტორიების დაუფლებაც. ამ მდგომარეობის ახსნა იბერია-ქართლის მიერ სარმატებთან ომის გამო „ორ ფრონტზე“ ბრძოლის სირთულით, ისტორიის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია. არც ერთი ისტორიული წყარო ამ ხანებში ქართლის მიერ სარმატებთან ომის წარმოებას არ ადასტურებს. „იბერია-სარმატების ომის“ თაობაზე ქართულ ისტორიოგრაფიაში არაფერია ცნობილი და საერთოდ, საიდან მოიტანა აბდალაძემ ეს „ორ ფრონტზე“ ბრძოლის თეორია, გაურკვეველია. მიმაჩნია, რომ ესოდენ გაძლიერებული სომხეთის სახელმწიფოს წინაშე იმ დროისათვის დასუსტებული იბერიის დროებით მარცხში ჩვენთვის სასირცხვო არაფერია. მით უფრო, რომ მომდევნო ხანებში (ახ.წ. I-II სს.) ამ ორ სახელმწიფოს შორის ძალთა თანაფარდობა რადიკალურად იცვლება (ამის თაობაზე ქვემოთ).


სომხების ბრძოლისუუნარობის შესახებ შემდგომ საუბრისას აბდალაძე აცხადებს: VI ს-დან, როცა სომხეთში სახელმწიფოებრიობა მოისპო, „სომხებმა, ფაქტობრივად, უარი თქვეს ბრძოლაზე,“ „სომხეთის წინამძღოლობა სომხეთის გრიგორიანულმა ეკლესიამ იტვირთა. სასანიდური სპარსეთი და შემდეგ არაბები ცდილობდნენ სომხური ეკლესიის გავლენა გაევრცელებინათ მთელ კავკასიაზე... სომხური ეკლესიის თავკაცები ჯერ სპარსელებს გაურიგდნენ, მერე არაბებს და თავიანთ მრევლს გამოუცხადეს - არ ღირს მტერთან ბრძოლა, უნდა დავმორჩილდეთ, ხარკი გადავიხადოთ“ და მშვიდობიანად ვიცხოვროთო. ხოლო თუ ვინმე იბრძოდა, უპირველ ყოვლისა - მამიკონიანები, რომლებიც ცნობილ მეცნიერთა მოსაზრებით, „წარმოშობით ჭანები იყვნენ, ანუ იგივე ქართველები“ და  მერკვილაძეს ამის შესახებაც უნდა ეხსენებინაო.


1. სომხეთში სასანიდებმა სამეფო ხელისუფლება 428 წელს გააუქმეს, ანუ სახელმწიფოებრიობა იმჯერად V ს-ში  მოსპობილა და არა VI ს-ში. მაგრამ ეს არაა მთავარი. ნუთუ არმენოლოგ აბდალაძეს არაფერი მოეხსენება ამ ამბიდან მალევე 449-451 წლებში სომხეთში სასანიდთა ბატონობისა და მაზდეანიზაციის წინააღმდეგ მიმართული დიდი აჯანყების შესახებ, რომლის კულმინაცია იყო თავისი დრამატიზმით ცნობილი ავარაირის ბრძოლა (451 წლის 28 მაისის ამ ბრძოლის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს თვითმხილველი ისტორიკოსი ეღიშე). გამანთავისუფლებელი ბრძოლა გაგრძელდა 482-484 წლებში, რომელშიც უკვე ქართველებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ვახტანგ გორგასლის მეთაურობით. აღარაფერს ვამბობ იმ ომებზე, რომლებიც სომხებმა შემდეგში უკვე ახალი დამპყრობლების, არაბების წინააღმდეგ აწარმოეს. ამიტომ ამ დროს სომხების მიერ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმა სიმართლისაგან ძალზე შორს დგას. 


2. მართალია, რომ ამ საერთოეროვნულ  ბრძოლებსა და აჯანყებებს ძირითადად მამიკონიანთა საგვარეულოს წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ და ეს სრულიად ბუნებრივია. მათ საგვარეულოს ხომ ტრადიციულად სპასპეტის, ანუ მთავარსარდლის თანამდებობა ეკავათ. თუმცა უხეში შეცდომაა ამის გამო იმ დასკვნის გაკეთება, რომ სომეხთაგან თავისუფლებისათვის მხოლოდ (თუნდაც „უპირველეს ყოვლისა“) მამიკონიანები იბრძოდნენ.


3. მამიკონიანების ჭანეთიდან წარმომავლობის თაობაზე ისტორიოგრაფიაში მართლაც არსებობს ანგარიშგასაწევი მოსაზრება (ნ. ადონცის, კ. თუმანოვის, ჰიუსენის), თუმცა ეს მაინც მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ძირითადად ემყარება მოვსეს ხორენაცისა და სებეოსის ცნობებს მამიკონიანებს „ჭენთა ქვეყნის მეფეებიდან“ წარმოშობის შესახებ. მაგრამ რას წარმოადგენდა ეს „ჭენთა ქვეყანა“, საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. მიმაჩნია, შესაძლებელიც იყო, ზემოხსენებული ვერსიის თაობაზე შენიშვნებში მცირე კომენტარიც ჩაგვერთო, მაგრამ წიგნი ისედაც 350-მდე შენიშვნა-კომენტარს მოიცავს და ცხადია, ყველა ამგვარ დეტალზე ცალკე ყურადღების გამახვილება არ მოხერხდა (და იმ ჯერზე საჭიროდაც არ  იქნა მიჩნეული).


4. სომხური ეკლესიის კაპიტულანტური პოლიტიკის წარმართვაზე აპელაციაც ისტორიის წიაღში გამართლებას ვერ პოულობს. როგორც გამოცემის წინასიტყვაობაში აღვნიშნავთ, „სომხეთის ნაციონალური ეკლესია... ეროვნული სახელმწიფოსა და მეფობის ინსტიტუტის არარსებობის მძიმე პირობებში ერის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა“ და მას სომეხი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში ძალზე დიდი დამსახურება აქვს. ჯერ ერთი 428 წელს სომხეთში სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ სომხური ეკლესია აქტიურად მონაწილეობდა ზემოაღნიშნულ 450-451 წლების და შემდგომ აჯანყებებში. მხოლოდ ასიოდე წლის შემდეგ სასანიათა სპარსეთმა პოლიტიკა შეცვალა და ცეცხლთაყვანისმცემლობის აქტიური გავრცელების უშედეგო პოლიტიკის ნაცვლად დამორჩილებულ ქრისტიანულ ქვეყნებში ბიზანტიაში დაგმობილ მონოფიზიტობის დანერგვის მცდელობაზე გადავიდა. მაშინ ძლიერი ზეწოლისა და მუქარის პირობებში სომხეთის ეკლესია იძულებული გახდა, მონოფიზიტური მრწამსი მიეღო. შაჰის კარი იგივეს მიღწევას ცდილობდა ქართლის ეკლესიის შემთხვევაშიც და ამ მიზნის მისაღწევად მთავარ იარაღად უკვე სომხურ ეკლესიას იყენებდა. სწორედ ამ პოლიტიკის ჩავარდნის შედეგი იყო ქართველ-სომეხთა ცნობილი საეკლესიო განხეთქილება. ეს იყო სომხეთის ხანგრძლივი ისტორიის უმცირესი მონაკვეთი, როცა სომხეთის ეკლესიას გარეშე ძალის მხრიდან მასზე განხორციელებული ძლიერი პოლიტიკური  ზეწოლის შედეგად დამპყრობელი ძალის პოლიტიკის სამსახურში მოუწია ჩადგომა. „სომხური ეკლესიის თავკაცების“ არაბებთან გარიგება და სომხებისათვის მათდამი მორჩილებისა და ბრძოლაზე უარის თქმის მოწოდებების ამბავი საიდან მოქვს აბდალაძეს, გაურკვეველია. მეტიც, არაბთა ბატონობისაგან სომხების განთავისუფლების საქმეში სომხური ეკლესია უშუალოდ იყო ჩართული და საამისო მაგალითების მოყვანაც მრავლად შეიძლება (მათზე შეჩერება შორს წაგვიყვანდა).


აბდალაძეს წიგნის ქართული გამოცემის რედაქტორის მსუყე საკრიტიკო საგნად წარმოუდგენია მასში დაბეჭდილი რუკები, რომლებიც თურმე „კრიტიკას ვერ უძლებს“. საგანგებოდ ჩერდება სამ მათგანზე. ერთ-ერთის კრიტიკისას კი დასძენს: „სომხებისა და დავით მერკვილაძის გასაგონად შეიძლება ვთქვათო: „ეგრე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაყაო“. 
ამ განცხადებით, ფსევდოპატრიოტი კრიტიკოსისაგან უსაფუძვლო ბრალი მედება სომხებთან ერთად და ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ ქართული მიწების „გაჩუქება-განაწილებაში“. ცალ-ცალკე შევჩერდეთ თითოეულ რუკაზე, რომლებშიც აბდალაძემ „ანტიქართული სიყალბეები“ „აღმოაჩინა“. 


რუკა 1-ლი: „ძველი სომხეთის მხარეები ადრეული შუა საუკუნეების სომხური ტრადიციის მიხედვით“. აბდალაძე აღშფოთებულია, რომ ამ რუკის მიხედვით სომხეთი კასპიის ზღვაზე გადის და შავ ზღვასაც უახლოვდება. ასევე შეწუხებული აღნიშნავს, რომ კლარჯეთი შეიძლება სომხებს მცირე ხნით დაეპყროთ, მაგრამ მისი ცენტრი - არტანუჯი ხომ გორგასლის აშენებულიაო. 
ამის თაობაზე უნდა განვმარტოთ: 1. ეს რუკა სომხური სახელმწიფოს ძლიერების ზენიტს (ძვ. წ. II-I სს.) ასახავს, როცა სომეხთა მეფეებმა მეზობელ ხალხებს (ალბანელებს, მიდიელებს, იბერებს, სირიელებს და ა.შ.) ტერტორიები ჩამოაჭრეს. იმ ხანებში ფაიტაკარანის დაპყრობის შემდეგ სომხეთი გავიდა კასპიის ზღვაზე, ხოლო პარიადრის მთისწინეთის იბერებისათვის ჩამოჭრის შემდეგ (ამას გვიზუსტებს სტრაბონი და რის შესახებაც სხვაგან თვითონ აბდალაძეც მიუთითებს), მის ხელში გადავიდა მდ. ჭოროხის აუზი მთელი ტაო-კლარჯეთით. ცხადია, ამის შემდეგ სომხეთის საზღვარმა გადაიწია პარიადრის, ანუ  პარხლის წყალგამყოფ ქედამდე, რომლიც შავი ზღვიდან  დიდად დაშორებული არ არის და მის სანაპიროს გასწვრივაა გადაჭიმული. აღნიშნულ რუკაზეც საზღვარი ამ ქედის გაყოლებით არის ნაჩვენები. 2. ვახტანგ გორგასალის მიერ კლარჯეთში ციხე-ქალაქ არტანუჯის აგება ამ რუკასთან რა კავშირშია გაუგებარია, ვინაიდან რუკა, როგორც უკვე დავაზუსტე, ვახტანგ გორგასალზე ბევრად ადრინდელ ეპოქას (ძვ. წ. II-I სს.) წარმოადგენს. 3. ჩვენი მაკრიტიკებელი არმენოლოგი კარგად რომ დაკვირვებოდა რუკის სათაურს, შეამჩნევდა, რომ რუკა ამავე დროს ადრეული შუა საუკუნეების სომხური ტრადიციის მიხედვით არის  წარმოდგენილი. ვფიქრობ, არ ქართველებს გვაწყენს, ვიცოდეთ, როგორ წარმოედგინათ ძველ სომეხ ისტორიკოსებს (და ზოგ თანამედროვესაც) ძველი სომხეთის საზღვრები და მხარეები. 4. რაც შეეხება იმ ამბავს, რომ „ძველ სომხეთის“ ამ რუკაზე ქართული მხარეებია ჩართული, იმავე გვერდზე სათანადო განმარტებებში დამატებით ცნობებს ვაწვდით მკითხველს ამ რუკაზე ნაჩვენებ „ძველი სომხეთის“ 15-ვე მხარის შესახებ. აქ ტაიქის თაობაზე აღვნიშნავთ, რომ იგი არის „ისტორიული ქართული მხარე ტაო“ (მართალია, ტაიქის ტერიტორია უშუალოდ ტაოს ფარგლებს სცდება კიდეც, მაგრამ მისი სახელწოდება მაინც „ტაო“-დან მოდის). გუგარქის შესახებ კი განვმარტავთ, რომ იგი არის ბერძნული წყაროების გოგარენე და მოიცავდა ძირითადად ქვემო ქართლის ტერიტორიას და დროებით იქნა მიტაცებული ძვ. წ. II ს-ში სომხეთის მიერ. მისი სახელწოდება უნდა წარმოდგებოდეს ქართული ტომის - გუგარების სახელისაგან. სხვათა შორის, გუგარქ-გოგარენე-გუგარეთის დაუფლება სომხეთის მიერ იმავე სტრაბონის ცნობითაც დასტურდება. მოგვწონს თუ არა, ეს ყველაფერი ისტორიული ფაქტებია და მათზე ისტორიკოსებმა თვალი არ უნდა დავხუჭოთ, იმის გამო რომ ჩვენს „გემოვნებაში“ არ თავსდება.


რუკა მე-2: „ერვანდიანების პერიოდის სომხეთი (ძვ.წ. IV-II სს.)“. აბდალაძეს არ მოწონს რომ აქ ივრის ქვემო წელისა და მტკვარს შორის ტერიტორია „დიდი სომხეთის“ შემადგენლობაშია. უფრო ზუსტად, აპროტესტებს შემდეგს: ამ მხარის მიტაცება სომხების მიერ ძვ. წ. II ს-ში მოხდა და IV-III სს. რაღა შუაშიაო. სომხეთის საზღვრების მნიშვნელოვანი გაფართოება მართლაც ძვ. წ. II ს-ში იწყება. მაგრამ აღნიშნული რუკის მიხედვით, არც ის უნდა დავასკვნათ, რომ მთელი ამ სამი საუკუნის განმავლობაში სომხეთის საზღვრები უცვლელი იყო. აქ ნაჩვენებია, რომ აღნიშნული ტერიტორიის სომხეთის შემადგენლობაში შესვლა ამ პერიოდის ერთ-ერთ მონაკვეთში განხორციელდა. შეიძლებოდა ამ რუკის მხოლოდ ძვ. წ. II ს-ით დათარიღებაც, თუმცა ამის მიუხედავად, ვფიქრობ, აქ ასეთი განგაშის ზარის დაცემა უადგილო და ზედმეტია.


რუკა მე-3: „სომხეთის მეორე გაყოფა 591 წელს“. ამ რუკის შემხედვარე აბდალაძემ ჩათვალა, რომ ჩემი „მამხილებელი“ მორიგი უტყუარი ფაქტი შენიშნა. იგი  წერს: „ეს „გაყოფა“ ისეა წარმოდგენილი, რომ იბერია მოქცეულია სომხეთის შემადგენლობაში.“  
აღნიშნულ რუკაზე წითელი ფერით, ოღონდ განსხვავებული პუნქტუაციით, ბიზანტიისა (რუკაზე Roman Emire) და სასანურ სპარსეთს ( რუკაზე Sassanid Empire) შორის არსებული ორი სხვადასხვა პერიოდის საზღვრებია დატანილი: ჯერ 387 წლისათვის, შემდეგ კი 591 წლისათვის, როგორც ამას  სათანადო მითითება გვიხსნის რუკის ლეგენდაში. ამ ორ იმპერიას შორის სხვადასხვა დროის საზღვრების აღმნიშვნელი ტეხილს შორის არის წარწერა „სომხეთი“ (Armenia). უფრო შორს ჩრდილოეთისაკენ რუკის კიდისაკენ კი მიწერილია „იბერია“. როგორც ჩანს, აბდალაძემ ამ რუკაზე ერთი ფერით მონიშნულ საზღვრებს შორის პუნქტუაციით გამოხატული განსხვავება ვერ შეამჩნია და ისინი სომხეთის საზღვრად წარმოიდგინა, რომელშიც თურმე „უტიფრად“ შეგვყავს იბერია. ამ მცდარი ლოგიკით, „სომხეთის შემადგენლობაში“ აბდალაძეს ლაზიკაც უნდა „აღმოეჩინა“, რომლის სახელიც ასევე ბიზანტია-ირანის ორ განსხვავებულ საზღვარს შორის არის მიწერილი რუკის კიდევ უფრო განაპირას და უფრო მარცხნივ. ეტყობა ეს წარწერა მან ვეღარ შეამჩნია, თორემ ამის თაობაზეც „განგაშის ზარს“ შემოკრავდა: არიქა, ლაზიკაც სომხეთშია შეყვანილიო! ისევე როგორც ვერ შეამჩნია ორ სხვადასხვა დროის საზღვარს შორის პუნქტუაციური განსხვავება. ბოლოსდაბოლოს, აბდალაძეს  რომ შეემჩნია, რომ რუკის ლეგენდაზე ორივე განსხვავებული ტიპის საზღვარი ცალ-ცალკეა მითითებული შესაბამის თარიღთან ერთად, თავს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩაიგდებდა (და ამას ინგლისური ენის დიდი ცოდნაც არ ჭირდებოდა. აქვე დავძენ, რომ ამ რუკის გადმოქართულება კი მასზე დატანილი დიდი ინფორმაციის გამო ვერ მოხერხდა).


 „პატრიოტ“ აბდალაძის მიერ ჩვენი მისამართით „ანტიქართველობაში“ წამოყენებულ უსაფუძვლო ბრალდებათა მთელი წყებისაგან გამოვყოფ კიდევ რამდენიმეს (ყველაზე სათითაოდ შეჩერების საშუალებას წერილის მოცულობა არ იძლევა). 
თურმე ჩვენი გამოცემული „სომეხი ხალხის ისტორია“ ამკვიდრებს აზრს, რომ სომხეთის ზეგანი უცილობლად სომხური მიწაა. ტერმინი გეოლოგმა აბიხმა დაამკვიდრა და მასში მთელი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მოაქციაო - განაგრძობს აბდალაძე - ხოლო „მერკვილაძეს და მისთანებს სურთ მკითხველს ჩაუნერგონ აზრი, რომ ... „სომხეთის ზეგანი“ არის სომხური მიწა.“
დასახელებული გამოცემის პირველივე კომენტარში(!) გასაგებად განვმარტავთ, რას ნიშნავს ეს გეოგრაფიული ტერმინი, როდის და ვის მიერ იქნა შემოღებული, მითითებული გვაქვს შესაბამისი ლიტერატურაც დაინტერესებული მკითხველისათვის და იქვე ხაზსაც ვუსვამთ, რომ „სომხეთის ზეგანში“ ისტორიული სომხეთზე მნიშვნელოვნად დიდი ფართობი მოიაზრება. აი ეს კომენტარიც: „სომხეთის ზეგანად იწოდება წინა აზიის ჩრდილოეთის მთიანი ნაწილი. ეს გეოგრაფიული ტერმინი შემოიღეს XIX ს-ის შუა ხანებში (იხ. Г. Мелик-Адамян, Х. Хачанов, «Герман Абих – первооткриватель «Армянского Нагорья»). აღსანიშნავია, რომ სომხეთის ზეგანში ნაგულისხმევი ტერიტორია ბევრად აჭარბებს ისტორიული სომხეთის ფარგლებს.“ მოკლედ, ამაზეა ნათქვამი: „შარო საიდან მოდიხარო“.


აბდალაძის გაცხადებით, ჩვენ გამოცემულ წიგნში თითქოს იკითხება შემდეგი: „სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა მსოფლიოში პირველად სომხეთში გამოცხადდა 301 ან 314-315 წლებში.“ 313 წელს გამოცემულ მილანის ედიქტამდე რომს დაქვემდებარებულ ქვეყანაში კი ამის განხორციელება ზღაპარიაო. პირველი ქრისტიანი მეფე  სირიის მეფე აბგარ მე-9 იყო, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, მერკვილაზე კი ეტყობა, „ხორენაცის მონაჩმახს“ეთანხმება, რომ აბგარი სომეხთა მეფე იყო, რადგან ამაზე კომენტარი არა აქვსო. 


არადა წიგნის მე-80 გვერდზე ჯერ იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ 313 წლის მილანის ედიქტით იმპერიაში ქრისტიანობის დაკანონებაზეა საუბარი, ხოლო ამის შემდეგ აღნიშნულია, რომ სომეხთა მეფე „თრდატი უფრო შორსაც წავიდა და ქრისტიანობა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს მოხდა უშუალოდ მილანის ედიქტის შემდეგ, ალბათ 314 ან 315 წელს.“ 301 წელი კი მითითებულია ფრჩხილებში, როგორც გაქრისტიანების სომხური ტრადიციული თარიღი. ცხადად ჩანს, რომ ამ ბოლო თარიღს წიგნის სომეხი ავტორები არ იზიარებენ. ხორენაცი და ედესის მეფე აბგარი აქ საერთოდ არ არიან ნახსენები. აბდალაძეს ალბათ მსაყვედურობს, რომ აბგარის, როგორც პირველი ქრისტიანი მეფის შესახებ კომენტარებში არ აღვნიშნავ, რაც ჩემს მიერ მეფე აბგარის სომხობის აზრის გაზიარებას ავარაუდებინებს. რამდენად ადეკვატურია ეს აბსურდული დასკვნა, ამის განსჯა მკითხველისათვის მიგვინდია.


მივადექით, აბდალაძის აზრით, წიგნის მთავარ საკითხს - დიდგორის ომს, რომელიც, მისი თქმით, წიგნში „უკუღმართად არის გაშუქებული“. დავით აღმაშენებელი კი, რომელიც წიგნის ავტორებს „თავის ადგილას ნახსენები არ ჰყავთ“,  „უადგილოდ არის ჩაჩხერილი“ პარაგრაფში „სომხურ-რუსული ურთიერთობები“: რუსთა რაზმი „საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის არმიის შემადგენლობაში 1121 წელს მონაწილეობდა ქართველი და სომეხი ხალხების განმათავისუფლებელ ომში თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ“ და აქ დიდგორის ბრძოლა ნახსენებიც არ არისო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდგორის ომის საკითხი წიგნის განხილვის თემის მთავარ და სკანდალურ სათაურად არის გამოტანილი: „სომეხი მეცნიერების აზრით, დიდგორის ომი სომხებმა და რუსებმა მოიგეს!“ ეს თემა, როგორც მთავარი კოზირი ჩვენი წიგნის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ არის წამოწეული კრიტიკის ბოლოში „ერის ღირსებადამცველ“ ვ. ოთარაშვილის მიერ: „მიუღებელია მეცნიერული კომენტარის გარეშე იმის დატოვება, რომ თურმე დიდგორის ომი სომხებსა და რუსებს მოუგიათ და დავით აღმაშენებელი არავინ ყოფილა.“


აქ ტყუილ-მართალი ისეა ერთმანეთში არეული, წიგნის ამ ადგილს თუ უშუალოდ  არ გაეცნო შესაბამისი კომენტარით, გაზეთის მკითხველს აუცილებლად თავ-გზა აებნევა. აბდალაძე-ოთარაშვილის მიზანიც ეს არის. ამის საპასუხოდ უნდა ითქვას: 1. ერთი მხრივ გასაგები უნდა იყოს, რომ საბჭოთა ხანაში დაწერილი წიგნის ავტორები ცდილობენ „ჩაგრული მცირე ერების“ უცხო უღლისაგან განმათავისუფლებელ ბრძოლებში როგორმე „დიდი მოძმე რუსი ხალხის“ დახმარების ხელი დაგვანახონ. ასე მოხვდა, მართლაც უადგილოდ, დიდგორის ომის თემა (თან ბრძოლის დასახელების გარეშე) სომხურ-რუსული ურთიერთობების ამსახველ ქვეთავში. ცხადია, მოცემულ შემთხვევაში სომეხ ავტორებს ნამეტანიც მოუვიდათ და „დახმარების ხელი“ დახატეს იქ, სადაც ის არც არასდროს ყოფილა. 2. ამავე დროს, აქ ნამდვილად არსად არ წერია, რომ დიდგორის ომი სომხებისა და რუსების მოგებულია და აშკარაა, ეს საგანგებოდ ხელოვნური სკანდალის აგორების მიზნით შეთხზული დემაგოგიური ფორმულაა. 3. წიგნში შესაბამისი ეპიზოდის წაკითვის შემთხვევაში ვერავის დარჩება შთბეჭდილება, რომ დავით აღმაშენებელი „არავინაა.“ პირიქით, კონტექსტიდან პირდაპირ ჩანს, რომ ქართველთა საამაყო მეფე „თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველი და სომეხი ხალხების ბრძოლის“ წარმართველი მეთაურია. 4. აღნიშნულის მიუხედავად, რასაკვირველია, სომეხი ავტორებთან აშკარა ტენდენციურობა შეინიშნება, როცა 1121 წლის ომის წარმატებაში „სომხების ხალხის“ ჩაზიარებასაც ცდილობენ. 5. სრული სიცრუეა, თითქოს ეს ტენდენციური განცხადება კომენტარის გარეშე დამეტოვებინოს. მეტიც, სწორედ ჩემს კომენტარში აღვნიშნავ, რომ დასახელებულ ბრძოლაში სწორედ რომ დიდგორის ომი უნდა იგულისმებოდეს. მოკლედ, მე-200 კომენტარში განვმარტავ:  „აქ დიდი ალბათობით 1121 წელს, დავით აღმაშენებლის მეთაურობით, საქართველოს ჯარის მიერ სელჩუკთა კოალიციურ ჯარებთან გადახდილი დიდგორის ომი იგულისხმება. თუმცა იმ დროს საქართველოს მეფის ჯარში რუსი მეომრების ყოფნის შესახებ არავითარი ცნობები არ მოიპოვება“. დავძენ, რომ აკადემიური გამოცემას დართული ჩემი კომენტარებიც შესაბამისი (აკადემიური) ხასიათისაა და მათში თავს ვიკავებ ისეთი გამოთქმებისაგან, როგორიცა „სომეხი ავტორები ტყუიან“, „ეს სისულელეა“ და ა.შ. ამიტომაა ეს კომენტარები შედარებით „რბილი“ და მიუღებელი აბდალაძისნაირ არმენოფობებისთვის.

 

P. S. 5 ივნისს „ობიექტივის“ ეთერში კვლავ ვიხილეთ ჩვენი გამოცემის თემაზე სასაუბროდ მიწვეული ალ. აბდალაძე. ამჯერად მისი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იყო, რომ „სომეხი ხალხის ისტორიის“ ქართული გამოცემა გაცილებით ვრცელი  და ფართო განმარტების შემცველი კომენტარების დართვას საჭიროებდა. უნდა ითქვას, რომ გამოცემის ფორმატი ასეთი მოცულობის კომენტარებს არ ითვალისწინებდა და არც ამის აუცილებლობა არსებობდა (თუმცა კი, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება საჭიროების შემთხვევაში შეუძლებელი არ იქნებოდა). აბდალაძემ აღიარა, რომ „სომხეთის ისტორია“ ქართულად ნამდვილად უნდა არსებობდეს. მაგრამ იგი ღიად დაუპირისპირდა საკუთარ თავსაც, როცა ერთი მხრივ ამბობს, რომ სომეხი მეცნიერების დაწერილი ისტორია საერთოდ არ უნდა ითარგმნებოდეს ქართულად და იგი ქართველმა არმენოლოგებმა უნდა დაწერონ (მისი თქმით, თვითონ აქამდე თუ ეს არ გააკეთა, ეს იმის გამო, რომ თავის დროზე არავინ შეუკვეთა, ახლა კი ამის ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია); მეორე მხრივ კი გამოთქვამს საყვედურს, რომ წიგნი სომხურიდან უნდა თარგმნილიყო და არა რუსულიდან და ასეთ შემთხვევაში სიამოვნებით მიიღებდა თარგმნაში მონაწილეობას. ასევე გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მისთვის იმთავითვე არ გახდა ცნობილი წიგნის გამოცემის განზრახვის თაობაზე. მოკლედ, მისდა უნებურად აბდალაძემ ამ გადაცემაში გამოაშკარავა თავისი გულისწყრომის ნამდვილი მიზეზი: „სომეხი ხალხის ისტორია“ გამოსაცემად მის გარეშე მომზადდა და მასში მონაწილეობის მისაღებად ის არ იქნა მიწვეული. 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2163 | დაამატა: მამუკა | ტეგები: მერკვილაძე, სომხები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.