RSS Log In*
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი



 
 
 

მთავარი გვერდი
სტრუქტურა
ძიება არქივი
საიტის კატალოგი
დაკავშირება

















 











მთავარი » 2011 » ივლისი » 22 » ჯონი კვიციანი: კავკასიაში ეთნიკური ვითარებისა და ცივილიზაციური კუთვნილების შესახებ (პასუხი რ.თოფჩიშვილის ინტერპრეტაციებს)
4:45 PM
ჯონი კვიციანი: კავკასიაში ეთნიკური ვითარებისა და ცივილიზაციური კუთვნილების შესახებ (პასუხი რ.თოფჩიშვილის ინტერპრეტაციებს)
თანამედროვე მსოფლიოში და კერძოდ კავკასიაშიც ყალიბდება ახალი რეალობა, რომელიც სულ უფრო ფართოდაა დაკავშირებული გლობალიზაციასთან და მის თანმხლებ რეგიონალიზაციის პროცესებთან. ეს ტენდენცია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების პირობებში სწრაფად მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ადამიანის იდენტურობისა და მისი ცივილიზაციური კუთვნილების პრობლემები.
ამასთან დაკავშირებით ავტორი მიიჩნევს, რომ არსებობს ერთი მსოფლიო ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაცია, რომელიც შედგება ადგილობრივი, ლოკალური და რეგიონული ცივილიზაციებისგან. აქვე აღსანიშნავია, რომ კაცობრიობამ თავისი ევოლუციის გზაზე განვლო კულტურის/ცივილიზაციის აგრარული, ინდუსტრიალური ეპოქები და ამჟამად მიმდინარეობს მისი ინფორმაციული განვითარების ეტაპი. კულტურისა და ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელ უამრავ დეფინიციებს შორის მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ:
პირველი – კულტურა არის ადამიანის მოღვაწეობის საყოველთაო ტექნოლოგია. ასეთი მიდგომა ცხადყოფს, რომ ადამიანის კულტურას შესაბამის ცივილიზაციურ ეპოქაში განსაზღრავდა მისი აზროვნების დომინანტური მატრიცა (მაგალითად, აგრარულში – არქაული და რელიგიური, ინდუსტრიულში კი რაციონალური).
მეორე – ცივილიზაცია არის ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნოსთა ჯგუფები და სახელმწიფოები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ფასეულობათა საერთო გაგებით. დღეს ინფორმაციული ცივილიზაციის „გახსნილობა" და მზარდი მიგრაციული პროცესები ბევრად განაპირობებს ადამიანის ინტეგრაციული აზროვნების ჩამოყალიბების აუცილებლობას, რაც აგრეთვე აიხსნება იმ რისკებითა და გამოწვევებით, რის წინაშეც კაცობრიობა დღეს დადგა.
ქართულ კულტურას კავკასიური აგრარული (ტრადიციული) ცივილიზაციის ჩამოყალიბების საქმეში ისტორიული როლი მიუძღვის. კავკასიური ცივილიზაცია განვითარების უმაღლეს წერტილს XI-XII საუკუნეებში აღწევს. ის ეფუძნებოდა კავკასიის ხალხთა ერთიან, ისტორიულ წარსულში ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს – ეტიკეტს, საკომუნიკაციო კულტურას, ეთნოლინგვისტურ ნათესაობას და კავკასიის ინტეგრაციის იდეოლოგიურ ბაზას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, შემდგომ საუკუნეებში, თვით რეგიონში და მის გარეთ არსებული პრობლემების გადაუჭრელობას კავკასიელთა დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა, რის გამოც კავკასიური ტრადიციული კულტურა (თავის ნიადაგზე დაყრდნობით) თანამედროვე კულტურაში ვერ ტრანსფორმირდა. შემთხვევითი არაა, რომ დღესაც კავკასიაში,ეროვნული იდენტობის შენარჩუნების პრობლემასთან დაკავშირებით, ტრადიციული კულტურა ადამიანის ეთნიკური კუთვნილების ძირითად მარკერად გვევლინება. ხაზგასასმელია ისიც, რომ რეგიონში ამჟამად არსებული კულტურულ–ცივილიზაციური რეალობა ტრადიციულისა და თანამედროვე კულტურის ნარევს – „სიმბიოზს" წარმოადგენს, რაც ხელს უშლის დემოკრატიული განვითარების პროცესს (სეპარატიზმი, კონფლიქტები და ა.შ.).
ამრიგად, კავკასიაში იკვეთება ორი ურთიერთდაკავშირებული პრობლემა: პირველი – ცივილიზაციური მემკვიდრეობის პრობლემა (კავკასიური ტრადიციული კულტურის ტრანსფორმაცია თანამედროვეში); მეორე – ახალი, სამოქალაქო კულტურისა და საგანმანათლებლო სტანდარტების ჩამოყალიბების აუცილებლობა. ყოველივე ეს უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ ეროვნულ–სახელმწიფოებრივი სივრცის დომინანტური ეთნოსის ტრადიციული კულტურის ფასეულობათა ბაზას.
კავკასიაში ამჟამად შექმნილი კულტურულ–ცივილიზაციური სურათი, ზოგიერთი მეცნიერისათვის (რ.თოფჩიშვილი და სხვ.,) გახდა საფუძველი იმისა, რომ კავკასიური ცივილიზაცია მითად გამოეცხადებინათ. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, არა მარტო ეს გახლავთ. ამგვარი თვალსაზრისი მეტწილად განპირობებულია ისტორიულ მეცნიერებაში არსებული მეთოდოლოგიური კრიზისით. ისინი ინერციულად განაგრძობენ საზოგადოებრივი განვითარების ხედვას მარქსისტულ–ევროპაცენტრისტული კანონზომიერებით და ახდენენ მის ექსტრაპოლირებას კავკასიურ სივრცეში. ამგვარ მიდგომას კავკასიის ხალხთა დიდი ნაწილი ჩამორჩენილ „გვაროვნულ წყობამდე" დაჰყავს.
თუ ისტორიის მარქსისტულ ხედვას ხალხები უნიფიცირებამდე მიჰყავდა, მაქს ვებერის თვალსაზრისი კულტურულ თავისებურებებს ითვალისწინებდა, ანუ ეკონომიკური ცხოვრების წესი ყალიბდება და მყარდება კულტურის საბაზო ფასეულობებზე დამოკიდებულებით. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველმა მეცნიერებმა (გ.მელიქიშვილი, ა.რობაქიძე და სხვ.,) ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70–ან წლებში დაიწყეს კავკასიის „მთიელთა ფეოდალიზმის" უნიკალურ თავისებურებებზე ლაპარაკი, რითაც ზემოხსენებული მარქსისტული ფორმაციული მეთოდოლოგიური მიდგომა კავკასიასთან მიმართებაში ეჭვქვეშ დააყენეს.
ამრიგად, ისტორიის მარქსისტული ფორმაციული ხედვა, რომლის თანახმად მატერიალური წარმოების პროცესი მთავარია და რომელიც საზოგადოების სოციალურ და სულიერ ცხოვრებას განსაზღვრავს, სრულიად განსხვავდება მაქს ვებერის მიდგომისაგან.
როგორც ჩანს, ცივილიზაციური მიდგომა ჯერ კიდევ არ გამხდარა ზემოთხსენებული მეცნიერებისათვის პრიორიტეტული, რაც ხელს უშლის მათ ახლებურად მიუდგნენ რეგიონის სოციალურ–კულტურული პროცესების ანალიზს.
სამწუხაროდ, პროფესორ რ.თოფჩიშვილს ამ ბოლო დროს კავკასიის ხალხების ისტორიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ თავის შრომებში (1. Этническая обстановка на историческом и современном Кавказе // კავკასიის ეთნოლოგიური კრებული, XII, 2010 და 2. „კავკასიური ცივილიზაციის" შესახებ // თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, II, 2011) ცალსახად ნეგატიური შეფასებები აქვს წარმოდგენილი მათი მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებისა და კულტურის შესახებ, უარყოფილია რეგიონის ხალხთა ერთიანი ცივილიზაციური კუთვნილება. მოდით განვიხილოთ, რამდენად დამაჯერებელია ეს ყოველივე.
პირველ ნაშრომში კავკასიის ხალხები ძველებურად დაყოფილია "სტუმრებად და მასპინძლებად”, "კულტურულებად და ნაკლებ კულტურულებად” და ა.შ. შესავალში, სადაც საუბარია კავკასიის პოლიეთნიკურობაზე, აქ მცხოვრებ ხალხებს (ადიღები, აფხაზები, ვაინახები, დაღესტნელები, ქართველები და ა.შ.) ავტორი კავკასიურ ენათა ჯგუფს მიაკუთვნებს, მაგრამ იქვე რატომღაც დასძენს, რომ " რაც მავარია, მარტო ქართველები არიან ერთადერთი ხალხი კავკასიური წარმომავლობისა” და რომელთაც " გააჩნიათ თავისი ორიგინალური დამწერლობა” (თოფჩიშვილი, 2010, გვ.59). მისი აზრით, ოსები, ბალყარელები და ყარაჩაელები შედარებით ახლახან დასახლებულან კავკასიაში. გაუგებარია ბალყარელთა და ყარაჩაელთა წარმოშობის რომელ ვერსიას ემხრობა ავტორი, რადგან ერთ შემთხვევაში ის ამტკიცებს, სავიარებიდან (ჰუნების ერთ-ერთი ტომი) წარმოიქმნენო და მეორე შემთხვევაში მათ ყივჩაღურ წარმომავლობაზე ლაპარაკობს (თოფჩიშვილი, 2010, გვ.63).
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის არამარტო კავკასიური ხალხების, არამედ ბევრ სხვა ხალხთა წარმოშობა დაუდგენელია და ამიტომ კატეგორიული მინიშნებების გაკეთება - ვინ არის "კავკასიური წარმოშობის ერთადერთი ხალხი”, მართებულად არ მიმაჩნია. ადიღების, ვაინახების, სომხების, ოსების, ბალყარელების და სხვა ხალხების კავკასიური წარმომავლობა, ავტოხთონურ-მიგრაციული თეორიის თანახმად (მ.აბდუშელიშვილი, გ.მელიქიშვილი, გ.ჩიტაია და სხვ), ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
დღეს არავინ დაობს იმაზე, რომ ეთნოსის კუთვნილებასთან დაკავშირებით ენას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ცნობილია, რომ ოსების, სომხების, ბალყარელების, ყუმუხების, აზერბაიჯანელების და სხვა ხალხების ფიზიკური წინაპრების უმეტესი ნაწილი ძირ-ძველი კავკასიელებია, რომლებმაც კონკრეტულ-ისტორიულ პირობებში, სხვადასხვა მიზეზების გამო, საკომუნიკაციო ენად ინდოევროპული ან თურქული მიიღეს.
ავტორის დებულება, თითქოს მონღოლები თავიანთი დაპყრობების იდეოლოგიურად უზრუნველყოფას არ ცდილობდნენ და ამიტომ მოხდა მათი აღრევა ადგილობრივ მოსახლეობაშიო (თოფჩიშვილი, 2010, გვ. 57), საკამათოა. ცნობილია, რომ ოქროს ურდოში, რომლის ნაწილიც ჩრდილოეთი კავკასია იყო, სახელმწიფო ენა არაბული გახლდათ, მეორე სახელმწიფო ენა კი დამორჩილებულ ხალხების - ყივჩაღების ენა იყო. 1312 წელს უზბეკ-ხანმა ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, ამასთან ერთად ადგილობრივ ხალხებში მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა ტრადიციული კულტურა, წარმართული რწმენები და მართლმადიდებლური ქრისტიანობა. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მონღოლებს ნამდვილად გააჩნდათ თავიანთი სახელმწიფო "იდეოლოგიური უზრუნველყოფა”, ხოლო ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ მოხდა მათი გათქვეფა–აღრევა დაპყრობილ ხალხებში. ეს მეტყველებს ადგილობრივი სუბსტრატის დომინირებაზე, ანუ კავკასიური ეთნოსები მონღოლურზე უფრო კონსოლიდირებული გამოდგა.
არ მიგვაჩნია მართებულად ოსების წარმომავლობაზე - როგორც კავკასიაში სულ ახლახან მოსულ ხალხზე - ხაზგასმა. ცნობილია, რომ ოსური ეთნოსის ჩამოყალიბება დაკავშირებულია ჩრდილოეთ კავკასიის აბორიგენულ მოსახლეობასთან (ყობანის კულტურის შემქმნელებთან, რომელთა ეთნიკური კუთვნილება ჯერ არ არის გარკვეული) და ირანულენოვან ხალხებთან - სკვითებთან, სარმატებთან, ალანებთან. არ არის გარკვეული ბალყარელების, ყარაჩაელების ეთნიკური კუთვნილებაც - 1959 წელს ქალაქ ნალჩიკში ამ ხალხებთან დაკავშირებით სპეციალურად ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაზე მათი წარმომავლობის 14 თეორია დასახელდა. ამიტომ ავტორისათვის უმჯობესი იქნებოდა თავი შეეკავებინა კატეგორიული განცხადებებისაგან ამა თუ იმ ხალხების ეთნიკურ კუთვნილებაზე და მათ დაყოფაზე "ადგილობრივად” და "მოსულებად”.
სადაოა ავტორის მიერ თათებისა და თალიშების ნამდვილ, ძირ-ძველ კავკასიელებად გამოყოფა. მაგალითად, მეცნიერთა ერთი ნაწილი თათებს და მთიელ ებრაელებს ერთ ხალხად მიიჩნევს, მეორე კი სხვადასხვა ხალხებად.
არ შეესაბამება სინამდვილეს ავტორის მტკიცება იმის შესახებაც (აპელირება კეთდება ჯუანშერის ისტორიაზე), რომ ალანები კავკასიაში მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დროს მთავარ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. პირიქით, ამ დროს მთავარი პოლიტიკური ძალა ქართული სამეფო იყო და ვახტანგ მეფის პირად დაცვაში სამასი დაქირავებული ალან-ოსიც მსახურობდა. (იხ. Аланы: история и культура III Владикавказ, 1995,с 105).მე-5 საუკუნის ბოლოს, პირველად, სამი ასწლეულის შემდეგ (ჩვ.წ.აღ. 72 წლიდან), ხდება ალან-ოსების საქართველო-ქართლთან შეჯახება და მათი დამარცხება. ჯუანშერისვე გადმოცემით, დარიალის კარში ვახტანგმა "აღაშენა გოდოლნი მაღალნი” და რომ დღემდე არავის შეეძლო გადმოსვლა "თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა”.
უზუსტობაა ტექსტში მონღოლების შემდგომ ყაბარდოელების განსახლებასთან დაკავშირებით. ოქროს ურდოს დამარცხების შემდეგ ყაბარდოელებს (ადიღე თემთა ერთ-ერთ დიდ გაერთიანებას) არა მარტო ალანთა დასავლური განსახლების ტერიტორია ჰქონდა დაკავებული, არამედ მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილი: დასავლეთით მდინარე ყუბანიდან და აღმოსავლეთით - მდ.სუნჟისა და თერგის შესართავამდე. აქ ყაბარდოელ ფეოდალებს ოსები, ვაინახები მე-16 - მე-17 საუკუნეებში ვასალურ დამოკიდებულებაში ჰყავდათ და ხარკსაც უხდიდნენ.
ბუნდოვანია ავტორის მოსაზრება აზერბაიჯანელთა ეთნოგენეზთან დაკავშირებით. ერთ შემთხვევაში ავტორი აზერბაიჯანელებს კავკასიის მკვიდრ მოსახლეობად მიიჩნევს (თოფჩიშვილი, 2010, 59), მეორე შემთხვევაში კი ჯერ ამბობს, ალბანელები აზერბაიჯანელთა წინაპრებიაო (ქრისტიანები - თავიანთი დამწერლობით), რომლებიც მთლიანად გამქრალანო, მაგრამ იქვე, მისივე მტკიცებით, თურმე "ალბანელები არ გადაგვარებულან” და რომ ისინი თურქულენოვან ხალხში თანამედროვე აზერბაიჯანელებად გარდაქმნილან. გაუგებარია, მაინც რა მოხდა - გამქრალან თუ გარდაქმნილან? (თოფჩიშვილი, 2010, 63).
რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას კავკასიაში, აქაც უზუსტობებია დაშვებული. რუსეთის იმპერია, როგორც ავტორი წერს, ხელს უწყობდა ჩრდილოეთ კავკასიაში არაკავკასიური წარმომავლობის ხალხების - პირველ რიგში რუსების ჩასახლებას. ცნობილია, რომ რუსეთის იმპერატორი, რუსების გარდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კავკასია ქრისტიანული ხალხებითაც, მათ შორის სომხებითა და ქართველებით დაესახლებინა. მცდარია ავტორის მტკიცება, რომ საბჭოთა პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიურ წარმონაქმნებში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას რუსები შეადგენდნენ (თოფჩიშვილი, 2010, 65), შევნიშნავთ, რომ რუსები აბსოლუტურ უმრავლესობას (ადიღეს რესპუბლიკის გარდა), არცერთ ავტონომიურ რესპუბლიკასა თუ ოლქში არ წარმოადგენდნენ (მხედველობაში გვაქვს დაღესტანი, ჩეჩნეთ-ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი). ავტორი ლაპარაკობს საბჭოთა რუსეთის პოლიტიკაზე და რატომღაც ყურადღებას ამახვილებს მე-19 საუკუნეში ჩეჩნეთში მცხოვრებ რუსების ფაქტზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ავტორის მიერ მოტანილი სტატისტიკა რუსების ჩეჩნეთში უმრავლესობაში ყოფნის თაობაზე მის დებულებასვე ეწინააღმდეგება.
ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალმილიონიანი რუსი ეროვნების მოსახლეობის უმეტესობა წარმოდგენილია არა ამ რეგიონის რესპუბლიკებში, არამედ კრასნოდარის, სტავროპოლის მხარეებსა და დონის როსტოვის ოლქში. უნდა ითქვას, რომ აქ მცხოვრები რუსები მიეკუთვნებიან ჩრდილოკავკასიელ მოსახლეობას და თავიანთ თავს კავასიელებად აღიქვამენკავკასიის ეთნიკური მოზაიკა, რომელზეც ავტორი შესავალში მართებულად ლაპარაკობს, როგორც ანტიკური ხანიდან რეგიონის დამახასიათებელ თავისებურებაზე, დასკვნის მიხედვით ისე ჩანს, რომ თურმე ამგვარი მდგომარეობა კავკასიაში რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია (თოფჩიშვილი, 2010, 67).
რ. თოფჩიშვილის ზემოთდასახელებულ მეორე ნაშრომში უარყოფილია კავკასიის ხალხთა ერთიანი ცივილიზაციური კუთვნილება. ავტორს მოჰყავს უამრავი დეფინიციები მის განსაზღვრასთან დაკავშირებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ვერ გადაუწყვეტია რომელ მათგანზე შეაჩეროს ყურადღება. როგორც ნაშრომის ერთ–ერთ გვერდზე ხაზგასმული ნაწილიდან ჩანს, ის მაინც ინგლისელი მეცნიერის გ.ჩაილდის მიხედვით ცივილიზაციის ათ არსებით ნიშანს გამოყოფს (სახელმწიფო ორგანიზაცია; სოციალურად დიფერენცირებული საზოგადოება; მიწაზე მემკვიდრეობითი საკუთრება; დამწერლობა და ა.შ.). რამდენად მართებულია ცივილიზაციის ევროპაცენტრისტული ხედვით სხვა რეგიონების ცივილიზაციური კუთვნილების განსაზღვრა, ამაზე ჩვენ უკვე გვქონდა მინიშნება. მაგრამ, თუნდაც ამ მიდგომითაც კავკასიელი ხალხები, როგორც სამხრეთელები, ასევე ჩრდილოელები, ამ მოთხოვნებს ბევრად აკმაყოფილებენ. რ. თოფჩიშვილის მტკიცებით, „კავკასიის ყველა ხალხს მისთვის დამახასიათებელი ეთნიკური კულტურა გააჩნია, მაგრამ ამ კულტურის ელემენტები მათ საერთო არა აქვთ, არა აქვთ საერთო „ცივილიზაციის" ნიშნები. ჩრდილო–კავკასიელების კულტურა ცივილიზაციაში ვერ გადაიზარდა" (თოფჩიშვილი, 2011, გვ.60).
ავტორი, ახასიათებს რა კავკასიის ცივილიზაციურ კუთვნილებას, დასძენს, რომ „რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს ორ სრულიად სხვადასხვა სამყაროსთან, რომელიც გაყოფილია კავკასიის დიდი წყალგამყოფი ქედით"(თოფჩიშვილი, 2011, გვ.60).
არადა, როლანდ თოფჩიშვილის მსჯელობა ეხება ჩვენს უშუალო მოსაზღვრე ჩრდილოელ მეზობლებს, ეთნოგენეტიკურად დაკავშირებულ ხალხებს, რომლებსაც ქართველებთან ეთნოკულტურული კავშირები არასდროს გაუწყვეტიათ. შემთხვევითი არ არის, რომ ივ.ჯავახიშვილი ხაზს უსვამდა – ქართველებისთვის მოსაზღვრე რაიონებში ორენოვნება ჩვეულებრივი ამბავი იყოო. ეს იმ ხალხებზეა ლაპარაკი, რომლებმაც შექმნეს მსოფლიო კულტურის შედევრი „ნართული ეპოსი". აქვე აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლოა რ.თოფჩიშვილის კრიტიკა ცნობილი კულტუროლოგის ვსევოლოდ დავიდოვიჩის მიმართაც. ჩემთვის სრულიად გაუგებარია ავტორის აღშფოთება, რომლის თანახმად, დავიდოვიჩი თურმე „ქართული მწერლობის შედევრს „ვეფხისტყაოსანს" აგდებით მოიხსენიებს, როდესაც ამ ნაწარმოებსა და „ნართების" ეპოსს ერთმანეთს ადარებსო"(თოფჩიშვილი,2011,გვ.32). არადა დავიდოვიჩი, რომელიც კავკასიელ ხალხთა ცივილიზაციის საერთო მახასიათებლებზე წერს, მხოლოდ ხაზს უსვამს ამ ორ ნაწარმოებში ასახულ მსგავს სულიერ სიუჟეტებს, რომლებიც, ვიმეორებ, მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურს წარმოადგენენ.აი, როგორ წერს ვსევოლოდ დავიდოვიჩი: «Совпадают многие черты духовной культуры. В эпосе «Нарты» есть то, что роднит его со строками Шота Руставели» ( „Научная мысль Кавказа» №2, 2000 с.28-29) .
რატომ დუმს რ.თოფჩიშვილი საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებზე, რომ ჩრდილო კავკასიელებს და კერძოდ, ადიღების წინაპრებს – მეოთებსა და სინდებს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში – ძვ.წ.აღ. მე–5 საუკუნეში ჰქონდათ შექმნილი სახელმწიფო სინდიკა? დაღესტნელი ხალხების დიდი ნაწილი ხომ კავკასიის ალბანეთის სახელმწიფოში იყო გაერთიანებული. „ქართლის ცხოვრებიდან" ხომ ვიცით, რომ ქართველთა დიდმა მეფემ ფარნავაზმა ძურძუკთა მეფის ასული შეირთო ცოლად. აღარაფერს ვლაპარაკობთ შუა საუკუნეების ჩრდილოკავკასიელების სახელმწიფოებრიობის ტრადიციაზე (ალანიის სამეფო, ხაზარიის ხაკანატი, სერირი, 11–12 სს.საქართველოს ეგიდით გაერთიანებული კავკასია, დარუბანდი, კაიტაგი, სიმსიმი – ვეინახები, ყაბარდო და სხვა).
აღსანიშნავია აგრეთვე ადიღური ეტიკეტის „ადიღე ხაბზეს" მნიშვნელობა, სადაც გაწერილია ადამიანის ყოფა–ქცევის მორალურ–ზნეობრივი ნორმები დაბადებიდან გარდაცვალებამდე. შემთხვევითი არ არის, რომ მას ბევრი მკვლევარი იაპონური სამურაის კოდექსსაც კი ადარებს.მათივე მაღალი კულტურის ნაყოფია უნიკალური ყაბარდოული ცხენის ჯიშის გამოყვანა. იტალიელმა მოგზაურმა, მეცნიერმა ჯორჯო ინტერიანომ კი ჩერქეზებს კავკასიაში მოდის ფუძემდებლები უწოდა.
რაც შეეხება მიწაზე კერძო საკუთრების ტრადიციას: დაღესტნელი პროფესორი ხ.მ. ხაშაევი აღნიშნავს, რომ მისი წინაპრებისთვის ჯერ კიდევ ანტიკური ხანის დასასრულს იყო ცნობილი კერძო საკუთრება ტერასულ მიწის კუთვნილებაზე. მიმაჩნია, რომ ქ.დარუბანდითა და აულ ყუბაჩის ტრადიციებით, იქაური ვაჭრებითა და ხელოსნებით ნებისმიერი ცივილიზაციის – ევროპელი თუ აღმოსავლელი ადამიანი იამაყებდა. აღარაფერს არ ვამბობ იმამ შამილის მიერ ჩამოყალიბებულ სახელმწიფოზე, რომელიც 25 წლის მანძილზე უმკლავდებოდა ერთ–ერთ უძლიერეს იმპერიას.
არ მგონია რასულ გამზათოვის, ყაისინ ყულიევის, ალიმ კეშოკოვის, მაჰმუდ ესამბაევის, იური ტემირყანოვის, ჯოხარ დუდაევის და სხვა გამოჩენილი ჩრდილოკავკასიელი ხალხების წარმომადგენლების წინაპრები ცივილიზაციის მიღმა ყოფილიყვნენ.
უნიკალურია კავკასიის აგრარული ცივილიზაციის ტრადიციული საკომუნიკაციო კულტურა – სტუმართმოყვარეობა და მასთან დაკავშირებული „სუფრის", ათალიყობის, ყონაღობის, ძმადნაფიცობის, სასიგნალო სისტემის და სხვა ინსტიტუტები. ფაქტიურად, რ.თოფჩიშვილის მიერ ყოველივე ამას ყურადღება არ ექცევა და როცა ის კავკასიაში სხვადასხვა ჯგუფების მიგრაციაზე ლაპარაკობს, დაასკვნის, რომ ასეთ გადასახლებებს რაიმე სიმპტომიც კი არ ჰქონდა კულტურათა დასაახლოებლადო . არადა, ჩვენ ვიცით, რომ „ადიღე–ხაბზეს" თანახმად, ნათესავებს შორის მეშვიდე თაობამდე ქორწინება იკრძალებოდა, რაც ხელს უწყობდა ახალგაზრდას ოჯახის შესაქმნელად ხშირად მეზობელი ეთნოსისათვის მიემართა. ამით, რა თქმა უნდა, ეთნოსთაშორისო კულტურულ დილაოგს ხელი ეწყობოდა.
პოსტსაბჭოურ კავკასიაში, სადაც საზოგადოების კულტურულ-ცივილიზაციური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ეთნოსი კვლავ რჩება რეგიონის ქვეყნების სოციალურ-კულტურული თვითორგანიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორად.
ამავე დროს რეალობაა ისიც, რომ კავკასიაში ზოგიერთ შემთხვევაში ეთნოცენტრიზმი, ეთნოეტატიზმი და სხვა ნეგატიური მოვლენები ხშირად თავს იჩენენ, რასაც ეთნოკონფლიქტებამდე და ქსენოფობიამდე მივყავართ. ყველა ვხედავთ, რომ ამით, სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონი გამორჩეულია.
მართალია, ბატონი რ.თოფჩიშვილი ხაზს უსვამს, რომ თუ კავკასია ერთიანი ცივილიზაციის მქონე რეგიონად მიგვაჩნია, მაშინ რატომ ხდება ამდენი კონფლიქტი და რატომაა ვაჰაბიზმი „ფართოდ" გავრცელებულიო, ამას თავისი ობიექტური ახსნა აქვს: რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ბუნდოვანი კავკასიური პოლიტიკა და ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტაზე კონტროლის დაწესებით გამოწვეული უკმაყოფილებაა. რაც შეეხება ვაჰაბიზმს, ეს რელიგიური მიმდინარეობა ისე ფართოდ არაა გავრცელებული, როგორც ამას ამტკიცებს ავტორი (მოსახლეობის 5–7%) და თუ მაინც გავრცელდა, ეს განაპირობა მოსახლეობის მცირე ჯგუფების რადიკალიზმმა, რომლებიც ძალზე კრიტიკულად არიან განწყობილი პოსტსაბჭოური პერიოდის ნეგატიური მოვლენების მიმართ (კორუფცია, უმუშევრობა, ნარკომანია და ა.შ.). ვაჰაბისტები სწორედ ამ უარყოფით პროცესებს აკრიტიკებენ, რითაც მოსახლეობის გარკვეულ „სიმპათიებს" იწვევენ.
რაც შეეხება ეთნიკურ კონფლიქტებს და ტერორიზმს, ისინი არ არიან მხოლოდ კავკასიური წარომომავლობისა და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, გავიხსენოთ ბალკანეთში მომხდარო ომები, გავიხსენოთ ჩრდილოეთ ირლანდია, გავიხსენოთ ესპანეთი.... საკმარისია? ასე რომ, ტერორიზმი და ტერორისტები ყველა რეგიონში, მათ შორის ცივილიზებულშიც გვხვდება და კავკასია ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. შესაბამისად, იბადება კითხვა: რატომ აიგივებს ბატონი თოფჩიშვილი მხოლოდ კავკასიელებს ტერორისტებთან და რაში გამოიხატება ამ მოვლენის დაკავშირება კავკასიელი ხალხების ცივილიზაციურობასთან?(თოფჩიშვილი,2011,გვ.59).
მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ 21-ე საუკუნის მსოფლიოში სულ სხვა პროცესებიც მიმდინარეობს. ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით დაწყებულია ადამიანის ჩამოყალიბება ინტეგრალური აზროვნების დომინანტური მატრიცით (ამის კარგი მაგალითია ევროკავშირის ქვეყნები). ასეთ ვითარებაში კონფლიქტოგენურ კავკასიაში აუცილებელია ადამიანის აზროვნებაში სიღრმისეული ცვლილებები მოხდეს. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა კავკასიის ხალხთა ისტორიაში ნეგატიური ნარატივი პოზიტიურით შეიცვალოს. ასეთი მიდგომა დამახასიათებელი იყო დასავლეთის ქვეყნებისათვის მოდერნიზაციულ და პოსტმოდერნიზაციულ პერიოდში. ვფიქრობ, ჩვენთან ყოველივე ამას უნდა ახლდეს კავკასიური ცივილიზაციის იდეოლოგიურ საფუძვლად აღიარება რეგიონში მცხოვრებ ხალხთა ინტეგრაციის მიზნით.

2011 წლის ივნის–ივლისი
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 3379 | დაამატა: მამუკა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]














ინსტიტუტის ბლოგი

ისტორიული წყაროები

რომი და კავკასია

ინგლისური ბლოგი

დოკუმენტური მასალები

ლიტერატურის ინსტიტუტი

ბიბლიოგრაფია

ეროვნული ბიბლიოთეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა© უფლება დაცულია. ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.